საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა" />

“ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები”. სამუშაო ადგილზე დაშავებული მუშების ისტორიები

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა

საქართველოს სახალხო დამცველის მონაცემებით, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, ბოლო 5 წელიწადში საქართველოში 270 ადამიანი დაიღუპა.

სოლიდარობის ქსელის სტატისტიკით, 2011-2017 წლებში 1209 მუშა დაიღუპა ან/და დასახიჩრდა სამუშაო ადგილზე. მხოლოდ 2017 წელს, გაერთიანებული პროფკავშირების ინფორმაციით, 41 ადამიანი დაიღუპა, 66 კი მძიმედ დაშავდა სამუშაოს შესრულების დროს.

“სოლიდარობა მუშებს” აქცია. დემონსტრანტები შრომის ინსპექციის შექმნასა და შრომის უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. მათ პარლამენტთან დაღუპული მუშების მუყაოს ფიგურები დააწყვეს. 13 თებერვალი, 2018

უკვე წლებია სხვადასხვა ორგანიზაციები და მოძრაობები საქართველოში შრომის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებას ითხოვენ. შრომის ინსპექციის შექმნა საქართველოს ერთ-ერთი ვალდებულებაა ევროკავშირის წინაშეც, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას არ უარყოფს არც ხელისუფლება, თუმცა სხვადასხვა მიზეზით პროცესი ჭიანურდება. შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2017 წლის პირველ ივნისს შევიდა, თუმცა იგი დღემდე არ მიუღიათ. ეს კანონპროექტი მას შემდეგ შეიქმნა, რაც 2017 წლის 9 მაისს ტყიბულის შახტში ლიფტი ჩაწყდა და ოთხი მუშა 400 მეტრის სიმაღლის გვირაბში ჩავარდა.

კანონმდებლობის გამკაცრების მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტში შეიტანა პროექტი, რომელიც ზედმეტად ლოიალურია დამსაქმებლების მიმართ და დასაქმებულთა უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უზრუნველყოფს.
შრომის რეგულაციების გამკაცრების მოწინააღმდეგეები კი ფიქრობენ, რომ შრომის ინსპექცია ზედმეტი რეგულაციია და რეალურად არაფერს შეცვლის. გამოსავალს ისინი მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებაში ხედავენ.

JAMnews რამდენიმე მუშას ესაუბრა, რომლებიც სამუშაო ადგილებზე დაშავდნენ. მათი ისტორიები ძალიან ჰგავს ერთმანეთს.

______________________________

დავით მელქაძე, 61 წლის, ხარაგაული

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობისას, გვირაბი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოყვა

“22 იანვარი იყო, ხარაჩო უნდა დაგვეშალა. წესი ასეთია – როდესაც გეგმიური აფეთქება ხდება, გვირაბიდან ყველა მუშა გამოდის. აფეთქებიდან 45 წუთი უნდა გავიდეს და მერე მუშები შედიან და ნანგრევები გამოაქვთ. თუმცა, ასე არ ხდებოდა, არასდროს მომხდარა.

დაგვიძახეს ფეთქდებაო და შესაერთებელი კედილსკენ წავედით. ყურებზე ხელი ავიფარეთ და პირი გავაღეთ, რომ ბარაბნები არ დაგვსკდომოდა – წნევა აქვს საშინელი.

აფეთქდა თუ არა, წამოვედით, რამდენიმე მეტრი გამოვიარეთ, თან ვბრაზობ, ჩემდათავად აქ შემომსვლელის დედა მეთქი. ამ დროს, მოულოდნელად, კიდევ ერთი აფეთქება მოხდა, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა და 3 ადამიანი ნანგრევებში მოვყევით. მეორე აფეთქებას არ ველოდებოდით. მარტო მარცხენა ხელი მქონდა მაღლა დარჩენილი. ტკივილისგან ვყვიროდი. იქ სხვა მუშებიც იყვნენ. ჩვენი ყვირილი რომ გაიგეს, 10 წუთში მოვიდნენ და ამოგვიყვანეს.

ხელი მაქვს მოტეხილი, 6 ნეკნი ჩამტვრეული, ტვინის შერყევა, წელის მალის მოტეხილობა, გულმკერდის ტრავმები, მხრის ღია ჭრილობა. იმ ორს, ვინც ჩემთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა, ხერხემალზე აქვთ პრობლემები. რა სასწაულმა გადაგვარჩინა, არ ვიცი. ღმერთს ვყვარებივართ, არ გაგვიმეტა.

ტრავმა მანამდეც მიმიღია. გასული წლის 6 თუ 8 აგვისტოს დავიწყე მუშაობა შემდუღებლად. მანამდე სოფელში, მეურნეობით ვიყავი დაკავებული. რკინიგზაზე მძიმე სამუშაო გვქონდა და მძიმე პირობებში ვმუშაობდით – გვაწვიმდა, გვათოვდა, ტალახში ვეფლობოდით. რკინა რომ გადამქონდა, ტალახში ვერ ვმოძრაობდი ნორმალურად და ამ გადატანის დროს, რკინა დამეცა ფეხზე.

ხაშურის საავადმყოფოში ცხრადღიანი ბიულეტინი გავაკეთე და ამ ბიულეტინის თანხის მოცემაც არ უნდოდათ. დროს წელავდნენ – ერთი თვე გვაცადე და ჩაგირიცხავთო. არადა, წამლებისთვის მჭირდებოდა ფული. ეს ტრავმა მძიმე არ იყო, უბრალოდ სიარული მიჭირდა. 9 დღის მერე სამუშაოს დავუბრუნდი.

ვინტილაცია იქ არ მუშაობს, წესიერი განათება არ არის. მაღალი ძაბვის კაბელები ტალახში ყრია. იმხელა ტალახია, ფეხს ძლივს ვადგამთ. ხარაჩომდე ფეხით ვერ მიხვალ, ტრაქტორს მივყავართ და ისე ვძვრებით.

აფეთქებული ქვები უნდა შეამოწმონ, მაგრამ ამას არ აკეთებენ, ფეხებზე ჰკიდიათ. ერთი ბიჭი გადარჩა ამას წინად. უბრალოდ სიგარეტს მოუკიდა და გამოვიდა, თორემ არ არსებობს, რომ იქ ცოცხალი გადარჩენილიყო.

ახლა თბილისში ვარ, ვმკურნალობ. ექიმებმა მითხრეს, ჯერ ვერსადაც წახვალო. სოფელში რომ წავიდე, სასწრაფოს მოსვლას იმდენი ხანი უნდა, იქ ჩემი მშველელი კაციშვილი არ არის. თბილისში ბინას ვქირაობ.

10 დღე საავადმყოფოში გავატარე. თავიდან ოპერაციის და რეანიმაციის გადასახადი საყოველთაო დაზღვევამ დაფარა. დარჩენილი 4 დღე კომპანიამ „ჩინეთის რკინიგზის 23-ე უბანი“.

რომ ვმუშაობდი, დღეში 25 ლარი მქონდა. ყოველ დღე ვმუშაობდი, რომ ოჯახი მერჩინა. თვე-ნახევარი ჩემთან ერთად ჩემმა შვილმაც იმუშავა, მაგრამ მერე ძალით გამოვაგდე, შიშის გამო. წადი შვილო, თუ სიკვდილია მე მოვკვდები, შენ ახალგაზრდა ხარ მეთქი.

ბრაზი მომდის, ბოღმისგან ვიგუდები. ყველა დასაჭერია. ვნახავ ახლა როგორ წავა საქმე და როგორ დამეხმარებიან. თუ არადა, სტრასბურგში წასვლა რომ მომიწიოს, წავალ და ვიჩივლებ. არ შევარჩენ მაგათ არაფერს”.

მანუჩარ მელქაძე, 28 წლის, ხარაგაული
მუშაობს რკინის ცეხში

“ერთხელ იმხელა ქვა ჩამოვარდა გვირაბში, ტრაქტორმა ძლივს გამოიტანა მერე. ორი წუთის გამოსულები ვიყავით და ბეწვზე გადავრჩით. ეს იმიტომ მოხდა, რომ მილები არ ჰქონდათ წესიერად გაკეთებული.

მერე უფროსი მოვიდა და ვუთხარი, ასეთ პირობებში არ ვიმუშავებ, თუ ქვები თავზე დამეყარა-თქო. სხვებმაც ამიბეს მხარი, გამოვედით ყველანი, ვჩხუბობდით, ვიძახდით – არ შევალთ სანამ გამაგრებას არ გააკეთებთო, მაგრამ მაინც არ გააკეთეს. მე წამოვედი, მოსაკლავი თავი არ მაქვს. სხვები დარჩნენ, რა ქნან? მთელ საქართველოში ხომ უმუშევრობაა, მაგრამ ხარაგაული ყველაზე წყალწაღებული რაიონია”.

თამაზ ტალახაძე, 53 წლის, ხარაგაული, სოფელი ნებოძირი

სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე მუშაობისას, გვირაბი ჩამოინგრა და ნანგრევებში მოყვა

“2017 წლის 29 ივლისს ხარაგაულში, მე-7 გვირაბის გამაგრებაზე ვმუშაობდით, რომ დავმარცხდი [ასე ეძახიან იმერეთში მეშახტეები უბედური შემთხვევის დროს ტრავმის მიღებას] გეგმიური აფეთქება იყო, შემდეგ ტრაქტორი შევიდა,  ნანგრევები გამოზიდა და მერე ჩვენ შევედით. ჩვეულებრივად ჩვენს საქმეს ვაკეთებდით, როცა გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა. ხარაჩოს მეორე სართულიდან გადმოვვარდი და ნანგრევებში მოვყევი.

ცალ ყურში არ მესმის, ხერხემალი დაზიანებული მაქვს, თავის ქალაზე ტრავმები მივიღე, სიმძიმეს ვერ ვწევ, ვერ ვმუშაობ”.

თამაზ ტალახაძის შვილიშვილი

“საავადმყოფოს გადასახადი საყოველთაო ჯანდაცვამ დაფარა, მაგრამ მკურნალობა დღემდე მჭირდება. დამსაქმებელმა 20 ათასი ლარი მომცა კომპენსაციის სახით.

მანამდე ელმავალზე ვმუშაობდი, მაგრამ შემცირებაში მოვყევი. გვირაბის მშენებლობაზე მუშაობა 2016 წლის დეკემბერში დავიწყე. ხელფასი გამომუშავებით მქონდა, საშუალოდ 600 ლარი. დაგვირეკავდნენ, ერთ საათში უნდა ჩასულიყავი. ჩემი ბიჭიც მუშაობდა ჩემთან ერთად, მაგრამ გამოუშვეს. მთელი სოფელი იქ მუშაობდა”.

ჯუმბერ კენჭოშვილი, 49 წლის, ჭიათურა, სოფელი თაბაგრები

წერეთლის მაღაროში მუშაობისას დაკარგა ხელის მტევანი

“2013 წლის 18 მაისს დავმარცხდი [ასე ეძახიან მეშახტეები საწარმოო ტრავმის მიღებას]. კაფსონი გასკდა და ხელში ამიფეთქდა. ხელის მტევანი მომძვრა.

ოპერაციის ფული ტრესტმა [საწარმოთა გაერთიანება, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია საქმიანობის ერთობლივი სფეროებით] გადაიხადა. საძმაკაცო, მაღაროს ბიჭები დამეხმარნენ შეძლებისდაგვარად – ამიკრიბეს ფული და მომცეს. პროფკავშირმა მხოლოდ 300 ლარი მომცა. მთავრობისგან ფული არ მიმიღია. არავის უთქვამს – ჯუმბერ, ეს გეკუთვნის და მოითხოვეო.

4 შვილის მამა ვარ, მე-2 ჯგუფის ინვალიდი, რის გამოც 100 ლარს და კიდევ, როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახი, დახმარებას ვიღებთ 270 ლარამდე. სულ ესაა ჩემი ოჯახის შემოსავალი”.

ამავე თემაზე

10 დაბრკოლება კავკასიელი ქალის კარიერისთვის

10 დაბრკოლება კავკასიელი ქალის კარიერისთვის

ადამიანის უფლებები კავკასიაში - Amnesty International-ის დასკვნები

ადამიანის უფლებები კავკასიაში - Amnesty International-ის დასკვნები

სანქციების მძევლები: რატომ აღარ მიემგზავრებიან სომეხი მუშები რუსეთში?

სანქციების მძევლები: რატომ აღარ მიემგზავრებიან სომეხი მუშები რუსეთში?

საქართველოს პროფკავშირებმა შრომის კანონმდებლობის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

საქართველოს პროფკავშირებმა შრომის კანონმდებლობის შესაცვლელად ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

სომხეთში გიდები შაბათობებს აწყობენ, რათა ტურისტებმა დაბინძურებული ღირსშესანიშნაობები არ ნახონ

სომხეთში გიდები შაბათობებს აწყობენ, რათა ტურისტებმა დაბინძურებული ღირსშესანიშნაობები არ ნახონ

სომხეთში დამსაქმებლები მომუშავეთა შრომით უფლებებს ხშირად არღვევენ

სომხეთში დამსაქმებლები მომუშავეთა შრომით უფლებებს ხშირად არღვევენ

სომხეთში შესაძლოა დაიხუროს საავადმყოფო, სადაც შიდსისა და აივ ინფექციის დიაგნოზიანი პაციენტები მკურნალობენ

სომხეთში შესაძლოა დაიხუროს საავადმყოფო, სადაც შიდსისა და აივ ინფექციის დიაგნოზიანი პაციენტები მკურნალობენ

ჭიათურა - შავი მარგალიტი

ჭიათურა - შავი მარგალიტი


ასევე წაიკითხეთ