ეს ის ადგილია, სადაც ტროცკი სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა" />

აივანი ლეონის პროსპექტზე: ტროცკი აფხაზეთში

ეს ის ადგილია, სადაც ტროცკი სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში დამარცხდა

მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში არაერთხელ ვყოფილვარ,  ტროცკის გვარი აქ არასოდეს გამიგია. მის სახელს მხოლოდ მოგვიანებით მოვკარი ყური.

აფხაზეთში უფრო სტალინზე ისტორიების მოსმენას ელოდები და არა მისი მოსისხლე მტრის – ტროცკის შესახებ. სტალინი ხომ აქაურობას ხშირად სტუმრობდა.

პირველად ის შავი ზღვის ამ სანაპიროზე 1906 წელს ჩავიდა, როდესაც ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბანდიტი იყო და ბოლშევიკური პარტიისთვის სახსრების მოპოვების მიზნით გემი გაძარცვა.
შემდეგ, როდესაც უკვე ხანში შესული დიქტატორი გახდა, რიწის ტბის მახლობლად მდებარე თავის აგარაკზე თვეობით რჩებოდა ხოლმე.

ტროცკის სახელთან აფხაზეთს პირველ რიგში სასტუმრო „სან-რემოს“ (დღეს სასტუმრო „რიწა“) ლამაზი,  ნეოკლასიკურ სტილში აგებული თეთრი შენობა აკავშირებს.

ეს შენობა, რომელიც 1914 წელს აუშენებიათ, ზედ სანაპიროზე დგას, „ბრეხალოვკის“ სახელით ცნობილი მომცრო კაფეს პირდაპირ. ამ კაფეში აფხაზეთის ელიტის ხანში შესული წარმომადგენლები ყავის დასალევად, დომინოს სათამაშოდ და პოლიტიკაზე სამსჯელოდ იკრიბებიან.

როგორც მიამბეს, მგზნებარე რევოლუციონერმა ტროცკიმ ლენინის გარდაცვალების შესახებ სიტყვა სწორედ აქედან, მეორე სართულზე მდებარე ამ აივნიდან წარმოთქვა. მაშინ ტროცკი “სან-რემოში” ცხოვრობდა და კუთხის ოთახს იკავებდა.

ეს ისტორია არ გადამიმოწმებია. თუმცა, წელს, ოქტომბერში, სწორედ ამ ნომერში გავჩერდი – თეთრ აივანზე ვიდექი და პალმებისა და შავი ზღვის ფართო სანაპიროს ხედით ვტკბებოდი.

„ტროცკის ვგავარ?“ – შევეკითხე ჩემს ფეისბუკის მეგობრებს, როდესაც ეს ფოტო გამოვაქვეყნე – ფოტოზე  აივანზე ვდგავარ  და აწეული ხელით  ხალხის არარსებულ მასას მივმართავ

ტროცკის აფხაზეთში ყოფნის შესახებ ისტორია  საუკეთესო აფხაზი ისტორიკოსისგან, სტანისლავ ლაკობასგან შევიტყვე. როგორც აღმოჩნდა, ეს ამბავი მისი ოჯახის ისტორიის ნაწილიცაა.

ტროცკის სიტყვით გამოსვლის ამბავი სიმართლე აღმოჩნდა, თუმცა ნაწილობრივ. ერთგვარი გულდაწყვეტით შევიტყვე, რომ თურმე ჩემს აივანს საბჭოთა ისტორიაში არც თუ ისეთი მნიშვნელოვანი როლი შეუსრულებია, როგორც მეგონა.

ტროცკის აქ ლენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა მართლაც წარმოუთქვამს, მაგრამ არა მისი გარდაცვალების დროს, არამედ ერთი წლის შემდეგ – 1925 წელს. ხოლო 1924-ში, როდესაც ლენინი გარდაიცვალა, ტროცკი ქალაქის პარკში გამოსულა სიტყვით. ეს რევოლუციონერი ზედიზედ ორ წელიწადს დიდი ხნით ჩადიოდა აფხაზეთში. ამ ხანგრძლივმა მოგზაურობებმა  მნიშვნელოვნად განსაზღვრა მისი პოლიტიკური ბედი.

1924 წლის დასაწყისიდანვე ლენინი სერიოზულად იყო ავად, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცოდა,  რა ვითარება იყო სინამდვილეში; ამ მომენტისთვის ლენინი, პოლიტბიუროს სხვა წევრებისგან განსხვავებით, ტროცკისადმი სიმპათიით იყო განწყობილი. ტროცკის მუდმივად ავადმყოფობდა – მაღალი სიცხეები აწუხებდა და ექიმებმა აფხაზეთის სუბტროპიკულ კლიმატი და იქ მკურნალობა ურჩიეს.

იმ დროს სამხრეთ კავკასიაში მატარებელი დაღესტნისა და ბაქოს გავლით მიდიოდა და გზაში რამდენიმე დღეს უნდებოდა. 22 იანვარს თბილისის სადგურში ჩასულმა ტროცკიმ დაშიფრული დეპეშა მიიღო, სადაც ეწერა, რომ ლენინი წინა დღეს გარდაიცვალა. მან მისწერა, რომ მოსკოვში ბრუნდებოდა. თუმცა, პასუხად მიიღო: „დასაფლავება შაბათს, 26 იანვარს არის. ვერ მოასწრებთ. პოლიტბიუროს მიაჩნია, რომ თქვენი ჯანმრთელობისთვის აჯობებს, სოხუმში გაემგზავროთ. სტალინი“.

როდესაც ტროცკი ბათუმიდან ზღვით ჩავიდა სოხუმში, ის მიხვდა, რომ მოატყუეს. ლენინის დასაფლავება თურმე კვირას, 27 იანვარს შედგა. სინამდვილეში ის მოსკოვში ჩასვლას მოასწრებდა.

სამგლოვიარო ღონისძიებებს, რასაკვირველია, სტალინი ხელმძღვანელობდა. იმ დღეს აფხაზეთში სახელმწიფო აგარაკის აივანზე წამოწოლილი ტროცკი, შავი ზღვის თავზე საარტილერიო გასროლებს ისმენდა. მოსკოვში კი ლენინს ასაფლავებდნენ. სწორედ ამ მომენტში დამარცხდა ის სტალინთან ძალაუფლებისთვის ბრძოლაში.

მოვლენების განვითრების ეს ვერსია თავად ტროცკის ეკუთვნის და ბევრი მას ეჭვის თვალით უყურებს. თუმცა, სტანისლავ ლაკობა ირწმუნება, რომ ეს ყველაფერი არქივებში აქვს გადამოწმებული. მეტიც, ახლახან გამოცემულ თავის სამტომიან ნაშრომში, „დიდი ტერორი აფხაზეთში, 1937-1938“, მან ლენინის მეგობრისა და მცველის, აბრამ ბელენკის წერილი გამოაქვეყნა. ეს წერილი 1924 წლის 6 იანვარს არის დაწერილი და მისი ადრესატი ნესტორ ლაკობაა. წერილში ბელენკი სთხოვს ლაკობას, რომ ტროცკიზე „იზრუნოს“ და ასევე წერს: „ალბათ გესმით, რომ აუცილებელი არ არის აფხაზეთში რაიმე მიტინგების ან აღლუმების მოწყობა“.

8 აპრილს სოხუმის ცენტრალურ პარკში შინელსა და  ვარსკვლავიან „ბუდიონოვკაში“ გამოწყობილმა ტროცკიმ ლენინის ხსოვნის პატივსაცემად მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. ტროცკის აფხაზურმა კლიმატმა არგო – ის ბევრად უკეთესად გრძნობდა თავს.

სტანისლავ ლაკობა იცნობდა ერთ ხანდაზმულ ქალს, რომელიც სახელმწიფო აგარაკზე მბეჭდავად მუშაობდა. ის იხსენებდა, თუ როგორ მიმოდიოდა ტროცკი ოთახში და ერთდროულად ორ მბეჭდავს ორ სხავადსხვა სტატიას კარნახობდა.

1925 წლის იანვარში უკვე გარიყული ტროცკი აფხაზეთში დაბრუნდა. როგორც ჩანს, მან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნა ნესტორ ლაკობასთან. ლაკობას იგი აფხაზეთის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკის, კონსტიტუციის დამუშავებაში ეხმარებოდა. (საბჭოთა რესპუბლიკის  სტატუსი აფხაზეთმა 1931 წელს დაკარგა და მის აღდგენას ის 1992 წელს, ომამდე ცოტა ხნით ადრე ცდილობდა). შესაძლოა, ტროცკი ამგვარად სტალინისა და ბერიას დასუსტებას ცდილობდა.

აფხაზეთში ტროცკის სამი თანამოაზრე უნდა შეერთებოდა – ალექსანდრ მიასნიკოვი, სოლომონ მოგილევსკი და გეორგი ატარბეკოვი. თუმცა თვითმფრინავი, რომლითაც ისინი თბილისიდან სოხუმში მიფრინავდნენ, დაიღუპა. ამ ავიაკატასტროფამ ეჭვები გააჩინა. ტროცკიმ მომხდარს მოწმეების თანდასწრებით  „სამმაგი მკვლელობა“ უწოდა.

1925 წლის 23 მარტს ტროცკიმ ლენინის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიტყვა სასტუმრო „სან-რემოდან“, სწორედ  „ჩემი” აივნიდან წარმოთქვა. ის  იხსენებდა ლენინს, მაგრამ გლოვობდა სამ დაღუპულს.

“ილიჩის სიკვდილის შემდეგ მშრომელთა მასებისა და ჩვენი კომუნისტური პარტიისთვის ეს ყველაზე მძიმე დარტყმა იყო“, – მიმართა მან ქუჩაში შეკრებილ ხალხს.

სამ წელიწადში ტროცკის გადაასახლებენ,  ის თავდასხმის მსხვერპლი გახდება და დავიწყებას მიეცემა.

მისი სტუმრობის პატივსაცემად აფხაზეთში ძეგლები არ არის. თუმცა, გარემოებათა გამო, იმ ქუჩას, სადაც სასტუმრო „რიწა“ დგას, ლეონის პროსპექტი ჰქვია (რუსეთის ფარგლებს გარეთ ტროცკი ლეონის, და არა ლევის სახელით იცნობენ). ამ სახელს შუა საუკუნეებში აფხაზეთის ერთ-ერთი მეფე ატარებდა. თუმცა ძალაუნებურად, ეს სახელი იმ რევოლუციონერსაც გვახსენებს, რომელიც ამ აივანზე იდგა, დაღუპულ მეგობრებს მისტიროდა, და შესაძლოა, საბჭოთა ლიდერის თანამდებობაზე ლენინის შეცვლის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობასაც.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ