საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მკვლელობის საქმეზე საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შევიდა" />

გიგა ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

საქართველო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მომხდარი მკვლელობის საქმეზე საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ შევიდა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოკლული  გიგა ოთხოზორიას ოჯახის სახელით საჩივარი შევიდა.

საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგაა შეტანილი. საჩივრის ავტორები არიან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ (EHRAC).

ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საუბარია იმაზე, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია ევროპული კონვენციის მეორე (სიცოცხლის უფლება) და მეცამეტე (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლები.

საჩივრის ავტორების შეფასებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევევაზე და ასევე, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, როგორც აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ სახელმწიფოს.

30 წლის გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩასთან, საქართველოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოკლეს. მას აფხაზმა მესაზღვრემ რაშიდ კანჯი-ოღლიმ 6 ტყვია ესროლა. ოთხოზორიას მკვლელობა სათვალთვალო კამერებზეა აღბეჭდილი. ვიდეომასალაში ჩანს, რომ აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა რაშიდ კანჯი-ოღლიმ და ოთხოზორიამ იკამათეს – ზუგდიდში მცხოვრები ოთხოზორია გალში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა, რის საშუალებასაც აფხაზი მესაზღვრეები არ აძლევდნენ. კამათის შემდეგ კანჯი-ოღლიმ დატოვა საკონტროლო პუნქტი, გადავიდა სოფელ ხურჩის მხარეს და რამდენჯერმე ესროლა შეუიარაღებელ ოთხოზორიას.

ქართულმა მართლმსაჯულებამ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე გამოძიება აფხაზეთის სამხედრო პროკურატურამაც დაიწყო. ბრალდებულ კანჯი-ოღლის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით შინაპატიმრობა შეუფარდა. თუმცა 2017 წლის 21 აპრილს კანჯი-ოღლის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა და საქმე დაიხურა. სოხუმის სამხედრო პროკურორის ადგუნ აგრბას თქმით, საქმეში არ გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები, რადგან ქართულმა მხარემ სოხუმს არ მიაწოდა საქმის განსახილველად საჭირო მასალები. 

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ