წინა მერმა თანამდებობა ახალი მერის დანიშვნის შესახებ ჭორების გამო დატოვა" />

აფხაზეთი: ახალი მერი წინამორბედის გადადგომის პარალელურად წარადგინეს

წინა მერმა თანამდებობა ახალი მერის დანიშვნის შესახებ ჭორების გამო დატოვა

საცხოვრებელი კორპუსის ეზო სოხუმში

სოხუმის ახალი მერი თანამშრომლებს ყოფილი მერის საგანგებო ბრიფინგიდან რამდენიმე საათში წარუდგინეს, სადაც მან განაცხადა, რომ თანამდებობას ახალი მერის დანიშვნის შესახებ გავრცელებული ჭორების გამო ტოვებს.

დეტალები ორივეს შესახებ. 

 აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

 რა უნდა გააკეთოს და რა არ უნდა გააკეთოს აფხაზეთის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა

ახალი მერი კან კვარჩია პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში შედის 

ახალი მერის თანამშრომლებისთვის წარსადგენად პირადად პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მივიდა.

„იმედი მაქვს, რომ ახალი ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ქალაქის სახე უკეთესობისკენ შეიცვალოს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

კან კვარჩია ჯერჯერობით „მოვალეობის შემსრულებლის“ სტატუსით იმუშავებს. სოხუმის ქალაქის საკრებულომ მისი კანდიდატურა თანამდებობაზე 30 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით უნდა დაამტკიცოს. ამისათვის აუცილებელია, რომ მას მხარი დაუჭიროს 26-დან მინიმუმ 14-მა დეპუტატმა.

კან კვარჩია პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში შედის. ის წინა მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო, ამის შემდეგ კი ხელმძღვანელობდა აფხაზეთისთვის უმნიშვნელოვანეს წარმოებას „აფხაზავტორესურსებს“.

პრეზიდენტმა ყოფილ მერს, ადგურ ხარაზიას მადლობა გადაუხადა, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ამიერიდან „არავის არანაირი შეღავათი არ ექნება, თვითონ ხელმძღვანელიდან დაწყებული“.

„ქალაქმა, რომელიც თავისი ბიუჯეტით აღემატება ყველა ქალაქსა და რაიონს, ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა არ თხოვოს დახმარება ბიუჯეტს. ქალაქი უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ხაჯიმბამ.

ყოფილი მერი ადგურ ხარაზია: „ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვისი დახმარებაც ვერ შევძელი“ 

ყოფილი მერი ადგურ ხარაზია თანამდებობიდან საკუთარი სურვილით წავიდა და თითქმის ახალი მერის წარდგენის პარალელურად.

ამ ცერემონიაზე ის საერთოდ არ მივიდა.

ახალი მერის დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ადგურ ხარაზიამ ჟურნალისტებისთვის ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ თანამდებობიდან ახალი მერის დანიშვნის შესახებ გავრცელებული ხმების გამო მიდის.

„ხმები დადის, რომ გათავისუფლებას მიპირებენ. ეს, რამდენად ასეა – არ შემიძლია გითხრათ, არ ვფლობ ინფორმაცია. არავის დავუბარებივარ და არანაირი საბუთი არ უჩვენებია. მაგრამ, რაკი ასეთი სიტუაცია შეიქმნა ჩემ გარშემო, არ ვაპირებ თანამდებობას ჩავებღაუჭო, მე მივდივარ“, – განაცხადა ხარაზიამ.

ამ სიტყვების შემდეგ, მან საკუთარი საქმიანობა შეაჯამა:

„ამ თანამდებობაზე მუშაობის ხუთი წლის განმავლობაში, ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს. ონკანში წყალი ყოველთვის არ მოდის, ადამიანები ყოველთვის კარგად დანაყრებულები ვერ იძინებენ. მოქალაქეები ხშირად გზავნიან დახმარების თხოვნით წერილებს, ვიღაც ავად არის და არ შეუძლია გარეთ გამოსვლა. მოქალაქეების პრობლემებზე ფიქრში ბევრი ღამე არ მძინებია. ბოდიში მინდა მოვუხადო მათ, ვისი დახმარებაც ვერ შევძელი“, – განაცხადა ხარაზიამ და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თანამდებობიდან მიდის, რადგან არასოდეს ებღაუჭებოდა სავარძელს.

ადგურ ხარაზია სოხუმის მერი იყო 2014 წლიდან. ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი იყო.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

ასევე წაიკითხეთ