მირანდა ფაღავა აპირებს თავშესაფარი ითხოვოს ევროპულ ქვეყანაში, რადგან მისი თქმით, საქართველოში ცხოვრება ტრანსგენდერისთვის გაუსაძლისია" />

თბილისში ტრანსგენდერი ქალი სასტიკად სცემეს

მირანდა ფაღავა აპირებს თავშესაფარი ითხოვოს ევროპულ ქვეყანაში, რადგან მისი თქმით, საქართველოში ცხოვრება ტრანსგენდერისთვის გაუსაძლისია

თბილისში 23 წლის ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას დაესხნენ თავს.

თავდასხმის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ ფეიბუკ-გვერდზე გაავრცელა.

ფაღავა წერს, რომ 28 იანვარს, გამთენიისას, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიასთან უცნობმა მამაკაცმა სცემა.

როგორც ფაღავა წერს, მარკეტში ფულის დასახურდავებლად შესვლისას უცხო მამაკაცმა დაუძახა და მასთან მისვლა სთხოვა. თხოვნა შემდეგ ყვირილში გადაიზარდა. მისი თქმით, პოლიციაში მაშინვე ვერ დარეკა, რადგან ტელეფონი დამჯდარი ჰქონდა.

ფაღავას თქმით, კაცმა მიახლოებისთანავე დაარტყა, შემდეგ აგინა და მარკეტის შესასვლელში მდგარი რკინის დაფა რამდენჯერმე ჩაარტყა.

ფაღავამ იქვე მდგარ ჯიხურების გამყიდველებს სთხოვა პატრულისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება, თუმცა დახმარებაზე ყველამ უარი თქვა.

„სახე დასიებულ-დასისხლიანებული მქონდა, ქუთუთოზე მაქვს ღია ჭრილობა, დაახლოებით 2-3 სმ. შიშისგან ვკანკალებდი და ვტიროდი, ტანსაცმელი შემოხეული მქონდა და იქვე მდგარი სადღეღამისო ჯიხურების გამყიდველებს ვთხოვდი პატრული და სასწრაფო დახმარება გამოეძახებინათ, თუმცა ყველამ უარი თქვა დახმარებაზე“, — აცხადებს ფაღავა, რომელმაც ფეისბუკზე ფოტოც დადო, სადაც ჩანს, რომ იგი სასტიკად ნაცემია.

რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მირანდა ფაღავა ამბობს, რომ ეს მასზე თავდასხმისა და აგრესიის პირველი შემთხვევა არ არის. ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ მისთვის რთულია საქართველოში ცხოვრება და იგი აპირებს თავშესაფარი ითხოვოს რომელიმე ევროპულ ქვეყანაში.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ამოღებულია ქუჩის კამერების ჩანაწერები.

საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცის ერთ-ერთი გამონაკლისი ქვეყანაა, სადაც ანტიდისკრიმინაციული კანონი მოქმედებს, რომელიც ლგბტ პირთა მიმართ ძალადობას კრძალავს, თუმცა აღნიშნული კანონი არ ცვლის ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონს. 

მირანდა ფაღავაზე თავდასხმა არ არის ტრანსგენდერი ქალების მიმართ აგრესიის პირველი შემთხვევა. გასული წლის თებერვალში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა 4 ტრანსგენდერი ქალი, რომელთაც 10 ადამიანი “დუბინკებით” დაესხა თავს.

2016 წლის ოქტომბერში სასიკვდილოდ სცემეს ტრანსგენდერი ქალი ზიზი შიყილაძე, რომელიც ერთთვიანი კომის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

2014 წლის ნოემბერში ნაქირავებ ბინაში მოკლული იპოვეს 23 წლის ტრანსგენდერი ქალი საბი ბერიანი.


ასევე წაიკითხეთ