მოსაზრება: რატომ აღარ უმართლებს ვლადიმირ პუტინს?
ვლადიმირ პუტინს ბევრი წლის განმავლობაში წარმატება თან სდევდა. ნავთობისა და ბუნებრივი აირის რეკორდული ფასები, დასავლეთის სამყაროს ლიდერების მხრიდან შემრიგებლური დამოკიდებულება, საკუთარი მოსახლეობის მორჩილება – ეს ყველაფერი მას ისეთი საგარეო პოლიტიკის გატარების საშუალებას აძლევდა, რომელსაც ის ერთპიროვნულად განსაზღვრავდა.
ამავდროულად, რუსების მხრიდან მისდამი ნდობისა და კეთილგანწყობის რეიტინგი მხოლოდ უმნიშვნელოდ თუ კლებულობდა.
და უცებ…
რა იყო და რა იქნება
ვლადიმირ პუტინი რუსეთის პრეზიდენტად მეოთხე ვადით შვიდი თვის წინათ აირჩიეს. ამ დროის განმავლობაში:
• რუბლი 25%-ით გაუფასურდა;
• მოსახლეობას გადასახადები გაეზარდა;
• დაკარგულია ინფლაციაზე კონტროლი: მოსახლეობის რეალური ხარჯები შემოსავალზე 2-ჯერ უფრო სწრაფად იზრდება;
• სხვადსხვა კონფლიქტის შედეგად გაფუჭებულია ურთერთობა საბერძნეთთან, შვეიცარიასთან , ისრაელთან – არცთუ ბევრ რუსეთისადმი ნეიტრალურად განწყობილ ქვეყანასთან;
• სომხეთში ხელისუფლება შეიცვალა და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი სულ უფრო ნაკლებად პრორუსული ხდება;
• სკანდალი მოხდა ზღვისპირეთში, სადაც უხეში დარღვევებისთვის გუბერნატორის არჩევნების შედეგების გაუქმება მოუხდათ;
• მმართველი პარტიის, „ედინაია როსიას“ კანდიდატები არჩევნებში სამ რეგიონში დამარცხდნენ;
• მოხდა საეკლესიო განხეთქილების პროვოცირება, რაც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას შემოსავლების მესამედის დაკარგვით ემუქრება;
• რუსი კლიენტებს კვიპროსის, შვეიცარიის, და ახლა კი უკვე ჩინურ ბანკებშიც ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება;
• წაგებულია სასამართლოები უკრაინასთან – გაზპრომს მეგაპროექტებისთვის ფულის სესხება აღარ შეუძლია;
• უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთის საბანკო ვალდებულებებში სახსრების ჩადება შეწყვიტეს, და ისინი 12%-ით გაუფასურდა;
• სირიაში (საიდანაც „ჯარი გამოიყვანეს“) 15 ოფიცერი დაიღუპა და დაკარგულია რიგით მეათე თვითმფრინავი;
• რუსეთის წინააღმდეგ დიდ ბრიტანეთში ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად ცივი ომის დროიდან ყველაზე მკაცრი სანქციები დააწესეს – იმასთან ერთად, რაც მანამდე ყირიმის ანექსიისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში ჩარევის გამო იყო დაწესებული;
• რუსეთის ხელისუფლება იძულებული იყო საპენსიო ასაკის გაზრდის შესახებ გამოეცხადებინა.
რატომ შეაქცია წარმატებამ ზურგი?
ბევრი ექსპერტი მრავალი წლის განმავლობაში აფრთხილებდა:
• ეკონომიკა, რომელიც 65 პროცენტით ენერგომატარებლებით ვაჭრობაზეა დამოკიდებული – არამდგრადია. ადრე თუ გვიან ნახშირწყალბადზე მაღალი ფასების პერიოდი დასრულდება;
• რუსეთში კორუფციამ სისტემური ხასიათი მიიღო, კორუფციული შემოსავლები ათობით მილიარდი დოლარით იზომება, და ეს აუცილებლად გამოიწვევს უკმაყოფილებას;
• რუსეთი თავს აგრესიული საგარეო პოლიტიკის უფლებას ვერ მისცემს. მისი ეკონომიკა ზედმიწევნით დამოკიდებულია გლობალურზე, მოკავშირე კი ძალიან ცოტა და ნაკლებად გავლენიანი ჰყავს.
ვლადიმირ პუტინი და მისი გარემოცვა ამ გაფრთხილებებს იგნორირებას უკეთებდნენ. შესაძლოა, მისი ლეგენდარული წარმატებულობის ამბავი მათაც დაიჯერეს და რუსეთში ბოლო შვიდი თვის განმავლობაში მომხდარი მოვლენები მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. შესაძლოა, ისინი უბრალოდ მართვის სხვა – თანამედროვე და ცივილიზებულ მეთოდებს არ ფლობენ.
ნებისიმიერ შემთხვევაში, ახლა…
რა იქნება ამის შემდეგ?
თავისთვის მოულოდნელად მთელ რიგ სერიოზულ პრობლემებს რომ გადააწყდა, რუსეთის ხელისუფლება არჩევანის წინაშე დადგა: რეჟიმი შეერბილებინა, თუ „ხელი უფრო მაგრად მოეჭირა“.
მისი უკანასკნელი ქმედებების მიხედვით, არჩევანი „ხელის მოჭერის“ სასრგებლოდ გაკეთდა.
• საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ პროტესტს უხეში ძალით ახშობენ;
• რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ერთი ადმინისტრაციული სასჯელიდან ზედიზედ მეორეს იხდის;
• სახელმწიფო მედიაში მატულობს პროპაგანდისტული კამპანია, რომლის მიზანია – მოსახლეობა იმაში დაარწმუნოს, რომ რუსეთის ყველა წარუმატებლობაში უკრაინა და დასავლეთი არიან დამნაშავე.
• იზრდება იმ პოლიციური ქვედანაყოფების სარჩენად გამოყოფილი ასიგნაციები, რომლებსაც მასობრივ არეულობასთან ბრძოლა ევალებათ.
მაგრამ ყურადღებით თუ დავაკვირდებით, შესამჩნევი გახდება, რომ რეჟიმის მთელი პოლიტიკური გამკაცრება უაღრესად არათანმიმდევრულ, თითქმის ქაოსურ ხასიათს ატარებს. ხოლო მის გასამართლებლად გაწეული პროპაგანდისტული ძალისხმევა უკვე ისტერიკას ჰგავს.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაგროვილ პრობლემებთან დაკავშირებით არავითარი სისტემური პასუხი არ გააჩნია. ის ძველებურად გამართლების იმედზეა. გაუმართლებს კი ეს გათვლა? ამის გამო სიფრთხილე მართებს რუსეთივით დიდ ქვეყნის ყველა მეზობელს, რომელსაც ქიმიური წარმოება, ატომური ელექტროსადგურები და მსოფლიოში მეორე ბირთვული პოტენციალი აქვს.