ყველაფერი კანდიდატებზე და იმის შესახებ, თუ ვის უჭერს მხარს რუსეთი" />

ვინ გაიმარჯვებს აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში

ყველაფერი კანდიდატებზე და იმის შესახებ, თუ ვის უჭერს მხარს რუსეთი

აფხაზეთში 25 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებია. კენჭს 9 კანდიდატი იყრის, მათ შორის, მეორე ვადაზე მიდის მოქმედი პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

წლის დასაწყისიდან ადგილობრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – ერთ-ერთია წამყვანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ასლან ბჟანიას სავარაუდო მოწამვლა, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი იყო და არჩევნებზე ფავორიტად მიიჩნეოდა.

აფხაზეთი – დააფრთხობს თუ არა არჩევნები ტურისტებს  

საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში როგორც მომგებიანი ბიზნესი 

კითხვის ქვეშ რჩება თურქეთში ხმის მიცემის საკითხი. დიდი აფხაზური დიასპორა ცხოვრობს ქალაქ საქარიაში და დიასპორის წარმომადგენლები სწორედ იქ ითხოვდნენ საარჩევნო უბნის გახსნას, მაგრამ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უპასუხა, რომ საარჩევნო უბნის გახსნა თავიდანვე სტამბოლში იგეგმებოდა და გადაწყვეტილების შეცვლას წინასწარ სჭირდებოდა შეთანხმება.

მაგრამ თურქეთის აფხაზები ამბობენ, რომ ნაკლებსავარაუდოა, საარჩევნო უბნის გახსნა იქ 25 აგვისტოს დილამდე მოესწროს.

მთავარი პოლიტიკური სანახაობა აფხაზეთში გახდა პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები სახელმწიფო ტელეარხზე 23 აგვისტოს. ამჯერად დებატები 2,5 საათი გაგრძელდა და ოთხი თემით შემოიფარგლა: რა იქნება თანამდებობაზე არჩევის შემდეგ პირველი ნაბიჯი; ეკონომიკური პროგრამა; სოციალური ცვლილებები; მთლიანობაში, მოსალოდნელი რეფორმები.

ცხრა კანდიდატიდან დებატებზე მხოლოდ ექვსი მივიდა. ოლეგ არშბამ, ასტამურ ტარბამ და რაულ ხაჯიმბამ გადაწყვიტეს, რომ დებატებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ყველაზე საინტერესოდ ოლეგ არშბა მოიქცა. ის ტელევიზიის სტუდიაში მივიდა, ნახა, რომ მოქმედი პრეზიდენტი არ იყო – და წავიდა.

ამ სამი კანდიდატის უარი დებატებში მონაწილეობაზე საზოგადოებაში ძალიან ნეგატიურად მიიღეს. თვითონ დებატების დროსაც კი ამას საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს.

ყველა დეტალი კანდიდატებსა და არჩევნების კონტექსტთან დაკავშირებით.

ვინ არიან კანდიდატები?

საერთო ჯამში, აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტისთვის 10 ადამიანი იბრძოდა – მანამდე, სანამ 20 აგვისტოს ცენტრალური საარჩევნო კომისია კანდიდატ ასტამურ ოტირბას რეგისტრაციას გააუქმებდა. ამის მიზეზი ის გახდა, რომ მას ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატურა არ  ჰყავდა – ძველმა კანდიდატმა უარი თქვა, ხოლო ახლის დასახელებას ოტირბა ვეღარ ასწრებდა.

დარჩენილ ცხრა კანდიდატს შორის, მოქმედი პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გარდა, კენჭს შემდეგი კანდიდატები იყრიან:

• ალხას კვიცინია, ის ოპოზიციური ძალების ბლოკის წარმომადგენელია (ასლან ბჟანიას ნაცვლად).

•  ოლეგ არშბა, ის ოპოზიციის სხვა ფრთას წარმოადგენს, რომელიც დაკავშირებულია ექსპრეზიდენტ ალექსანდრ ანქვაბთან.

• აფხაზეთის სპეცსამსახურების ყოფილი ხელმძღვანელი ასტამურ თარბა, რომელიც პოლიტიკაში 15-წლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა.

• დეპუტატი ალმას ჯოპუა, ოპოზიციური ორგანიზაცია „საერთო საქმის“ ლიდერი, რომელიც საკუთარ თავს, როგორც „მესამე ძალას“, წარადგენს.

• ყოფილი ვიცე-პრემიერი შამილ არძინბა.

• ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ლეონიდ ძიაპშიპა.

• კიდევ ერთი კანდიდატი – ასტამურ კაკალია, აფხაზურ პოლიტიკაში ამ არჩევნების პერიოდში გამოჩნდა. ის საკუთარ თავს კორუფციასთან მებრძოლად წარმოადგენს.

• მეცხრე კანდიდატზე – ასტამურ ანქვაბზე – ამომრჩევლისთვის საერთოდ არაფერია ცნობილი.

ვინ არის ფავორიტი?

ამ რბოლას გამოკვეთილი ფავორიტი არ ჰყავს. ამა თუ იმ კანდიდატის რეიტინგის გასაზომად რაიმე ტიპის სოციოლოგიური გამოკითხვები აფხაზეთში, როგორც წესი, არ ტარდება და კანდიდატების პოპულარობას, ძირითადად, „თვალით“ ზომავენ.

ადგილობრივი ჟურნალისტები ამომრჩეველთან პირად საუბრებს ეყრდნობიან და მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი საკმაოდ სანდოა პოლიტიკური პროგნოზების გასაკეთებლად.

JAMnews-ის რედაქტორისა და ავტორის, ინალ ხაშიგის აზრით, წინასაარჩევნო კამპანია ამომრჩევლის უპრეცედენტო აპათიის ფონზე მიმდინარეობს:

„უმრავლესობამ ან არ იცის, ვის მისცეს ხმა, ან საერთოდ არ წავა არჩევნებზე“, – მიაჩნია ინალ ხაშიგს.

მისი თქმით, ერთადერთი პროგნოზი, რომლის ახლა გაკეთებაც შეიძლება – ეს მეორე ტურის გარდუვალობაა.

აპათიას ის დაგროვილ უნდობლობას უკავშირებს: ადამიანები დაიღალნენ დაპირებებით, რომლებიც არასდროს სრულდება.

რატომ არის ასე ბევრი კანდიდატი?

პრეზიდენტობის პოსტის 10 მაძიებელი – აფხაზეთისთვის ძალიან ბევრია, ამომრჩევლის სია აქ 160 ათას ადამიანს არ აჭარბებს.

დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის პოსტისთვის მებრძოლთა დიდი რიცხვი შიდა კრიზისთანაა დაკავშირებული.

„ხელისუფლება რომ ძლიერი ყოფილიყო და მართვა შეძლებოდა, ბევრი არ გადაწყვეტდა მასთან კონკურენციაში შესვლას“,განუცხადა „კავკაზსკი უზელს“ პარტია „ერთიანი აფხაზეთის“ თავმჯდომარემ, სერგეი შამბამ.

რა სურს ამომრჩეველს?

ექსპერტები და ჟურნალისტები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ ადგილობრივ ამომრჩეველს ხელისუფლებისადმი ოთხი მთავარი მოთხოვნა აქვს :

• ცხოვრების დონის ამაღლება;

• კრიმინალური სიტუაციის დარეგულირება;

• კორუფციის განადგურება და ბიუროკრატიული აპარატის შემცირება.

მაგრამ რეალური კანდიდატი, რომელსაც, თუნდაც, ამ ამოცანის გადაწყვეტის დაწყება შეუძლია, ჯერჯერობით არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში, სწორედ ასე წერენ სოციალურ ქსელებში და ასე ლაპარაკობს ექსპერტების უმრავლესობა.

აღსანიშნავია, რომ არც ერთ კანდიდატს არ აქვს თანმიმდევრული პროგრამა – და ესეც აფხაზური პოლიტიკური ტრადიციის ნაწილია.

„არჩევნებიდან არჩევნებამდე პოლიტიკოსები საპროგრამო ქმედებების გარეშე გადიან, მათი „ნიჭის“ თაყვანისმცემლები კი კვლავ აძლევენ მათ საკუთარ ხმას“, – ამბობს ინალ ჰაშიგი.

ათწლეულობის განმავლობაში აფხაზურ პოლიტიკაში გრძელდებოდა ბრძოლა კერძო ჯგუფების ინტერესთა შორის. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს ეტაპი დასასრულს მიუახლოვდა. ახლა ამომრჩეველს კონკრეტიკა სჭირდება.

ვის უჭერს მხარს კრემლი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ღიად არ გამოუხატავს მხარდაჭერა, მაგრამ აგვისტოს დასაწყისში მისი შეხვედრა მოქმედ პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთან, აფხაზეთში მის მხარდაჭერად შეაფასეს.

აფხაზეთში არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე პუტინი ხაჯიმბას სოჭში ესაუბრა 

ამ ჟესტით პუტინმა ამომრჩეველს აფხაზეთის 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნები გაახსენა, როდესაც ვლადიმირ პუტინი ღიად უჭერდა მხარს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, რაულ ხაჯიმბას კანდიდატურას. მაშინ ამან სერიოზული პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, იმდენად, რამდენადაც არჩევნებში გაიმარჯვა არა იმ კანდიდატმა, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს, არამედ სერგეი ბაღაფშმა.

ეს შედეგები მაშინ არ აღიარა რაულ ხაჯიმბამ. შედეგად, აფხაზეთი სერიოზული სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე აღმოჩნდა.

მაშინ კრიზისიდან გამოსვლა მხოლოდ იმიტომ მოხერხდა, რომ ამ ორმა პოლიტიკოსმა კომპრომისის მიღწევა შეძლო. შედეგად, გამოაცხადეს ახალი არჩევნები, სადაც ბაღაფში პრეზიდენტობის კანდიდატის რანგში გავიდა, ხაჯიმბა კი – ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ