თბილისში რამდენიმე საათია ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს: დაკავებულია ერთი პირი, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი " />

ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების ასაყვანად სამართალდამცველებმა კორპუსზე შტურმი დაიწყეს

თბილისში რამდენიმე საათია ანტიტერორისტული ოპერაცია მიმდინარეობს: დაკავებულია ერთი პირი, დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი

REUTERS/ირაკლი გედენიძე

ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სამართალადცველებმა შტურმი დაიწყეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სპეცრაზმი ცდილობს საცხოვრებელი კორუსის ბინაში შეღწევას, თუმცა არსებული ინფორმაციით, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები წინააღმდეგობის გაწევას კვლავაც განაგრძობენ.

საცხოვრებელი ბინის ფანჯრებიდან ისინი ხელყუმბარებს ისვრიან.

კორპუსი, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები იმყოფებიან, სამართალდამცველებს ალყაში აქვთ მოქცეული. არის ორმხრივი სროლა.

სუს-ი პირველ კომენტარს აკეთებს: დაკავებულია ერთი პირი, სპეცოპერაცია გრძელდება

“გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულია ერთი ადამიანი”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

უწყების ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაცია სხვა პირების დასაკავებლად გრძელდება. უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად აღნიშნული პირების ვინაობის სრული იდენტიფიკაცია და მათი სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირების დადგენა მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

„წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები არ არიან საქართველოს მოქალაქეები და ისინი არიან ტერორისტული ორგანიზაციის წევრები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რამდენიმე საათის განმავლობაში სპეცოპერაციის საწყის ეტაპზე აწარმოებდა მათთან მოლაპარაკებებს, ჩაბარების თაობაზე, რაზეც მათ უარი განაცხადეს. გახსნეს ცეცხლი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან და ხელყუმბარები ისროლეს. სროლის შედეგად უსაფრთხოების სამსახურის ერთი თანამშრომელი დაიჭრა“, – განაცხადა სუს-ის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა სპეციალურ ბრიფინგზე.

როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილობრივი მაცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან იმ კორპუსის სადარბაზოდან, რომელშიც უშუალოდ მიმდინარეობდა სპეცოპერაცია და ასევე მიმდებარე ტერიტორიიდან.

მანვე აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის მიყენებული ზარალი მათ სრულად აუნაზღაურდებათ.

სპეცოპერაცია გვიან ღამით დაიწყო

თბილისის ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც რამდენიმე საათია გრძელდება სპეცოპერაცია ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მყოფ პირთა დასაკავებლად, ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეიყვანეს.

სპეცოპერაცია გუშინ გვიან ღამით დაიწყო.

ოპერაციას ატარებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი.

ბერი გაბრიელის ქუჩაზე მთელი ღამის განმავლობაში ისმოდა სროლებისა და აფეთქებების ხმა. ოფიციალური ინფორმაციით, თავის არეში დაჭრილია ერთი სპეცრაზმელი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

სამართალდამცველები არ აკონკრეტებენ თუ ვინ არიან კორპუსში გამაგრებული პირები.

ცნობილია მხოლოდ ის, რომ ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან (უცნობია კონკრეტულად რომელი ქვეყნის). ისინი, სავარაუდოდ, ორნი არიან და ტერორიზმში არიან ეჭვმიტანილნი.

ოპერაციის დაწყებამდე განხორციელდა კორპუსის მცხოვრებთა ევაკუაცია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებთა უსაფრთხოება დაცულია. ამასთან, ევაკუაციას ითხოვდნენ მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებიც. დილის 11 საათისთვის მოსახლეობამ სამართალდამცავების დახმარებით დაიწყო საცხოვრებელი კორპუსებიდან გამოსვლა. სროლის და აფეთქებების შედეგად დაზიანებულია რამდენიმე ბინა.


ასევე წაიკითხეთ