ტურიზმის სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს ტურისტებს მოიზიდავს" />

ბაქოში ქუჩის მსახიობებს დააკანონებენ, მაგრამ – მხოლოდ რჩეულებს

ტურიზმის სააგენტო მიიჩნევს, რომ ეს ტურისტებს მოიზიდავს

ქუჩის მსახიობებს ბაქოს ცენტრში გამოსვლის ნებას დართავენ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუკი სახელმწიფო უწყება მათ შემოქმედებას მოიწონებს.

• ანდეგრაუნდული ხელოვნება აზერბაიჯანში  – ცენზურა, დახმარების სანაცვლოდ

• თანამედროვე აზერბაიჯანული ლიტერატურა – რა არის ეს?

ქუჩაში – ქასთინგის გავლით

ტურიზმის სახელმწიფო სააგენტომ ტურისტების გართობისთვის ქუჩის ხელოვნების განვითარების პროექტი  მოიფიქრა.

მუსიკოსებმა, მსახიობებმა, მხატვრებმა, მოცეკვავეებმა და ქუჩაში გამოსვლის სხვა ხელოვანმა მსურველებმა საგანგებო შერჩევა უნდა გაიარონ.

ისინი, ვინც ქასთინგს გაივლიან, ბაქოს ტურისტული საინფორმაციო ცენტრისგან ქალაქის ცენტრში გამოსვლის ოფიციალურ ნებართვას მიიღებენ, და მათ მუშაობისთვის ყველანაირ პირობას შეუქმნიან, წერს Report.

თუ რა კრიტერიუმებით მოხდება შერჩევა, და რა პირობებს შეუქმნიან ქუჩის მსახიობებს, ჯერჯერობით უცნობია.

პოლიცია დევნის, გამვლელები ფულს უხდიან

ამჟამად ბაქოში ძალიან ცოტა ქუჩის მსახიობია. სულეიმან ქერიმოვმა მუსიკოს მეგობრებთან ერთად ბაქოს ქუჩებში გამოსვლა რამდენჯერმე სცადა, და ის ჰყვება, რომ მაქსიმუმ ნახევარი საათის შემდეგ მათ პოლიცია დევნიდა.

 „სამაგიეროდ, ადამიანები ძალიან კარგად რეაგირებდნენ და გულუხვად გვიხდიდნენ“, – დასძენს ის.

სულეიმანს მიაჩნია, რომ ქუჩის მსახიობების „გაფილტვრა“ მართლაც ღირს. თუმცა, შიშობს, რომ აზერბაიჯანში ასეთი ქასთინგი უბრალოდ ცენზურად და იმ ყველაფრის აკრძალვად იქცევა, რაც „ეროვნულ მენტალიტეტს არ შეესაბამება“. 

სოციალური ქსელების რეაქცია

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ეს ინიციატივა გააკრიტიკეს:

 „რა შერჩევა? სად გინახავთ ასეთი რამ? ქუჩის მსახიობები გამვლელებმა უნდა შეარჩიონ და შეაფასონ, და არა – ჩინოვნიკებმა“;

 „ახლა ქალაქის ცენტრში გავლა საერთოდ შეუძლებელი გახდება!“

 „ერთხელ ვნახე, როგორ მიათრევდა პოლიცია ორ ახალგაზრდას, რომლებიც ქუჩაში მღეროდნენ, და ფულსაც კი არ აგროვებდნენ“.

 „მორჩა, ყველა კუთხეში ეს გიტარიანები დადგებიან და თურქულ სიმღერებს ააწრიპინებენ“. 


ასევე წაიკითხეთ