ორგანიზატორების თქმით, მწვავე აქციებს ყოველკვირეულად გამართავენ და ხელისუფლებას "სიცოცხლეს გაუმწარებენ"" />

თბილისში პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეები საპარლამენტო სესიის ჩაშლას გეგმავენ

ორგანიზატორების თქმით, მწვავე აქციებს ყოველკვირეულად გამართავენ და ხელისუფლებას "სიცოცხლეს გაუმწარებენ"

სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები 19 ნოემბერს კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტთან. აქციის ორგანიზატორებმა 25 ნოემბერს აქცია-პიკეტი დააანონსეს. ისინი საპარლამენტო სესიის ჩაშლას გეგმავენ.

„ყოველ კვირას სიცოცხლეს გაგიმწარებთ“, – ასე მიმართა სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა „ქართულ ოცნებას“. აქტივისტები უარს ამბობენ ძალადობრივ დაპირისპირებაზე და ყოველკვირეულად მშვიდობიანი მანიფესტაციის გზას ირჩევენ.

“იქნება ძალიან დიდი აქცია და თუ დეპუტატებს, რომლებიც მხოლოდ ფულის ან შიშის გამო არიან პარლამენტში, შესვლა მოუნდებათ, მაშინ ქართული პოლიცია უნდა წავიდეს ქართველი ხალხის წინაშე და ჩვენ, მშვიდობიანი, არაძალადობრივი ფორმით მოპროტესტე მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიები, ყველა მინუს ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ ყველა უნდა გაგვწირონ, როგორც გაგვწირეს, კიდევ მოიყვანონ ის წყლის მანქანა, კიდევ გამოიყვანონ 5 ათასი პოლიციელი, ჩააცვან იარაღი, გვბეგვონ…

ის [ქართული ოცნება] მთელი წელი ვერ გაუძლებს და თუ გაუძლებს, მაშინ როცა მოვა არჩევნები, რა მოდელიც არ უნდა იყოს, იმ მოდელს წააგებს”, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

პროტესტის მონაწილეების მათი მთავარი მოთხოვნა უცვლელია: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. ასევე მოთხოვნებს შორისაა 20 ივნისს დაკავებული პირების გათავისუფლება, ცესკოსა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები.

სასამართლო დარბაზიდან ყველა დაკავებული გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ 18 ნოემბრის საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ყველა პირი, ჯამში 37 ადამიანი გაათავისუფლა. მათი სასამართლო პროცესები 20 ნოემბერს გაიმართება.

აქტივისტების გათავისუფლებას დარბაზში მყოფი მათი ახლობლები და სამოქალაქო აქტივისტები ტაშით და შეძახილებით -“შეცვალე” ხვდებოდნენ. დაკავებულებს გამოძიება სამართალდამცველთა მიმართ დაუმორჩილებლობასა და ხულიგნობას ედავება.

გათავისუფლებას წინ უძღოდა დაკავებულ პირთა საქმის გაჭიანურებული განხილვა. მოსამართლემ პროცესები 19 ნოემბერს დილის 10 საათის შემდეგ რამდენჯერმე გადადო და მხოლოდ გვიან ღამით მიიღო დაკავებულების გათავისუფლების გადაწყვეტილება.

პოლიტიკოსები სასამართლოში ხელისუფლების გავლენაზე საუბრობდნენ.

„ივანიშვილმა დაავალა სასამართლოს, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შეუქმნას ადამიანებს. ამით ვერაფერს დააკლებთ ვერც ერთ დაკავებულს. ჩვენი პროტესტი კიდევ უფრო მძლავრი იქნება, მათი პროტესტი, პირველ რიგში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ახლა სასამართლო, როგორც გუშინ სპეცრაზმი, არის ბიძინა ივანიშვილის მსახურებაში და არა კანონის“, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” წარმომადგენელმა ელენე ხოშტარიამ.

დღის განმავლობაში კი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან კადრები გავრცელდა, სადაც დაკავებულები საქართველოს ჰიმნს მღერიან.

აქციის დაკავებულმა მონაწილეებმა წინასწარი დაკავების იზოლატორში ჰიმნი შეასრულეს

ექსკლუზიური კადრები წინასწარი დაკავების იზოლატორიდან – მომიტინგეები საქართველოს ჰიმნს ასრულებენ

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

რაც შეეხება აქციაზე დაშავებულებს. ოფიციალური ინფორმაციით სულ დაშავდა 5 პირი, 3 მათგანი უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. 2 პოლიციელი კი კვლავ რჩება სამკურნალო დაწესებულებაში. დაზარალებულებს შორისაა აქციის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი მღებრიშვილი, რომელსაც მაჯის მოტეხილობა ჰქონდა წყლის ჭავლის შედეგად.

საპარლამენტო ოპოზიცია პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

პროტესტის მწვავედ გაგრძელებას გეგმავს ოპოზიციაც. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ ოპოზიციის წარმომადგენლებმა ერთობლივი გადაწყვეტილება მიიღეს.

“სამოქმედო გეგმა გამზადებულია, სახელწოდებით – „მაინც დაგაბოქლომებთ“, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრის სხვა მონაწილეებმაც აღნიშნეს, რომ პროტესტი იქნება კიდევ უფრო მწვავე და არა მხოლოდ ერთ, ან ორ ადგილას.

საპარლამენტო ოპოზიციამ, კერძოდ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“, ასევე რამდენიმე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ბოიკოტი გამოუცხადეს საპარლამენტო საქმიანობას და განაცხადეს, რომ სესიებს არ დაესწრებიან. ნაციონალური მოძრაობის წევრმა რომან გოცირიძემ საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზიც კი დალუქა. რაც მოგვიანებით მანდატურებმა გახსნეს.

„როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება. ნაციონალური მოძრაობის აქცია პლენარულ სესიას უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილის პოლიტიკურად გაკოტრებულმა გუნდმა ამ დარბაზში შეაღწიოს. ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე“, – უთხრა რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს.

გოცირიძემ პარლამენტის სესიის დარბაზს ბოქლომი დაადო

ამ დარბაზში პლენარული სხდომა არ ჩატარდება – გოცირიძემ პარლამენტის სესიის დარბაზს ბოქლომი დაადო

Posted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on სამშაბათი, 19 ნოემბერი, 2019

მთავრობა და უმრავლესობა უკან დახევას არ აპირებს

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ სამართალდამცავები მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში და თუ საჭირო გახდა, სახელმწიფო და პოლიცია გააკეთებს იგივეს.

“გადაკეტილი ქუჩები, ეს ცეცხლი და ბარიკადები აღმართული თბილისის ქუჩებში გარდა იმისა, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს სერიოზულ პრობლემას უქმნის, არის აბსოლუტურად მიუღებელი.პოლიტიკური პროცესი უნდა მიმდინარეობდეს პარლამენტში, მედიაში, საარჩევნო ურნასთან ან უნდა მიმდინარეობდეს კანონის ფარგლებში გამოხატვის უფლების გათვალისწინებით,” – აღნიშნა გახარიამ.

მისი თქმით, აქციის მონაწილეები მთავარ სახელმწიფო ინსტიტუტს და ხალხის არჩეულ დეპუტატებს, ფაქტობრივად, თავს დაესხნენ.

პრემიერის პოზიციას იზიარებენ უმრავლესობის წევრებიც. პარლამენტის თავმჯდომარემ გააკრიტიკა ოპოზიციური ლიდერების ქმედებები პარლამენტის პიკეტირების გამო და მოიწონა ხელისუფლების გადაწყვეტილება აქციის დაშლის შესახებ.

უმრავლესობის წევრი მაჟორიტარებმა კი ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წარმოადგინეს. ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტი სრულად მაჟორიტარული სისტემით უნდა დაკომპლექტდეს.


ასევე წაიკითხეთ