ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ნახევარზე მეტს შეადგენს " />

ბაქოში 2019 წელს ავტოავარიების შედეგად 107 ფეხით მოსიარულე დაიღუპა

ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ნახევარზე მეტს შეადგენს

2019 წლის გასული 11 თვის განმავლობაში ბაქოში 488 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რომელთაგან  294 – ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახებაა. ამ დაჯახებების შედეგად 107 ადამიანი დაიღუპა და 187 დაზიანდა, წერს  Report.

2018 წელს თანაფარდობა დაახლოებით ასეთივე იყო – 619 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევიდან ნახევარზე მეტი ფეხით მოსიარულეებისთვის მანქანის დაჯახება იყო.

ტყიბული  – სიკვდილს შეჩვეული საქართველოს ქალაქი

მანქანა ადამიანებს ყველაზე ხშირად დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში, გაუნათებელ ადგილებში ეჯახებათ, – იუწყებიან ბაქოს საგზაო პოლიციის სამმართველოში. მაგრამ დაჯახების შემთხვევები ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა და მიწისზედა გადასასვლელების მახლობლადაც ხდება.

სამმართველოს წარმომადგენელი ვაგიფ ასადოვი ამბობს, რომ უმეტეს შემთხვევაში, ბრალი არამხოლოდ მძღოლებს, არამედ თავად ფეხით მოსიარულეებსაც მიუძღვით.

 „ფეხით მოსიარულეებს ვურჩევთ, რომ საგზაო მოძრაობის წესები არ დაარღვიონ, ტროტუარებზე იარონ, ან ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებით ისარგებლონ. განსაკუთრებით – სიბნელეში. ასევე – შეეცადონ, რომ გზაზე გადასვლისას ყურსასმენები არ გამოიყენონ, და ტანსაცმელზე შუქის ამრეკლავი დაიმაგრონ“,ამბობს საგზაო პოლიციის წარმომადგენელი ვაგიფ ასადოვი.

ასადოვი დასძენს, რომ ისინი ფეხით მოსიარულეებზე „ზედამხედველობის“ გაძლიერებას გეგმავენ, რათა ისინი არასათანადო ადგილებში გზაზე გადარბენას გადააჩვიონ. 

ახლა შეუსაბამო ადგილას გზაზე გადასვლის ან შუქნიშნის წითელ შუქზე გადარბენისთვის ფეხით მოსიარულეებს 18-20 მანათით [დაახლოებით $10-12] აჯარიმებენ. ეს პრაქტიკა, ძირითადად, მოქმედებს ქალაქის ცენტრში, სადაც ერთ გზაჯვარედინზე ერთდროულად შეიძლება რამდენიმე პოლიციელი მორიგეობდეს. 

ფოტო: პიკის საათი ბაქოს ცენტრში ხალხმრავალ გზაჯვარედინზე 

მძღოლები ფეხით მოსიარულეებს ადანაშაულებენ, ფეხით მოსიარულეები – ქალაქის ხელისუფლებას

მძღოლებს დაჯახების შემთხვევების ძირითად მიზეზად ის მიაჩნიათ, რომ ბევრმა ფეხით მოსიარულემ საგზაო მოძრაობის წესები არ იცის.

„საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ფეხით მოსიარულეებმა ხშირად არ იციან, მაგალითად, რეგულირებული გზაჯვარედინის წესები, გზაზე მანქანებისთვის განკუთვნილ მწვანე შუქზე გადადიან, და ჰქონიათ, რომ ის მათ ეხებათ. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ბაქოში ადამიანებს ავტობუსზე დაგვიანების უფრო მეტად ეშინიათ, ვიდრე იმქვეყნად ნაადრევად მოხვედრის. ვფიქრობ, კარგი იქნებოდა მთელი ამ წესების სკოლებში სწავლების შემოღება. უსამართლობაა მძღოლების დადანაშაულება – ბოლო დროს ისინი ფეხით მოსიარულეებს გაცილებით უკეთ ეპყრობიან. ზოგჯერ თავად ზიანდებიან, რომ დაჯახება თავიდან აიცილონ. კიდევ ერთი პრობლემა ისაა, რომ შემოდგომასა და ზამთარში ძალიან ბევრი ადამიანი შავ ან მუქი ფერის ტანსაცმელს იცვამს, და ბავშვებსაც ასე აცმევენ, ეს კი სიბნელეში ადამიანს მძღოლისთვის „უხილავს“ ხდის. ბევრ ქვეყანაში შუქის ამრეკლავებს იყენებენ, და ტანსაცმელეზე იმაგრებენ, ან ასეთი ამრეკლავი ელემენტების მქონე ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ყიდულობენ. მაგრამ ჩვენთან ამას ძალიან იშვიათად შეხვდები“, – ამბობს ავტომობილის მძღოლი ლეილა გუსეინოვა.

თავად ფეხით მოსიარულეებს კი ბევრი პრეტენზია აქვთ მათ მიმართ, ვინც ქუჩებსა და გადასასვლელებს აპროექტებს.

„დიახ, ფეხით მოსიარულეები ხშირად შეუსაბამო ადგილას გადარბიან ქუჩაზე, მაგრამ ზოგჯერ მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ. უახლოესი გადასასვლელი შორსაა, ან საერთოდ არ არის, თანაც კიდევ ზებრებს სულ უფრო ხშირად ცვლიან მიწისზედა ან მიწისქვეშა გადასასვლელებით, რომელთა უმრავლესობა მოუხერხებელია – მათი გამოყენება შედარებით ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანებსაც კი უჭირთ. კიდევ ხშირად ხდება, რომ გზის გაფართოების დროს ქალაქის ხელისუფლებას ტროტუარის დატოვება ან გაკეთება უბრალოდ ავიწყდება, ანდა სიმბოლურად ნახევარ მეტრს ტოვებენ, და ეს ნახევარი მეტრიც რომელიმე უტიფრად გაჩერებული ჯიპითაა გადაღობილი. ასეთ დროს ადამიანები იძულებულები არიან, სამანქანო გზაზე იარონ“, – ჩივის ფეხით მოსიარულე ფარჰად მიქაილოვი.

ხშირად მანქანის დაჯახების მსხვერპლები ის მეეზოვე ქალები ხდებიან, რომლებიც ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებს ხვეტავენ.  მაგრამ, ასეთ შემთხვევებში, აღშფოთებულ მოქალაქეებს პრეტენზია მძღოლების კი არა, იმ ჩინოვნიკების მიმართ უჩნდებათ, რომლებიც მეეზოვეებს ასეთ საშიშ სამუშაოზე უშვებენ, იმის ნაცვლად, რომ სპეციალური ტექნიკა გამოიყენონ.


ასევე წაიკითხეთ