აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ პროექტის განხორციელება, მათ შორის, ალიევის მოღვაწეობის წყალობითაც გახდა შესაძლებელი " />

ბაქოში მყოფმა სომხეთის დელეგაციამ ჰეიდარ ალიევის საფლავის მონახულებაზე უარი თქვა

აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ პროექტის განხორციელება, მათ შორის, ალიევის მოღვაწეობის წყალობითაც გახდა შესაძლებელი

TRACECA-ს პროექტის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე ბაქოში ჩასული სომხეთის დელეგაცია ამ ღონისძიების პროგრამის ზოგიერთი პუნქტით უკმაყოფილო დარჩა.

კერძოდ, სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ არმენ სიმონიანმა განაცხადა, რომ არ ესმის, რატომ უნდა მივიდნენ კონფერენციის მონაწილეები აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის (და ახლანდელი პრეზიდენტის მამის) ჰეიდარ ალიევის საფლავზე. როგორც წესი, იქ უცხოეთიდან აზერბაიჯანში ჩასული თითქმის ყველა ოფიციალური სტუმარი მიჰყავთ.

გასულ წელს TRACECA-ს პროექტის მთავრობათაშორისი კომისიის ერევანში გამართული მე-13 სხდომის მონაწილეებისთვის განკუთვნილი პროგრამა რაიმე პოლიტიკური ქვეტექსტის მქონე თემატურ პუნქტებს არ შეიცავდა, თუმცა ვვარაუდობ, თქვენთვის ცნობილია, თუ რა ისტორიული განსაცდელის გავლა მოგვიხდა“, – თქვა სიმონიანმა.

ამაზე აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ  ჯაბაროვმა უპასუხა:

 „აზერბაიჯანული მხარე კულტურული პროგრამის შედგენისას ურთიერთობების აბსოლუტურად გასაგებ იმ ასპექტებს ითვალისწინებს, რაც ნებისმიერ ცივილიზებულ საზოგადოებაშია მიღებული“. 

ჰეიდარ ალიევის საფლავის მონახულება ჯაბაროვმა იმ არგუმენტით ახსნა, რომ TRACECA-ს პროექტის განხორციელება,  მათ შორის, ექს-პრეზიდენტის მოღვაწეობის წყალობითაც გახდა შესაძლებელი.

5 დეკემბერი

ბაქოში ევროკავშირის სატრანსპორტო პროექტის TRACECA -სთან დაკავშირებით საერთაშორისო რეგიონული  კონფერენციის მზადებას უცნაური კონტექსტი ახლავს. 

TRACECA -ს მთავრობათაშორისი კონფერენცია მუშაობას 6 დეკემბერს იწყებს. სავარაუდოდ, უკვე 4 დეკემბერს ბაქოში სომხეთის ოფიციალური დელეგაცია ჩავიდა.

თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდება – ეს განსაკუთრებულ მოვლენად იქცევა, რადგან ორი ქვეყანა, ყარაბაღის გამო, 1990-ანი წლების შეიარაღებული დაპირისპირების შემდეგ გადაუწყვეტელი კონფლიქტის მდგომარეობაში იმყოფება. 

ბოლოს სომხეთის ოფიციალური პირები ბაქოში 2017 წელს  ჩავიდნენ. მაშინ საპარლამენტო ასამბლეა „ევრონესტ“-ზე ბაქოში იმ დროს სომხეთის პარლამენტის საგარეო კავშირების კომისიის თავმჯდომარე არმენ აშოტიანი და დეპუტატი მანე თანდილიანი იმყოფებოდნენ.

ბაქოში სომხეთის ოფიცილური დელეგაციის ვიზიტის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ Facebook-გვერდზე ჯერ კიდევ 2 დეკემბერს განაცხადა. მან ასევე დაასახელა დელეგაციის შემადგენლობა: სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის  მოადგილე არმენ სიმონიანი, ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ტრნსპორტის დეპარტამენტის ტექნიკური პოლიტიკის განყოფილების გამგე არმან კარაპეტიანი და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარების სფეროში მრავალმხრივი პოლიტიკისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის მრჩეველი არტემ აზნავურიანი.

თუმცა, ჯერჯერობით აზერბაიჯანის ოფიციალური წყაროები ამ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ, მედია კი სომხურ ვებ-გვერდებზე დაყრდნობით აქვეყნებს ცნობებს.

TRACECA (Transport Corridor Europe-Caucasus-Asia) – არის რეგიონული თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც ევროკავშირმა 1993 წელს შესთავაზა. მისი ამოცანაა ევროპიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებში – შავი ზღვის, კასპიის ზღვისა და კავკასიის გავლით სატრანსპორტო კორიდორის შექმნა, და დიდი აბრეშუმის გზის ერთგვარი აღორძინება. 

ბაქოში შეხვედრები TRACECA-სთან დაკავშირებული შეთანხმების 20 წლისთავს ეძღვნება.  მთავრობათაშორისი კომისიის მუდმივი სამდივნოს სხდომაზე, რომელიც 6 დეკემბრისთვისაა დაგეგმილი, მონაწილეობას მიიღებენ TRACECA-ს პროგრამის, დამკვირვებელი ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

არნახული გააქტიურება და ორმხრივი კონტაქტი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის

2019 წლის შემოდგომაზე სომხეთ-აზერბაიჯანის სხვადასხვა დონის ორმხრივი კონტაქტები მკვეთრად გააქტიურდა.

17-21 ნოემბერს აზერბაიჯანში ორი სომეხი და ერთი მთიანი ყარაბაღელი ჟურნალისტის  ვიზიტები შედგა, ასევე სამი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ვიზიტები – სომხეთსა და მთიან ყარაბაღში. 

სომეხი ჟურნალისტები ბოლოს აზერბაიჯანში ორგანიზებულად 2001 წელს ჩავიდნენ.

4 დეკემბერს, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცნობით,  TRACECA-ს მე-14 სხდომასა და სტრუქტურის ოცი წლისთავთან დაკავშირებულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ბაქოში სომხეთის ოფიციალური დელეგაცია გაემგზავრა. თუმცა, ოფიციალურ ბაქოს სომხეთის დელეგაციის ჩასვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, მაგრამ არც უარუყვია.  

დეკემბრის დასაწყისში აზერბაიჯანის პირველ ლედისა და ვიცე-პრეზიდენტს, და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ცოლს შორის ასევე მოხდა ერთგვარი „შეტყობინებების გაცვლა.“ მეჰრიბან ალიევამ სოციალური ქსელში დაწერა, რომ ყარაბაღში მუღამის მოსმენას ისურვებდა, ანა აკოპიანმა კი განაცხადა, რომ მას ამის გაკეთება შეუძლია, მხოლოდ – როგორც სტუმარს.

რას ამბობენ ერევანსა და ბაქოში

პოლიტოლოგი აკოპ ბადალიანი, ერევანი:

 „არ გამოვრიცხავ, რომ ბაქოში გამგზავრების გადაწყვეტილებას რაღაც ეფექტი აქვს. მაგრამ ეს რაიმე უპრეცედენტო მოვლენა არ არის. ნუ დაგვავიწყდება, რომ 2015 წელს  სომხეთის ოლიმპიური დელეგაცია ბაქოში გაემგზავრა. და ეს მაშინ, როდესაც სიტუაცია საკმაოდ დაძაბული იყო, და ჩვენ, არსებითად, 2016 წლის ომს ვუახლოვდებოდით“. 

პოლიტოლოგი ნაზაკიატ მამედოვა, ბაქო:

 „სტრატეგიული გეგმას [სომხური დიპლომატიის] წარმოადგენს „დიადი სომხეთი“, მხითარიანი [სომეხი ფეხბურთელი, ManchesterUnited-ის მოთამაშე], TRACECA  და სხვა დანარჩენი კი – ეს ტაქტიკური სვლებია, რომლებიც ეშმაკურ გეგმას ემსახურება. თუკი მხითარიანი აზერბაიჯანის საერთაშორისო იმიჯის შესალახად გამოიყენება, მაშინ ისეთ დიდ პროექტში მონაწილეობა , როგორიცაა TRACECA, აუცილებელია, რათა იმავდროულად თავად სომხეთის, როგორც ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოს იმიჯი შეიქმნას“.    

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა – სამხრეთ კავკასიაში მდებარე არაღიარებული რესპუბლიკაა, რომლის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ეთნიკური სომხები შეადგენენ. 1991-1994 წლის საომარი მოქმედებების შედეგად ყარაბაღი მიმდებარე ტერიტორიებთან ერთად სომხური მხრის კონტროლის ქვეშ მოექცა. კონფლიქტი „გაყინულად“ მიიჩნევა, მაგრამ ჯარების გამყოფ ზოლზე სროლები გრძელდება და ადამიანები იღუპებიან.


ასევე წაიკითხეთ