დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები " />

პორნოგრაფიაში ბავშვების ჩართვის ბრალდებით თბილისში 11 ადამიანი დააკავეს. მათ შორის ბავშვების მშობლები

დაკავებულთა შორის არიან აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები

ბავშვები ქუჩაში

თბილისში დააკავეს საქართველოს, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები, რომლებიც არასრულწლოვანი ბავშვებით ვაჭრობდნენ და მათ პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოებს და ვიდეოებს უღებდნენ.

სულ დაკავებულია ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული 11 ადამიანი, მათ შორის არიან ბავშვების მშობლები, რომელთა თანხმობითაც მოქმედებდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შსს-ს განცხადებით, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეები თბილისში ქირაობდნენ ბინებს, სადაც მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონი. ბავშვებს უღებდნენ  პორნოგრაფიული შინაარსის მასალას და შემდეგ ამ მასალას უცხოეთში ყიდდნენ.

• თურქეთი: სექსუალური ძალადობა ბავშვებზე

 სექსუალური განათლება საქართველოში: ვინ არის წინააღმდეგი, სკოლებში სიტყვა “სექსი” ისმოდეს

 ცხოვრება გაუპატიურების შემდეგ. 22 წლის სალომე ზანდუკელის ისტორია

ამ დროისთვის გამოვლენილია მინიმუმ 10 არასრულწლოვანი გოგონა, რომელიც ჩართული იყო ამ სქემაში. მათი ასაკი 8-დან 14 წელია. საქმის კურსში იყვნენ ბავშვების მშობლებიც. ფოტოგადაღებები მათი თანხმობით ხდებოდა და სანაცვლოდ მათ 500-დან 3000 ლარამდე უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ქართველ სამართალდამცავებთან ერთად მასში ჩართული იყვნენ ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლები.

დაკავებულია ერთი ამერიკის მოქალაქე (58 წლის) და ერთი ავსტრალიის მოქალაქე (61 წლის). ხოლო დანარჩენი ცხრა დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომელთა ასაკი 41-დან 30 წლამდეა. საქართველოს მოქალაქეებს შორის არიან ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ პორნოგრაფიული სურათებისთვის გადმორიცხულ თანხას აშშ-ს მოქალაქე თბილისში კრიპტომატებში ანაღდებდა.

პოლიციამ უკვე ჩაატარა ჩხრეკა დამნაშავეების მიერ დაქირავებულ ფოტოსალონებში. ნივთმტკიცებად ამოღებულია ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. ასევე ამოღებულია პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალა, რომლებსაც ბავშვებს უღებდნენ.

შსს-ს ბრიფინგზე ითქვა, რომ დაზარალებულ ბავშვებთან ფსიქოლოგები მუშაობენ.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა.

„კერძოდ, საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამოდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას, და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI), ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას, იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა უმწეობით“,- განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.


ასევე წაიკითხეთ