როგორ ხდება ისე, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის არარსებობის გამო, ქალებმა უნდა გააკეთონ არჩევანი სიკვდილსა და პატიმრობას შორის" />

დები ხაჩატურიანების საქმე: 20-წლიანი პატიმრობა მოძალადისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო

როგორ ხდება ისე, რომ ოჯახური ძალადობის შესახებ კანონის არარსებობის გამო, ქალებმა უნდა გააკეთონ არჩევანი სიკვდილსა და პატიმრობას შორის

მოსკოვში, დები – კრისტინა, ანგელინა და მარია ხაჩატურიანები ბრალდებულები არიან საკუთარი მამის, 57  წლის მიხაილ ხაჩატურიანის მკვლელობაში. 

დაკითხვისას მათ ბრალი აღიარეს, ამასთან, ისაუბრეს მამის მხრიდან განხორციელებულ სისტემატურ ძალადობაზე. წინასწარ დაგეგმილი მკვლელობის მუხლი, რომლითაც გოგონების წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარის მიზეზების შესახებ – ჟურნალ Forbes-ის სტატიაში.

მამა და ქალიშვილები 

დები ხაჩატურიანები 2018 წლის ივლისში, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც სახლის სადარბაზოში, მათი მამის ცხედარი აღმოაჩინეს, რომელსაც 45 ჭრილობა აღენიშნებოდა.

გოგოების განცხადებით, მრავალი წლის განმავლობაში მამა მათ დასცინოდა, ფიზიკურად და სექსუალურად ძალადობდა. ამასთან, ერთ-ერთ დას ფსიქიკური აშლილობა განუვითარდა.

გამოძიების პროცესში მიღებული ჩვენებების თანახმად ირკვევა, რომ ხაჩატურიანმა ქალიშვილებზე ძალადობა ცოლთან დაშორებიდან მალევე დაიწყო. პირველ ეტაპზე უფროსსა და შუათანა შვილზე, რიგრიგობით ძალადობდა.

ერთ-ერთმა დამ თვითმკვლელობაც სცადა მას შემდეგ, რაც მამამ სექსუალური კავშირის დამყარება აიძულა, მაგრამ ექიმებმა გადაარჩინეს.

გოგოები ასევე ამტკიცებენ, რომ მამა მათ ჯგუფურ სექსს აიძულებდა.

ანგელინას ახლობლებმა ისაუბრეს მათთვის ცნობილ სექსუალური ძალადობის ათზე მეტ შემთხვევაზე.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა სექსუალური ძალადობის შედეგად მიღებული დაზიანებები. 2018 წელს ხაჩატურიანმა ფაქტობრივად შეწყვიტა შვილების სახლიდან გაშვება.

დები მონების მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. კრისტინამ ინტერვიუში განაცხადა:

„ის მოითხოვდა, რომ მუდმივად ახლოს ვყოფილიყავით და პირველივე დაძახებაზე მასთან მივსულიყავით. მას სპეციალური ზარი ჰქონდა და როდესაც რეკავდა, ჩვენ სამიდან რომელიმე მაშინვე მასთან უნდა გავქცეულიყავით, გინდ დღე ყოფილიყო და გინდაც ღამე. ასევე, გაგვეკეთებინა ყველაფერი, რასაც ის იტყოდა. წყალი მიგვეტანა, საჭმელი და სხვა რაღაცები… ფანჯარასაც კი არ აღებდა თავისით, ჩვენ უნდა მოვმსახურებოდით, როგორც მონები“.

პოლიციაში შეტანილი ყველა საჩივარი უპასუხოდ დარჩა. „ნოვაია გაზეტას“ ინფორმაციით, მიხაილ ხაჩატურიანი ადგილობრივ პოლიციელებთან მეგობრობდა.

ტიპური შემთხვევა 

ხაჩატურიანთა მსგავსი ბევრი შემთხვევა არსებობს? 

უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით, სამი ათასი ქალი გაასამართლეს სწორედ ასეთ ვითარებაში ჩადენილი მკვლელობის გამო. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში საუბარია ქალის მიერ ქმრის, საყვარლის ან მამრობითი სქესის ნათესავის მკვლელობაზე, ძალადობისგან თავდაცვის მცდელობისას.

ამასთან ერთად, ყოველწლიურად, დაახლოებით, 8500 ქალი იღუპება დანაშაულებრივი ხელყოფის გამო. ეს ისინი არიან, რომლებსაც ხელში დანა არ აღმოაჩნდათ ან არ ეყოთ ძალა, თავდამსხმელისთვის ხელი ეკრათ და ფანჯრიდან გადაეგდოთ. ანუ ქალებს ყოველთვის აქვთ არჩევანი – დაიღუპონ ან ციხეში წავიდნენ.

სტატისტიკის გაუმჯობესება? 

2012 წელს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოჯახური ძალადობის 34 ათასი მსხვერპლი აღრიცხა. ხუთი წლის შემდეგ, მსხვერპლთა რიცხვი თითქმის გაორმაგდა – 65 ათასი მხოლოდ ერთ, 2016 წელს. 2017 წელს კი, უცებ, მსხვერპლთა რიცხვი მკვეთრად დაეცა – 36 ათასი. 2018 წელს კიდევ უფრო ცოტაა.

რატომ? იმიტომ, რომ მიიღეს კანონი ოჯახური ძალადობის დეკრიმინალიზაციის შესახებ. თუკი 2017 წლამდე, შეიძლებოდა ქალის ცემის გამო ციხეში ჩაესვათ ადამიანი, ახლა ამისათვის განკუთვნილია დაახლოებით ისეთივე ჯარიმა, როგორც ავტომობილის არასწორი პარკირებისათვის.

ამასთან, ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ზეწოლასთან, დამცირებასთან, დაცინვასთან ძალადობის გარეშე, არანაირად არ ისჯება და არაფერი არ ეხება. კანონშიც კი არაფერი ჰქვია.

რატომ არის ოჯახური ძალადობა არასწორ პარკირებასთან გათანაბრებული 

ძირითადი მიზეზი – სამია.

პირველი მიზეზი – ბიუჯეტურია

ოჯახური ძალადობისგან დაცვა რუსეთის სახელმწიფოს ძვირი დაუჯდება. ამისათვის საჭიროა – დამცავი ორდერის სისტემის დანერგვა, რომელიც მოძალადეს მსხვერპლთან კონტაქტს უკრძალავს. ასევე, სამსახურის შექმნა, რომელიც ამას უზრუნველყოფს და აკონტროლებს (ეს მექანიზმი მოქმედებს მსოფლიოს 119 ქვეყანაში, მაგრამ არა რუსეთში).

სახელმწიფო თავშესაფრის შექმნა მსხვერპლთათვის, რომლებიც, ხშირად. სახლ-კარის გარეშე რჩებიან და თანაც, ხშირ შემთხვევაში, ბავშვებთან ერთად. ასეთი თავშესაფარი რუსეთში არსებობს, მაგრამ კერძო ინიციატივის სახით და ფუნქციონირებს გრანტებითა და შემოწირულობებით.

მეორე მიზეზი – საგარეო-პოლიტიკურია 

რუსეთმა ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინა, რომელიც ოჯახური ძალადობის თავიდან აცილებასა და მასთან ბრძოლას ეხება. კონვენციასთან არშეერთება, როგორც ჩანს, გახდა ერთ-ერთი შედეგი რუსეთსა და ევროპას შორის სანქციებთან დაკავშირებით ურთიერთობის გამწვავების.

მესამე მიზეზი – შიდაპოლიტიკური და რელიგიურია

„ძალადობასთან ბრძოლისა და სუსტების დაცვის საბაბით… მოქმედებენ ისინი, ვინც ცდილობს დაანგრიოს ჩვენი საზოგადოება და გაანადგუროს მისი საფუძველი – ოჯახი“ , – ნათქვამია რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ოჯახის, დედების დაცვისა და ბავშვების კომისიის ანგარიშში.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახლა კონსერვატიული პოზიცია რუსეთში ისმის ასე: „ურტყამს ნიშნავს – უყვარს“

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ