რუსეთში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჩრდილო კავკასიელები ადამიანებს ბოდიშის მოხდას აგრესიული ფორმით აიძულებენ. ეს პრაქტიკა კადიროვმა დაამკვიდრა" />

ბოდიში მოუხადე კავკასიას!

რუსეთში გახშირდა შემთხვევები, როდესაც ჩრდილო კავკასიელები ადამიანებს ბოდიშის მოხდას აგრესიული ფორმით აიძულებენ. ეს პრაქტიკა კადიროვმა დაამკვიდრა

REUTERS/Maxim Shemetov

 

 „კავკაზსკი უზელის“ მასალების მიხედვით

ღრმა აღშფოთება

 „რუსეთში მხოლოდ ორ რესპუბლიკაში – ინგუშეთსა და ჩეჩნეთში არ არის გოგონებით სავსე საუნები, ბორდელები და სხეულით მოვაჭრე ქალები!“

 „წესიერი ინგუში ქალების მიმართ ნათქვამ თითოეულ სიტყვაზე პასუხს აგებთ!“ 

 „დაუყოვნებლივ მოუხადეთ ბოდიში მათ,  ვისაც დაუმსახურებლად შეურაცხყოფას აყენებთ!!!“

ეს რუსული იუმორისტული შოუს Сomedy Woman-ის ვიდეოს ქვეშ დატოვებული  კომენტარებია Instagram-ში.

აღშფოთება შოუს ერთ-ერთმა სკეჩმა გამოიწვია, სადაც ესკორტ-სააგენტოს უფროსი ქალი  თავის თანამშრომელ გოგონას ლანძღავს, რომელიც საპასუხოდ ინგუშურ ენაზე თავის მართლებას ცდილობს. პრობლემა იმაშია, რომ ინტერნეტ-მომხმარებელთა ნაწილმა ინგუში გოგონა მეძავად აღიქვა, თუმცა, შესაძლოა, სკეჩში ეს არც იგულისხმებოდა.

საქმე იქამდე მივიდა, რომ რამდენიმე ათეული, აგრესიულად განწყობილი ჩრდილო კავკასიელი ტელეარხ ТНТ-ს შენობასთან მივიდა და საქმის გასარჩევად რედაქციაში შეჭრა სცადა.

ТНТ-სთან შეკრებილები მხოლოდ მას შემდეგ დაიშალნენ, რაც ტელევიზიასთან ОМОН-ის მებრძოლებით სავსე ორი ავტობუსი მივიდა. იმ დღესვე კომპანია  Comedy Club Production-ის გენერალური დირექტორი ანდრეი ლევინი მოსკოვში, ინგუშეთის მუდმივ წარმომადგენლობაში მივიდა და „საჯაროდ მოიბოდიშა“ – ტელეკომპანიამ თავის ვებგვერდზეც მოიხადა ბოდიში:

„ბოდიშს ვიხდით და ვაცხადებთ, რომ მოცემული ნომერი მხოლოდ და მხოლოდ იუმორისთვის, ეროვნული დისკრიმინაციის ქვეტექსტის გარეშე შეიქმნა“.

 სხვა პრეცედენტები

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ჩრდილო კავკასიელებმა ამ ფორმით კონკრეტულ ადამიანებს ბოდიშის მოხდა აიძულეს.  ნოემბერში ბოდიშის მოხდა მოუწია რუს რეპერს ვიაჩესლავ მაშნოვს, რომელიც Гнойный-ს ფსევდონიმითაა ცნობილი. მაშნოვმა ერთ-ერთ სიმღერაში ჩეჩენი, ჩინელი და სომეხი გოგონები თავის სექსუალურ პარტნიორებად მოიხსენია.

თუმცა, “გნოინის” ბოდიშმა არ უშველა – მას კონცერტის წინ შვიდი უცნობი პირი დაესხა თავს. რეპერის მეგობრის, ანდრეი ზამაის თქმით, თავდამსხმელები „პროფესიონალურად“ მოქმედებდნენ და ყვიროდნენ, რომ მან თავისი შემოქმედებისთვის ბოდიში უნდა მოიხადოს“.

2017 წლის თებერვალში პარტია „რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების“ ინგუშეთის რეგიონული განყოფილების ხელმძღვანელმა ვისიტ ცოროევმა სამართალდამცავ ორგანოებში ბლოგერ ილია დავიდოვის (მას მედისონის მეტსახელით უფრო იცნობენ) პასუხისგებაში მიცემის მოთხოვნით განცხადება გაგზავნა.

ცოროევის აღშფოთება გამოიწვია მედისონის ერთ-ერთმა ვიდეორგოლმა გამოიწვია, სადაც ბლოგერი ყურანს „მაინ კამპფ“-ს ადარებს და მუსლიმებითვის ამ წმინდა წიგნის აკრძალული ლიტერატურის სიაში შეტანას მოითხოვს.

21 იანვარს დავიდოვი მოულოდნელად რუსეთიდან გაემგზავრა და  Instagram-ში თავის გვერდზე დაწერა, რომ ყველაფერი „ახალგაზრდობით და სულელით მოუვიდა“.

ახლახან ბოდიშის მოხდა რუსეთის სახალხო მეურნეობისა და სახელმწიფო სამსახურის აკადემიის სტუდენტს ალექსეი კნიაზევს მოსთხოვეს. სოციალურ ქსელში „В Контакте“ დისკუსიის დროს,  კნიაზევმა დაწერა, რომ კავკასიელ გოგონებს მათი ნათესავები რუს  მამკაცებთან შეხვედრას უკრძალავენ, რაც რუსულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

ამ კომენტარის შემდეგ კნიაზევს ქუჩაში დახვდნენ, რამდენჯერმე დაარტყეს და აიძულეს მუსლიმებისთვის და ქრისტიანებისთვის ბოდიში მოეხადა. ამ ეგზეკუციის ვიდეოჩანაწერი სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.

ეს ტრადიციები არ არის

„ოპონენტის სხვის დასანახად დამცირებას ტრადიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს“, – თქვა ტატიანა ლოკშინამ, რუსეთში Human Rights Watch-ის პროგრამის დირექტორმა.

„იმ ახალგაზრდების საქციელი, რომლებიც ადამიანებს ბოდიშის მოხდას აგრესიული მეთოდებით აიძულებენ, ძალიან ჰგავს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის და მისი ძალოვნების ქცევის მანერას. კადიროვი და მისი ხალხი უკვე წლებია სისტემატიურად ვიღაცისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ. თან უნდათ, რომ ეს ყველაფერი კამერის წინ, საჯაროდ მოხდეს. როგორც ჩანს, ეს პრაქტიკა გადამდები აღმოჩნდა“, – თქვა ლოკშინამ.

თავად შოუს კომენტირებისას, ტატიანა ლოკშინამ თქვა, რომ ეს იყო უბრალოდ „ვულგარული და უგემოვნო, ცუდი ტონის მატარებელი ხუმრობა“.

„იქნებ ტელეარხის ხელმძღვანელობა დაფიქრდეს, რომ ამგვარი ხუმრობები ქალების მიმართ – არ აქვს მნიშვნელობა ინგუშების თუ სლავების – პრინციპში, არცთუ მისაღებია? თუმცა ჩნდება კიდევ ერთი კითხვა: რატომ უყურებდნენ კავკასიელი მამაკაცები ქალურ შოუს ასეთი ხუმრობებით?“- განაცხადა ტატიანა ლოკშინამ.

ლოკშინამ აღნიშნა, რომ აუცილებელია ფედერალურმა ჩინოვნიკებმა ეთნიკური თემატიკის ხუმრობებზე რეაქცია მოახდინონ – „მაგალითად, კარგი იქნებოდა ეთნიკური ხუმრობების თაობაზე ფედერალური დონის პოლიტიკოსების კომენტარები მოგვესმინა. თუ რამდენად დასაშვებია ამგვარი იუმორი თავისუფალი თვითგამოხატვის ჩარჩოებში“, – დასძინა ლოკშინამ.


ასევე წაიკითხეთ