ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებელია, მაგრამ ბელარუსი სუვერენიტეტს არ დათმობს - განაცხადა ვლადიმირ მაკეიმ" />

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ რუსეთთან პოლიტიკურ ინტეგრაციას არ ვგეგმავთ

ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება შესაძლებელია, მაგრამ ბელარუსი სუვერენიტეტს არ დათმობს - განაცხადა ვლადიმირ მაკეიმ

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთისა და ბელარუსის ინტეგრაციისთვის არსებული წინააღმდეგობები დაასახელა. მისი თქმით, მათი გამოსწორება 8 დეკემბრამდე შეიძლება, როდესაც ბელარუსისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, შესაძლოა, შესაბამის პროგრამას ხელი მოაწერონ, – იუწყება The Moscow Times.

აი, მინისტრის თვალსაზრისით, ბელარუსისა და რუსეთის ეკონომიკურ ურთიერთობაში არსებული მთავარი პრობლემები: 

ნავთობი

2019 წლის იანვარში ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე რუსული საბაჟო გადასახადების შემცირება დაიწყო. ეს გადასახადები ექვსი წლის განმავლობაში მოქმედი 30 პროცენტიდან  ნულამდე შემცირდება. ამავდროულად გაიზრდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გადასახადი. რეფორმის შედეგად ბელარუსისთვის ნავთობის ფასი მსოფლიოსას გაუტოლდება. პროგნოზების თანახმად, ექვსი წლის განმავლობაში ბელარუსის დანაკარგები $10,5 მილიარდზე მეტს შეადგენს. 

ბუნებრივი აირი

ამჟამად მინსკი ბუნებრივი აირის 1000 კუბომეტრს $127-ად ყიდულობს. ბელარუსის ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია, რომ იმ ფასის დადგენას იმედოვნებს, რა ფასადაც რუსეთის სმოლენსკის ოლქი  ბუნებრივ აირს იღებს; ანუ ათას კუბომეტრს – დაახლოებით $70-ად. რუსულ ბუნებრივ აირზე  ფასის შემცირება, შესაძლოა, ერთ-ერთი იმ პირობათაგანი გახდეს, რის სანაცვლოდაც, მინსკი ეკონომიკური ინტეგრაციის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერას დათანხმდება.

სანქცირებული საქონელი

მოსკოვს არაერთხელ დაუდანაშაულებია მინსკი იმაში, რომ ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთში ვითომ ბელარუსული, სინამდვილეში კი დასავლეთის საქონელი შედის, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში სანქციები მოქმედებს.

თუმცა, ვლადიმირ მაკეი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება იმას არ ნიშნავს, რომ ბელარუსი საკუთარი სუვერენიტეტის დათმობას აპირებს, საკითხი ორი ქვეყნის პოლიტიკურ ინტეგრაციასა და ერთიანი ვალუტის შექმნას არ შეეხება. 

 


ასევე წაიკითხეთ