საქართველოს პრეზიდენტი საქართველოზე მომუშავე უცხოელ ექსპერტებსაც შეეხო და მათ არაკომპეტენტურები უწოდა" />

“არც ჯარი გვაქვს და არც იარაღი და არც გვექნება”. საქართველოს პრეზიდენტის მორიგი სკანდალური გამოსვლა

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოზე მომუშავე უცხოელ ექსპერტებსაც შეეხო და მათ არაკომპეტენტურები უწოდა

სალომე ზურაბიშვილი

“საქართველოს და კავკასიის შემსწავლელი მეცნიერებების საკოორდინაციო ცენტრი” – ასე ჰქვია ცენტრს, რომელიც გუშინ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით თბილისში, ორბელიანის სასახლეში საზეიმოდ გაიხსნა.

ეს ერთი შეხედვით უწყინარი ღონისძიება დიდ სკანდალად იქცა და პრეზიდენტის სასახლესთან საპროტესტო აქციების მიზეზიც კი გახდა. 

მიზეზი პრეზიდენტის სიტყვა იყო, რომელიც მან ცენტრის გახსნაზე წარმოთქვა. 

ღონისძიებაზე პრეზიდენტმა მეცნიერები და მკვლევარები მიიწვია და თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც არც ჯარი აქვს, არც იარაღი, არც ეკონომიკური პოტენციალი და მსოფლიოს მხოლოდ ცოდნით და ძველი კულტურით გააკვირვებს. 

ახალი ცენტრის მიზნებზე საუბრისას, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ის უცხოელები, რომლებიც დღეს საქართველოს შესახებ წერენ “არალეგიტიმურები” და “არაკომპეტენტურები” არიან და ეს პრაქტიკა უნდა შეიცვალოს.

• საქართველოში პოლიტიკური კრიზისია. სად არის გამოსავალი? ექსპერტების მოსაზრებები

 ვინ არის სალომე ზურაბიშვილი

როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ცენტრის მთავარი მიზანი იქნება “საერთაშორისო საზოგადოებას მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოსა და კავკასიის შესახებ” და ამ მიმართულებით გაააქტიუროს სამეცნიერო მუშაობა. 

პრეზიდენტის განცხადებით, ამჟამად  საქართველოს შესახებ არაკომპეტენტური უცხოელები წერენ, რომლებსაც ან “ლეგიტიმაცია არ აქვთ” ან უბრალოდ არ მოსწონთ საქართველო.

„ის უცხოელები, რომლებიც დღეს წერენ საქართველოზე, ან საქართველოს მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაში არიან, ან არ აქვთ ის ცოდნა… და კომპეტენცია, რომელიც მოდის იმისგან, რომ ქვეყანაში იყავი, ენა იცი და ჩვენს მეცნიერებთან ერთად გახდი შენ თვითონ მეცნიერი”.

მისი თქმით, ეს პირველ რიგში ეხება ქართველოლოგიას, თუმცა არა მხოლოდ:საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველოზე პოლიტოლოგები და ექსპერტებიც არაობიექტურ ინფორმაციას ავრცელებენ.

“პოლიტოლოგიაში იგივეა. მე კარგად ვიცი, რა იწერება საზღვარგარეთ საქართველოს შესახებ და ყველა თავის თავს ნებას აძლევს, საქართველოს შესახებ რაღაცა წეროს ისე, რომ არავინ მას არ მისცა ის ლეგიტიმაცია, რომ დაწეროს საქართველოს შესახებ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველო “დაკომპლექსებული ერი” გახდა და ზოგჯერ ქართველებს ავიწყდებათ, რომ “საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის სამეცნიერო-კულტურული კერა და ცენტრი”.

“ჩვენ არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება. არც ის დიდი ეკონომიკური პოტენციალი გვაქვს, რომ რეგიონი დავიპყროთ, მაგრამ ჩვენ გვაქვს ის ძალიან ძლიერი იარაღი, რასაც ჰქვია ცოდნა, მეცნიერება, კულტურა,” – განაცხადა მან. 

პრეზიდენტს პრობლემურად მიაჩნია ის ფაქტი, რომ ახალგაზრდები მომავალ პროფესიად იურისტობას ირჩევენ და არა „თავის თავის შესახებ ცოდნის გავრცელებას“.

” ახალგაზრდების უმეტესობა ისევ აირჩევს იურისპრუდენციის სწავლას, თუ მათ არ ეცოდინებათ, რომ პრიორიტეტი არის „თავის თავის შესახებ ცოდნის გავრცელება“, – აღნიშნა მან. 

 მისი თქმით, არცერთი მატერიალური პროდუქცია საქართველოს არ მოუტანს იმდენ წარმატებას, რამდენსაც ცოდნა, კულტურა და მეცნიერება.

„ჩვენ უნდა გავიტანოთ ჩვენი ენა, კულტურა, იდენტობა, ჩვენი რეგიონის შესახებ, ქვეყნის შესახებ, ჩვენი ენების შესახებ, არა მხოლოდ ქართული ენის შესახებ. იგივე აფხაზური ენის დამცველები ვართ ჩვენ და მეტი სხვა დამცველი აღარ ჰყავს აფხაზურ ენას. ეს არის ჩვენი მოვალეობა და ჩვენი მომავალი“, – განაცხადა  ზურაბიშვილმა.

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახურში აცხადებენ, ს მსგავსი ცენტრის შექმნის თხოვნით აღმასრულებელ ხელისუფლება “სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს”.

განცხადებაში, რომელსაც მეცნიერები აწერენ ხელს, ნათქვამია: “ქართული სამეცნიერო საზოგადოება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას მივმართავთ თხოვნით, გლობალიზაციის ხანაში კავკასიური ენებისა და კულტურების გადასარჩენად”. 

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილი, Reuters

“ზურაბიშვილი vs ჯარისკაცები”

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ამ  განცხადებებს დიდი კრიტიკა მოჰყვა.

“ეზოში ქვეყნის მტერია”, – ამ სლოგანით პრეზიდენტის სასახლესთან მოძრაობა “შეცვალეს”  წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

მათ ჯართან დაკავშირებით ზურაბიშვილის განცხადება გააპროტესტეს.

“ადამიანი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალია, რომელიც ქვეყნის წარმომადგენელია საერთაშორისო ურთიერთობებში, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, არ უნდა აკეთებდეს ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს, რომელიც ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებას უწყობს ხელს”, – განაცხადა მოძრაობის წევრმა ანნა ქართლელიშვილმა.

აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები წარწერით: “სალომე “ქოცების“ მთავარსარდალი”, “ზურაბიშვილი vs ჯარისკაცები”, “სალომე „ოცნების“ მთავარსარდალი”.

პრეზიდენტის განცხადებას “ანტისახელმწიფოებრივი” უწოდა ოპოზიციამ თითქმის სრული შემადგენლობით.

ოპოზიციური საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს წარმომადგენლები გმირთა მოედანზე, ქართველი ჯარისკაცის მემორიალთან მივიდნენ და პრეზიდენტს და ჯარისკაცებს იქედან მიმართეს:

“თქვენ, ქართველო ჯარისკაცებო, საუბედუროდ, გყავთ უღირსი მთავარსარდალი, მაგრამ ეს არის დროებითი. ის, რასაც თქვენ ემსახურებით – სამშობლო, ეს არის მუდმივი და ჩვენ მადლიერი ვართ თქვენი სამსახურის”,- განაცხადა მოძრაობის წარმომადგენელმა  ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, პრეზიდენტის განცხადებები “ანტისახელმწიფოებრივი და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის დამაზიანებელი იყო”.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ“ უნდა ახსნას “მათ მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის თავსმოხვეული პრეზიდენტი რატომ აკეთებს მსგავს განცხადებებს”.

მაჭავარიანის თქმით, ქართული ჯარი ასეთ უმაღლეს მთავარსარდალს არ იმსახურებს.

პრეზიდენტის პოზიციის დაცვას ვერ მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეძლეს. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„როგორც თავდაცვის მინისტრმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენი სამხედროები ქვეყნის საამაყო მოქალაქეები არიან და ყველაფერს გავაკეთებ, რათა ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ