სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა" />

თბილისი ოსური და რუსული საჯარისო ფორმირებების გაერთიანებას მიუღებელ და არალეგიტიმურ ნაბიჯად აფასებს

სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი რუსეთის არმიის შემადგენლობაში შევა

თბილისში მწვავე შეფასებები მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემულ განკარგულებას, რომლის თანახმად ცხინვალის სამხედრო შენაერთების ნაწილი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში გაერთიანდება.

ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაავალა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით, სამხრეთ ოსეთის მხარესთან მოლაპარაკება დაიწყოს ოსი სამხედროების რუსეთის არმიის შემადგენლობაში მიღებასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტ პუტინის განკარგულება სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ ინტერნეტპორტალზე 14 მარტს გამოქვეყნდა და ის ეყრდნობა შეთანხმების პროექტს, რომელსაც რუსეთის მთავრობამ 13 მარტს დაუჭირა მხარი.

„ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, არის ჩვენთვის მიუღებელი და ვგმობთ ნებისმიერ ასეთ ნაბიჯს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

თბილისი პრობლემის დარეგულირების პროცესში საერთაშორისო თანამეგობრობის დახმარების აუცილებლობას ხედავს. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ნებისმიერი ე. წ. ხელშეკრულება სრულიად არალეგიტიმურია და სამართლებრივად არაფერს ცვლის, თუმცა საერთაშორისო თანამეგობრობას არასოდეს რჩება ყურადღების მიღმა რუსეთის მიერ კონფლიქტის დარეგულირების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

ოპოზიცია კი ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„საერთაშორისო ზეწოლა ამ მიმართულებით არის შეჩერებული, რადგან ჩვენი ხელისუფლება არის სრულიად უმოქმედო და საქართველოს საკითხი სრულიად გამქრალია, მაშინ, როდესაც უკრაინასთან მიმართებით სანქციები არის ამოქმედებული რუსეთის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა სერგო რატიანმა.

პუტინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით აგრესიის საშიშროების გაზრდაზე საუბრობის ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი და საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტი, ბათუ ქუთელია.

„ ამ გადაწყვეტილებით იზრდება შეხების წერტილი ჩვენი სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების,რომლებიც საოკუპაციო ხაზზე არიან და ამასთან იზრდება რუსეთის მხრიდან პრობოკაციის ალბათბაც,“-აცხადებს ბათუ ქუთელია

სამხრეთ ოსეთის ქვედანაყოფების რუსულ ჯარში გაერთიანების გეგმაზე ჯერ კიდევ 2015 წლის მარტში განაცხადეს, მაშინ, როდესაც მოსკოვმა და ცხინვალმა “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ დადეს შეთანხმება. კერძოდ, ამ შეთნხმების მეორე მუხლის მეორე პუნქტში ნათქვამი იყო, რომ რუსეთი უზრუნველყოფს სამხრეთ ოსეთის თავდაცვასა და უსაფრთხოებას, და ამ მიზნით, მხარეთა შეთანხმებისამებრ, რესპუბლიკის “სამხედრო ძალთა და უსაფრთხოების ორგანოთა ცალკეული ქვედანაყოფები შედიან რუსეთის ფედერაციის სამედრო ძალთა და უსაფრთხოების ორგანოთა შემადგენლობაში”.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები, ტერმინები და პოზიცია მთლიანად ავტორს ეკუთვნის და, შესაძლოა, რედაქციის აზრს არ ემთხვეოდეს. 

ასევე წაიკითხეთ