თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქვემო ქართლში სისხლიანი გარჩევები დაიწყო" />

ხუთი ადამიანია დაჭრილი მარნეულში, პოლიტიკური პარტიის შტაბზე თავდასხმისას

თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ქვემო ქართლში სისხლიანი გარჩევები დაიწყო

19 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი დღით ადრე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ შტაბს უცნობი პირები თავს დაესხნენ და ცეცხლი გახსნეს.

დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან მარნეულის „ჯეო-ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში.

რა მოხდა “ქართული ოცნების” შტაბთან, ამ კითხვას პასუხი შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა გასცეს.

დაზარალებულთა ახლობლები ჟურნალისტებთან კონტაქტს გაურბიან. რამდენიმე მოკლე კომენტარში მათ თქვეს, რომ არაფერი იციან, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო თავდამსხმელი ან რა მოტივი ამოძრავებდა მას.

ჯერჯერობით შს სამინისტრო, რომელიც მომხდარ ფაქტს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) იძიებს, დუმს.

შემთხვევის ადგილზე წუხელ, გვიან ღამითვე ჩავიდნენ შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და  საქართველოს პარლამენტის წევრი არჩილ თალაკვაძე. „ჯეო-ჰოსპიტალის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

შშს მისიტრმა გიორგი მღებრიშვილმა ყველას მოუწოდა გამოძიების დასრულებამდე წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ, რათა არ მომხდარიყო მომხდარისთვის პოლიტიკური სარჩულის მიკერება.

თუმცა, ის ფაქტი, რომ ორ დღეში არჩევნებია, ხოლო სროლა მმართველი გუნდის ოფისთან მოხდა, უკვე გახდა პოლიტიკური განცხადებების მიზეზი.

მარნეულის  ოპოზიციის წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ ეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის გარჩევა ყოფილიყო.

ოპოზიციური პარტიის „ევროპული საქართველოს“ მარნეულის მერობის კანდიდატი აჰმედ იმამკულიევი ამბობს, რომ ეს შიდაპარტიული გარჩევა იყო.

„თავდაპირველად „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იყო ამირან გიორგაძე, თუმცა ორი თვის წინ ის ჩაანაცვლეს თემურ აბაზოვით. მარნეულში „ქართული ოცნება“ სამად არის გაყოფილი, ერთი არის გიორგაძის მხარე, მეორე – აბაზოვის, მესამე კი დეპუტატების, რომლებსაც ნდობა უკვე დაკარგული აქვთ მოსახლეობაში. ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს და რა ჭორებიც დადის, ის არის, რომ მერობის კანდიდატის შეცვლამ გამოიწვია დაპირისპირება ამ სამ ფრთას შორის. პერიოდულად, გვაქვს ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში ხშირად არის კამათი, სიტყვიერი დაპირისპირება და ა.შ. ჩვენ როგორც ვიცით, დაპირისპირებული მხარეები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისშიც იმყოფებოდნენ“, – განაცხადა იმამკულიევმა.

ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“  მარნეულის მერობის კანდიდატი აზერ სულეიმანოვიც იგივე  აზრზეა:

“90-იანი წლები დაბრუნდა მარნეულში, ხალხი ავტომატით დარბის, არაფერს ერიდებიან. ხდება ჩაცხრილვა და ასეთი კრიმინალური ფაქტები. მარნეული ერთგვარად ავღანეთს დაემსგავსა იმით, რომ ყველა არჩევნების წინ, ან არჩევნებზე რაღაც უნდა მოხდეს. რაც ინფორმაცია მაქვს, ყველაფერი მაქვს ჭორის დონეზე, თუმცა პოლიტიკურ მოტივს უფრო მეტად გამოვრიცხავ”, – განაცხადა სულეიმანოვმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტი ქვემო ქართლის რეგიონშია.  მარნეულის მოსახლეობის 83 პროცენტი ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები არიან.


ასევე წაიკითხეთ