ახალმა რეგულაციებმა ჯერჯერობით მხოლოდ ტაქსით მგზავრობის ფასი გაზარდა და რამდენიმე ასეული ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა" />

თეთრი ტაქსები ფერადი ტაქსების წინააღმდეგ. თბილისში ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი დაიწყო

ახალმა რეგულაციებმა ჯერჯერობით მხოლოდ ტაქსით მგზავრობის ფასი გაზარდა და რამდენიმე ასეული ოჯახი შემოსავლის გარეშე დატოვა

ავტომობილები თბილისის ქუჩაში

2019 წლის 1 ოქტომბრიდან, ქალაქის მერიის დადგენილებით, ქალაქში მოძრავი ყველა კერძო ტაქსის ფერი თეთრი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ტაქსის ნიშნის დამაგრების და მგზავრების ქუჩაში აყვანის უფლება არ ექნებათ. 

ქვეყანაში, სადაც უმუშევრობის დონე ოფიციალურად 20 პროცენტი, არაოფიციალურად კი, გაცილებით დიდია, ბევრი სწორედ ტაქსის მძღოლად იყო თვითდასაქმებული და ასე არჩენდა ოჯახს. ახალმა რეგულაციებმა კი, მათ მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა. 

რეგულაციებით უკმაყოფილო არიან რიგითი მოქალაქეებიც. ისინი ჩივიან, რომ რეგულაციების შემოღებისთანავე ტაქსის საფასური გაძვირდა.

___________________

1 ოქტომბრიდან თბილისში ორი კატეგორიის  ტაქსები ივლიან. ა კატეგორიის ყველა ტაქსი არის თეთრი ფერის, აქვს ხუთი კარი  (საბარგულის ჩათვლით) და მარცხენა საჭე. ამ კატეგორიის ტაქსები პრივილეგირებულები არიან – მათთვის დედაქალაქში პარკინგი უფასოა. ასევე, სხვა ფერის ტაქსებისგან განსხვავებით, მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსებს შეუძლიათ ქუჩიდან მგზავრების აყვანა და მხოლოდ თეთრ ტაქსებს აქვთ უფლება ტაქსის ნიშნით იარონ.

• მოსახლეობის ნახევარი კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. როგორ ცხოვრობენ საქართველოში?

დანარჩენი, ანუ სხვა ფერის (არა თეთრი) ტაქსები ბ კატეგორიაში მოხვდნენ. ა კატეგორიის ტაქსებისგან მათ მხოლოდ ფერი განასხვავებთ და ამის გამო გაცილებით ნაკლები უფლებები აქვთ, ვიდრე ა კატეგორიის ტრანსპორტს.

მაგალითად, ფერადი მანქანა ვერ დაიმონტაჟებს ტაქსის ნიშანს, ანუ მგზავრი ვერ მიხვდება, რომ ეს ტაქსია. თუმცა, ქუჩაში მგზავრის აყვანის უფლება ბ კატეგორიის მანქანებს ისედაც არ აქვთ. მაგალითად, თუ ლურჯი ან ვერცხლისფერი ფერის ტაქსი ქუჩაში მგზავრს აიყვანს, მძღოლი დაჯარიმდება.

ბ კატეგორიის ტაქსების მძღოლებს უფლება აქვთ გაერთიანდნენ ისეთ სერვისებში, როგორიცაა Bolt და YandexTaxi და მხოლოდ ონლაინ-აპლიკაციებში გამოძახებების მეშვეობით მოემსახურონ დედაქალაქის მოსახლეობას.

ორივე კატეგორიის ტრანსპორტისთვის საერთო ისაა, რომ რა ფერისაც არ უნდა იყოს ტაქსი, ის ვალდებულია ჰქონდეს სპეციალური ლიცენზია და ასევე წელიწადში ორჯერ გაიაროს ტექდათვალიერება.

ტაქსების რეფორმა

ფაქტობრივად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტაქსების ბიზნესი თბილისში კანონით არ რეგულირდებოდა. “ტაქსაობა” ნებისმიერ ავტომფლობელს შეეძლო, რომელიც მანქანაზე მანათობელ ნიშანს დააყენებდა.

ქალაქში ტაქსების ლიცენზირების აუცილებლობის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 2017 წელს განაცხადა.

თბილისის მერიამ ტაქსის რეგულაციების ამოქმედება ეტაპობრივად გადაწყვიტა. 2018 წლის 1 ოქტომბრიდან კანონი ტაქსების მფლობელებს ლიცენზიების აღებას და ტექდათვალიერების გავლას ავალდებულებს.

რეფორმის ეს ნაწილი დადებითად შეაფასეს ექსპერტებმაც და მოქალაქეების დიდმა ნაწილმაც, თუმცა რეფორმის ფარგლებში შემოღებული კიდევ ერთი ინიციატივა – ტაქსების თეთრად გადაღებვა ბევრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

2019 წლის 1 ოქტომბრიდან კი, ქალაქის მერიის დადგენილებით, ქალაქში მოძრავი ყველა კერძო ტაქსის ფერი თეთრი უნდა იყოს. მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალება.

ტაქსების გადასაღებად მერიამ მძღოლებს 800 ლარიანი გადაღებვის ვაუჩერი შესთავაზა. თუმცა, მძღოლები ამით უკმაყოფილოები დარჩნენ, რადგან, მათი თქმით, მანქანის შეღებვის ფასები მერიის მიერ გამოყოფილ თანხაზე მაღალია. გარდა ამისა, გადაღებილი მანქანის ფასი მისი გაყიდვის შემთხვევაში კლებულობს.

აღნიშნული ინიციატივა თავად თბილისის მერისგან, კახი კალაძისგან მოდის. მისი თქმით, ეს ქალაქის იერ-სახის გასალამაზებლად კეთდება. მას ევროპული ქვეყნების ქალაქები მოჰყავს მაგალითებად, სადაც ერთი ფერის ტაქსები მოძრაობენ.

პირველი შედეგები და შეფასებები

ტაქსების კატეგორიებად დაყოფის პროცესი 1 ოქტომბერს დაიწყო და შემდგომაც გრძელდება. იმისთვის, რომ ტაქსის კატეგორია მიენიჭოს, მან ჯერ ტექდათვალიერება უნდა გაიაროს.

თბილისის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისში 26 ათასი ლიცენზირებული ტაქსია. აქედან,  ტექდათვალიერება ვერ გაირა 30 პროცენტმა. დარჩენილი 70 პროცენტიდან ნახევარზე მეტმა კი  კატეგორიზაციის პროცესი უკვე გაიარა და მათ შორის 24 პროცენტი ა კატეგორიაში მოხვდა.

თუ ამ მონაცემებს შევაჯამებთ, გამოდის, რომ დღეისათვის ლიცენზირებული 26 ათასი ტაქსიდან მხოლოდ 2000-2500 ტაქსის აქვს მინიჭებული ა კატეგორია.

ამ რეფორმას დიდი კრიტიკა მოჰყვა როგორც ოპოზიციის, ისე ტაქსის მძღოლებისა და მომხმარებლების მხრიდანაც.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, პარლამენტში გამოსვლისას თბილისის მერიის ინიციატივას ტაქსების გადაღებვის თაობაზე კორუფციული უწოდა:

„დღეიდან 24 ათასი ტაქსის მძღოლი დაჯარიმდება იმ ახირების და კორუფციული ინიციატივის გამო, რომელიც მერიიდან მოდიოდა. თეთრი ფერით მანქანების გადაღებვით აბსოლუტურად არაფერი იცვლებოდა ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობისა და მგზავრთა უსაფრთხოების კუთხით,“ – აღნიშნა გოცირიძემ. 

უარყოფითად აფასებს რეფორმას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „ჰაბ ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძეც:

„ის რეგულაციები, რომელიც თბილისის მერიამ შემოიღო არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ამ სფეროში არსებობდა. მთავარი ამოცანა იყო გაუმჯობესებულიყო ტაქსის სერვისი ქვეყანაში და განსაკუთრებით თბილისში, თუმცა თბილისის მერიამ ნაცვლად იმისა, რომ გაეთვალისწინებინა ჩვენი რეკომენდაციები, აირჩია რეგულაციების გზა, რომელიც საერთოდ გაუგებარია„ -განაცხადა ურუშაძემ.

ახალ რეგულაციებს მთელი დღის განმავლობაში განიხილავდნენ ფეისბუკზე. მომხმარებლები წერდნენ, რომ 1 ოქტომბერს მნიშვნელოვნად გაძვირდა ტაქსის გამოძახება და ისეთი სერვისები, როგორიცაა Bolt-ი და YandexTaxi.

თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე თბილისელებს ურჩევს, არ აჩქარდნენ, რადგან “პირველი ოქტომბერი არის რეფორმის დასაწყისი და არა დასასრული“. მისი თქმით, შემდგომ პერიოდში რეფორმა მნიშვნელოვნად დაიხვეწება.


ასევე წაიკითხეთ