აქციის მეორე დღე. პრემიერის განცხადება, მინისტრის გამოსვლა და ბერას სიმღერა" />

აქციები დასრულებულია. შს მინისტრმა ბოდიში მოიხადა და ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პირობა დადო

აქციის მეორე დღე. პრემიერის განცხადება, მინისტრის გამოსვლა და ბერას სიმღერა

შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებთან პირადად მივიდა. მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და  ბოდიში მოუხადა.

აქციები პარლამენტთან მას შემდეგ დაიწყო, რაც 12 მაისს თბილისის რამდენიმე კლუბში პოლიციამ ანტინარკოტიკული სპეცოპერაცია ჩაატარა. როგორც შსს ამბობს, ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით მათ 8 პირი დააკავეს. თუმცა, კლუბში მყოფი ადამიანები პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და სადამსჯელო ოპერაციაზე საუბრობდნენ. სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს  კითხვები აქვს სპეცოპერაციის ორგანიზებასთან დაკავშირებით – მათი ინფორმაციით, ნარკორეალიზებაში ბრალდებული რვა ადამიანი პოლიციამ კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა და კლუბში სპეცოპერაციის ჩატარება მათ დაკავებას არ ისახავდა მიზნად.

“ბოდიში – უთხრა მომიტინგეებს გიორგი გახარიამ, –  მე ვიხდი ბოდიშს არა მხოლოდ ჩემი სახელით. ბოდიში, თუ რომელიმე თქვენგანს ან თქვენს უსაფრთხოებას რისკი შეუქმნა შინაგან საქმეთა სამინისტროს რომელიმე წარმომადგენელმა. ასევე, მინდა გითხრათ და გთხოვოთ თქვენ, რომლებმაც მიაყენეთ შეურაცხყოფა ფორმიან ადამიანებს, რომლებიც იცავდნენ თქვენს უსაფრთხოებას, ასევე მათაც უთხრათ ბოდიში“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრმა აქციის მონაწილეთა წინაშე პირობა დადო, რომ ხელისუფლება დაიწყებს უახლოეს მომავალში ნარკოლიბერალიზაციის მიმართულებით საკანონმდებლო ცვლილებებს. მან ასევე პირობა დადო, რომ დეტალურად განიხილავს სპეცოპერაციის დროს მომხდარს და თუ რომელიმე პოლიციელის მხრიდან  ძალის გადამეტება მოხდა, ისინი დაისჯებიან:

“გპირდებით, რომ ხვალ, დილის 10:00 საათზე, თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, დეტალურად განვიხილავ პარასკევ დღეს მომხდარს… მე ასევე გპირდებით, რომ ჩვენ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ვთანხმდებით იმაზე, რომ თუ დაპირებები არ შესრულდება, ყოველთვის შეგვეძლება, თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ვიცეკვოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას გამოსვლას წინ უძღოდა მისი შეხვედრა აქციის ორგანიზატორებთან პარლამენტის შენობაში. შეხვედრა ერთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, რის შემდეგაც მინისტრი მომიტინგეებთან მივიდა.

მინისტრის გამოსვლის შემდეგ შეკრებილებს აქციის ორგანიზატორებმა მიმართეს. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეებმა პირველი გამარჯვება მოიპოვეს. მან ერთ კვირიანი ვადა მისცა ხელისუფლებას – მისი თქმით, თუ ამ ერთი კვირის განმავლობაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგა, აქციები კვლავ განახლდება.

_________

მინისტრის ამ გამოსვლით, სავარაუდოდ, დასრულდა საპროტესტო აქცია, რომელიც პარლამენტთან ანტინარკოტიკული რეიდების შემდეგ დაიწყო და ორი დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

13 მაისს აქცია პარლამენტთან 15.00 საათზე დაიწყო.  რამდენიმე ათასი ადამიანის, ძირითადად ახალგაზრდების მოთხოვნები უცვლელი იყო – გადადგეს  პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და შს მინისტრ გიორგი გახარია; ასევე ხელისუფლებამ დაიწყოს მუშაობა კანონზე, რომელიც ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ იქნება მიმართული.

აქცია პარლამენტის წინ პოლიციის მიერ ჩატარებული ანტინარკოტიკული რეიდის წინააღმდეგ. ფოტო: თორნიკე მანდარია

აქცია პარლამენტის შენობის წინ. ფოტო: თორნიკე მანდარია

აქცია პარლამენტის შენობის წინ. ფოტო: თორნიკე მანდარია

მთელი დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე პარალელურად კონტრაქცია მიმდინარეობდა. ულტრანაციონალური ჯგუფები და მათი მხარდამჭერები პარლამენტის წინ მომიტინგეთა შორიახლოს, მიმდებარე ქუჩებზე იდგნენ. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციის მონაწილეებს, რამდენჯერმე გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. თუმცა, საერთო ჯამში პოლიცია მთელი დღის განმავლობაში ახერხებდა სხვადასხვა აქციის მონაწილეთა შორის ჩადგომას და დაპირისპირების აღკვეთას.

მოვლენები სწრაფად ვითარდებოდა დღის მეორე ნახევარში.

ორდღიანი დუმილის შემდეგ, საღამოს ცხრა საათზე პირველი განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. მან თქვა, რომ  “ყველა მხარეს, ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი, თუმცა აზრის გამოხატვისას დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ”.

პრემიერმა მოუწოდა ყველას, შეინარჩუნონ ერთიანობა. „კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, შევინარჩუნოთ ერთიანობა ერთი საერთო მიზნის გარეშემო, იმ მიზნისა, რომელსაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენს ახალგაზრდებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვა და მათი სიცოცხლის დაცვა. ნუ დავუშვებთ სიძულვილს განსხვავებული მოსაზრებების გამო. გავერთიანდეთ ადამიანების სიცოცხლის და ჩვენი ქვეყნის მომავლის დასაცავად“, – განაცხადა პრემიერმა.

მის განცხადებას მომიტინგეები სტვენით შეხვდნენ. “პასუხი” – სკანდირებდნენ ისინი. “პრემიერმა არაფერი არ თქვა, – აღნიშნავდნენ მიკროფონთან გამომსვლელები, – მან არ გასცა პასუხი ჩვენს მთავარ კითხვას – რატომ მოგვექცნენ ასე?”

პრემიერის გამოსვლის შემდეგ ვითარება პარლამენტთან უფრო დაიძაბა.

კონტრაქციის მონაწილეები სულ უფრო ხშირად ცდილობდნენ პოლიციელების კორდონის გარღვევას – ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პარლამენტის წინ მდგარ ადამიანებს, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ მათ. კონტრაქციის მონაწილეები პოლიციისგან პარლამენტთან მდგარი მომიტინგეების დაშლას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ თავად დაშლიდნენ აქცია.

კონტრაქციის მონაწილეები. ფოტო: ლევან მიქაძე

კონტრაქციის მონაწილეები. ფოტო: ლევან მიქაძე

კონტრაქციის მონაწილეები. ფოტო: ლევან მიქაძე

 

საღამოს ათი საათისთვის პარლამენტთან დამატებითი საპოლიციო ძალები გამოჩნდა. სპეცრაზმელები ავტობუსით და დიდი მანქანებით მოვიდნენ. ასევე რუსთაველის გამზირზე გამოჩნდა წყლის ჭავლის მანქანები და სპეციალური ტექნიკა, რომელიც ხმას გამოსცემს და მიტინგების დასაშლელად გამოიყენება.

ფოტო: თორნიკე მანდარია

აქციის მეორე დღეს პარლამენტთან უფრო ნაკლებად ისმოდა ელექტრონული მუსიკა, რომელზეც წინა დღეს მომიტინგეები ცეკვავდნენ. მუსიკას პოლიციის თხოვნით არ რთავდნენ, რადგან კიდევ უფრო არ დაძაბულიყო ვითარება კონტრაქციის მონაწილეებთან.

საღამოს თერთმეტის ნახევრისთვის შს მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობაში აქციის ორგანიზატორებს – ორგანიზაცია “თეთრი ხმაურის” ლიდერებთან შესახვედრად მივიდა. ამ შეხვედრის დასასრულს პარლამენტთან შეკრებილები განსაკუთრებით ელოდნენ.

პრემიერის განცხადებას და გახარიას პარლამენტთან მისვლას წინ უძღოდა კიდევ ერთი საინტერესო ამბავი, რომელმაც აქციის მონაწილეების და ფეისბუკ-მომხმარებლების ყურადღება პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე მეტადაც კი მიიპყრო: ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, რეპერმა ბერამ თავის ფეისბუკზე ახალი კლიპი გააზიარე. სიმღერას legalize ანუ ლეგალიზაცია ჰქვია. მმართველი პარტიის ლიდერის ვაჟმა საკუთარ სიმღერაში მარიხუანას ლეგალიზაციას ღიად დაუჭირა მხარი და გამოვიდა ნარკომომხმარებლების დაკავებების, სინთეტიკური ნარკოტიკების და ნარკოგამსაღებლების წინააღმდეგ. სიმღერაში არის ასეთი სიტყვები „წარმოვადგენ ჩემს თაობას, თაობას აღარ ეშინია მთავრობის“.

ბევრმა სწორედ ბერას სიმღერას და მის პოზიციას დაუკავშირა ის უეცარი კეთილგანწყობა, რომელიც ხელისუფლებამ 13 მაისს საღამოს აქციის მონაწილეთა მიმართ გამოიჩინა.

აქცია მინისტრის გამოსვლის შემდეგ დაიშალა. იმისთვის, რომ კონტრაქციის წარმომადგენლებთან დაპირისპირება არ მომხდარიყო, პოლიციამ პარლამენტის წინ შეკრებილები ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანა.

ფოტო: თორნიკე მანდარია


ასევე წაიკითხეთ