ალმაზბეკ ატამბაევი კორუფციაშია ბრალდებული. ის ბრალდებას უარყოფს და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს" />

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი დაპატიმრებულია. შეტაკებების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა

ალმაზბეკ ატამბაევი კორუფციაშია ბრალდებული. ის ბრალდებას უარყოფს და მომხრეებს პროტესტისკენ მოუწოდებს

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ათაბაევი 8 აგვისტოს საღამოს, ქვეყნის დედაქალაქის გარეუბანში, მის რეზიდენციაში დააკავეს. ამის შესახებ  დამოუკიდებელი ყირგიზული რესურსი Kloop.kg  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, რომლებიც ადგილზე იმყოფებიან.

ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტის დაკავება ჯერ ოფიციალურად არ დაუდასტურებია. ატამბაევი მის მხარდამჭერებსა და პოლიციის სპეცრაზმს შორის თითქმის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს.

2 აგვისტო, 14:00

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენციის ირგვლივ მისი დაკავების მცდელობის დროს ნამდვილი ბრძოლა გაიმართა. ყირგიზული რესურსის Kloop.org-ის ინფორმაციით, ქვეყნის დედაქალაქის გარეუბანში პოლიციელების სპეცრაზმსა და ატამბაევის მომხრეებს შორის შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი, 52 კი ადამიანი კი დაიჭრა.

ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების მცდელობა წარმატებით არ დასრულებულა – მას შემდეგ, რაც სპეცრაზმმა რეზიდენცია შეტევით აიღო, ატამბაევის მომხრეებმა მას ალყა შემოარტყეს და სამართალდამცველებისგან მისი დახსნა მოახერხეს. რამდენიმე სპეცრაზმელი ექს-პრეზიდენტის მომხრეთა მძევლობაში აღმოჩნდა.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის მომხრეები მისი დაკავების დროს პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ, 7 აგვისტო 2019. REUTERS/Vladimir Pirogov

რატომ დევნის ხელისუფლება ყოფილ პრეზიდენტს 

ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთს 2011 წლიდან 2017 წლამდე ედგა სათავეში. 27 ივნისს ყირგიზეთის პარლამენტმა, საგანგებო საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ატამბაევს ხელშეუხებლობა გაუუქმა.

ამის მიზეზად რამდენიმე კორუფციული საქმე იქცა. მათ შორის ბიშკეკის თბოელექტროსადგურის მოდერნიზაციის საქმე, რაზეც ჩინეთის მიერ გამოყოფილი 386- მლიონიანი სესხი დაიხარჯა. თბოელექტროსადგურთან დაკავშირებულ საქმეებზე მსჯავრდებულის სკამზე რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი მოხვდა, ორი პრემიერ-მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის ჩათვლით.

• კომენტარი: არჩევნები და ოპოზიციური პესიმიზმი საქართველოში

• უკრაინელები ხელისუფლებას გაეხუმრნენ

ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ კიდევ ერთი ბრალდება არსებობს – 2013 წელს ციხიდან კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბაიტუკაევის გამოშვება. მას მასობრივი არეულობების მოწყობისთვის 16 წელი ჰქონდა მისჯილი, მაგრამ „სისხლის ლეიკოზის“ დიაგნოზის გამო, მალევე გაათავისუფლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ბაიტუკაევს არავითარი დაავადება არ ჰქონდა, მაგრამ იმ მომენტისთვის ის უკვე რუსეთის ტერიტორიაზე მიიმალა.

ექს-პრეზიდენტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკითხვაზე რამდენჯერმე დაიბარეს. თავად ატამბაევი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა.

 „ხელისუფლება ჩემს წინააღმდეგ ამ ბრალდებებით შოუს აწყობს, მათ ყველა კანონი, კონსტიტუცია დაარღვიეს, და სამართლებრივი სივრცის ფარგლებიდან გავიდნენ“,თქვა ატამბაევმა.

Штурм дома Атамбаева: спецназ отступил, есть один погибший.

Штурм дома Атамбаева: спецназ отступил, есть один погибший. Как это было. Читайте полный материал по ссылке:https://kloop.kg/blog/2019/08/07/srochno-strelba-v-koj-tashe-prishli-zaderzhivat-atambaeva/

Posted by Kloop on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

როგორ ვითარდებოდა მოვლენები

24 ივლისს ალმაზბეკ ატამბაევი ქალაქ კანტში მდებარე რუსული ავიაბაზიდან მოსკოვში გაფრინდა. იქ ის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდა. როგორც მან ამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ის მიზნად არ ისახავდა რუსეთის პრეზიდენტისგან უსაფრთხოების გარანიტიების მიღებას.  

ატამბაევი ბიშკეკის გარეუბანში მდებარე თავის რეზიდენციაში 25 ივლისს დაბრუნდა.

7 აგვისტოს დაახლოებით 19 საათზე სოფელ კოი-ტაშში რეზიდენციასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმი გამოჩნდა – ძალოვნები შევიდნენ შენობაში, სადაც ატამბაევი მომხრეებთან ერთად იმყოფებოდა, და მის დაკავებას შეეცადნენ.

პარალელურად, სოფელ კოი-ტაშში ატამბაევის მომხრეებმა დაიწყეს შეგროვება. ღამით მათ იმ შენობას შეუტიეს, სადაც სპეცრაზმი იმყოფებოდა, სამართალდამცავები განაიარაღეს და რეზიდენციიდან განდევნეს. გაისმოდა სროლების და აფეთქებების ხმა. პოლიციაც და ატამბაევის მომხრეებიც ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას უარყოფდნენ. ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ ის საკუთარი იარაღიდან ისროდა – მაგრამ მხოლოდ ჰაერში. 

Posted by Irina Karamushkina on ოთხშაბათი, 07 აგვისტო, 2019

რას ამბობენ ყოფილი და ახლანდელი პრეზიდენტები

მომხრეების მიერ გათავისუფლების შემდეგ ალმაზბეკ ატამბაევმა განაცხადა, რომ სპეცოპერაციის შედეგად ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პირადად პრეზიდენტ სოორონბაი ჟეენბეკოვს ეკისრება. მისი თქმით, ის მზად არის გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველაფერს მოჰყვეს იმ საქმეებთან დაკავშირებით, რაშიც მას ბრალს სდებენ.

 „მაგრამ ხელისუფლებას ჩემი მოსმენა არ სურს. ჩემი გატეხვა, დაჭერა და მოკვლა უნდათ. მთელი ეს სიტუაცია ჟეენბეკოვის სინდისზეა. მე არაფრის მეშინია“, – თქვა ალმაზბეკ ატამბაევმა.

მან მომხრეებს, მოქმედი პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, დედაქალაქში  უვადო მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდა. 

 ყირგიზეთის პრეზიდენტმა სოორონბაი ჟეენბეკოვმა 8 აგვისტოს, დილით უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ ალმაზბეკ ატამბაევმა, „კანონიერ საგამოძიებო მოქმედებებისთვის მკვეთრი შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევით,  „კონსტიტუცია და ქვეყნის კანონები უხეშად დაარღვია“. 

ქვეყნის მეთაურმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში საჭიროა კანონიერების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვა, ამიტომ „გადაუდებელი ზომები“ უნდა მიიღონ.

მიუხედავად ამისა, წარუმატებელი შეტევის შემდეგ ძალოვნებს არანაირი მოქმედებები აღარ განუხორციელებიათ.

ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი მომხრეებთან ერთად, ივლისი 2019 წელი. REUTERS/Vladimir Pirogov

 

მოვლენების არამშვიდობიანად განვითარება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლის შემდეგ

ატამბაევი პრეზიდენტის თანამდებობაზე 2010 წლის რევოლუციის შემდეგ ჩატარებული პირველი არჩევნების შედეგად აირჩიეს, მან პრეზიდენტის თანამდებობაზე გარდამავალი პერიოდის პრეზიდენტი როზა ოტუნბაევა შეცვალა.

მათი წინამორბედები – ასკარ აკაევი და კურმანბეკ ბაკიევი რევოლუციის შედეგად დაამხეს.

2005 და 2010 წლების რევოლუციების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტების მომხრეები, საპროტესტო აქციების ძალისმიერი გზით ჩახშობის ბრალდებით, მსჯავრდებულის სკამზე ხვდებოდნენ.

2017 წელს ატამბაევისგან ახლანდელი პრეზიდენტისთვის სოორონბაი ჟეენბეკოვისთვის ხელისუფლების გადაცემა მშვიდობიანად მოხდა. თუმცა, მალევე ახალმა ხელისუფლებამ ქვეყნის ყოფილი მეთაურისა და მისი მომხრეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა დაიწყო. 

კომენტარი: ყველაფერი მოლაპარაკების უნარის არქონის გამო ხდება

შუა აზიის სპეციალისტმა არკადი დუბანოვმა ყირგიზეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

 „ყირგიზეთის მოვლენები, რომლის კულმინაციად ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის რეზიდენციაზე შეტევა იქცა, ქვეყნის ჩრდილოური და სამხრეთული კლანების შეტაკების შედეგია.

ატამბაევი – ჩრდილოური კლანების წარმომადგენელია, ახალი პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი – სამხრეთულის.

ქვეყანაში მომხდარზე პასუხისმგებლობა ორივე ლიდერს ეკისრება. ატამბაევი პრეზიდენტის თანამდებობაზე თავნებურად და თავხედურად იქცეოდა, ვერ ხვდებოდა, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მეთაურად ყოფნა.

ჟეენბეკოვიც უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც იმ სახლზე შეტევის მიტანის ბრძანება გასცა,სადაც ბევრი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა.

ამ კონფლიქტში რუსეთიდან ან ჩინეთიდან არავითარი გარე ჩარევა  არ ყოფილა. ეს ორი დაჯგუფების შეტაკებაა.

ყირგიზეთმა თავის უახლეს ისტორიაში ორი რევოლუციური სიტუაცია გადაიტანა. და ახლა, მისი ლიდერების მხრიდან მოლაპარაკების უუნარობის გამო, იმავე რისკის წინაშე მესამედ  დგას“.


ასევე წაიკითხეთ