საზოგადოების ზეწოლის შედეგად გაირკვა ადგილი, სადაც მთელი აფხაზეთიდან ჩაიტანენ ნაგავს. დანარჩენი ნაგავსაყრელები დაიხურება" />

აფხაზეთი: მთელი ნაგავი ერთ ნაგავსაყრელზე

საზოგადოების ზეწოლის შედეგად გაირკვა ადგილი, სადაც მთელი აფხაზეთიდან ჩაიტანენ ნაგავს. დანარჩენი ნაგავსაყრელები დაიხურება

აფხაზეთში, უკვე რამდენიმე წელია, გრძელდება საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ბრძოლა ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, რომელთა ნაწილიც პირდაპირ საცხოვრებელ სახლებთანაა განლაგებული. და აი, პრობლემის პირველი ეტაპი გადაწყვეტილია.

დაიხურება ყველა ნაგავსაყრელი და სანაცვლოდ, შეიქმნება ერთი, სადაც მთელი აფხაზეთიდან ჩაიტანენ საყოფაცხოვრებო ნაგავს. ეს 32 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გულრიფშის რაიონში, კაციკიტში გამოიყო.

ამ ადგილის ამორჩევის ორი მთავარი კრიტერიუმი იყო – ხელმისაწვდომი ლოგისტიკა (ეს აფხაზეთის ცენტრალური ნაწილია) და არასაცხოვრებელი რაიონი.

„ეს ტერიტორია ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო ნაგავსაყრელად გამოყოფილი და ჩვენ ახლა იმ გადაწყვეტილების დუბლირებას ვახდენთ. კაციკიტი განლაგებულია მთისწინეთში, ამ ადგილთან ახლოს არავინ ცხოვრობს“, – განუცხადა ჟურნალისტებს გულრიფშის რაიონის გამგებელმა, ასლან ბარათელიამ.

აფხაზეთში, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, არსებობს ნაგავსაყრელების პრობლემა. დღეს არსებული არც ერთი ნაგავსაყრელი არ შეესაბამება დასაშვებ ეკოლოგიურ სტანდარტს. ამას აღიარებენ არა მხოლოდ ეკოლოგები, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლებიც.

თუმცა, სანამ ნაგავსაყრელებთან მცხოვრები მოქალაქეების პროტესტი მიტინგებსა და გზების გადაკეტვაში არ გადაიზარდა და ამან რეგულარული სახე არ მიიღო, სიტუაცია არ იცვლებოდა.

ადგილობრივი მცხოვრებლების ზეწოლის შედეგად, 2018 წელს უკვე დააკონსერვეს ნაგავსაყრელები სოხუმში, გაგრასა და გუდაუთაში. მაგრამ ამ ადგილებიდან ნაგვის წაღება დაიწყეს აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მოქალაქეებმა ასევე დაიწყეს პროტესტი.

საცხოვრებელი რაიონებიდან დაშორებით, ერთიანი ნაგავსაყრელის შექმნა ადგილობრივი საზოგადოებისთვის დიდი მიღწევაა. მაგრამ ახლა აქტივისტები აცხადებენ, რომ წინ ბრძოლის მორიგი ეტაპი ელით.

რამდენიმე წელიწადში, ეს პოლიგონი გადაივსება და მანამდე აუცილებელია იქ ნაგვისგადამამუშავებელი ქარხნის აშენება, სადაც ნარჩენები სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელ ბრიკეტებად გადაიქცევა, გადახარისხებული პლასტიკატი კი რუსეთში გაიყიდება. ჯერჯერობით ეს საკითხი მხოლოდ საზოგადოებაში განიხილება და ისიც მარტო თეორიულად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო.
Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ