მათ შორის იქნებიან ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის პირველი პირები" />

დამოუკიდებლობის დღეზე საქართველოში შვიდი ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოვა

მათ შორის იქნებიან ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის პირველი პირები

ბავშვები თამაშობენ ქართული წარმოების სამხედრო მანქანაზე. 2017 წლის 26 მაისი REUTERS/დავით მძინარიშვილი

26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს აღნიშნავს.

ამ თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივითა და მოწვევით, თბილისს შვიდი ქვეყნის პრეზიდენტი და 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია ეწვევა. მათ შორის იქნებიან ლიტვის, ლატვიის, ფინეთის, სომხეთის, პოლონეთის და სლოვაკეთის პირველი პირები.

,,ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. ასეთი რამ საქართველოში ნამდვილად არასოდეს მომხდარა. ერთდროულად ასეთი ტიპის მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში არასოდეს ჩამოსულან. ამ კუთხით გამორჩეული იქნება 26 მაისი“, – განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.

გარდა ამისა, 26 მაისს საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის ცნობილი ეკონომიკური ფორუმის კრინიცას ფორუმის ბრენდი დაფუძნდება. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის ეს ინიციატივა ქვეყანას მოუტანს უფრო მეტ პოპულარობას და დაეხმარება  მეტი ევროპელი ინვესტორის მოზიდვაში.

მისი თქმით, ფორუმს გახსნიან საქართველოს, პოლონეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები და საქართველოს პრემიერ – მინისტრი.

გარდა ამისა, ევროკომისარმა, იოჰანეს ჰანმა განაცხადა, რომ 26 მაისს ის ევროკომისიის პრეზიდენტთან, ჟან-კლოდ იუნკერთან ერთად ჩამოვა საქართველოში.

26 მაისისთვის მზადება თბილისსა და რეგიონებში უკვე დაიწყო. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში უკვე გამოფენილია 26 მაისის აღსანიშნავი საზეიმო ბანერები.

ტრადიციულად, ამ დღეს მანქანებისთვის დაიკეტება რუსთაველის გამზირი, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სახალხო სეირნობა, სხვადასხვა საკონცერტო და გასართობი პროგრამები, ასევე ბაზრობა.

26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს, თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო. 


ასევე წაიკითხეთ