ნარდარანის დასახლება მხოლოდ რელიგიურობით როდია განთქმული " />

ათი პორტრეტი აზერბაიჯანული პომიდვრებით

ნარდარანის დასახლება მხოლოდ რელიგიურობით როდია განთქმული

ნარდარანი ბაქოს მახლობლად მდებარე დასახლებაა, რომლის მოსახლეობაც განსაკუთრებული რელიგიურობითაა ცნობილი. ამას გარდა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ აქედან ჩამოაქვთ ბაქოს ბაზრებში პომიდორი, რომელიც მთელ ქვეყანაშია განთქმული. 77 წლის სადიხმა თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი პომიდვრის დარგვა-მოყვანას შეალია.

«სათბური 1970-იან წლებში მოვაწყვე და მას შემდეგ მაქვს. მაშინ სათბურებს მინითა და ქვით აშენებდნენ, რაც ბევრ ფულსა და ენერგიას მოითხოვდა. შარიფმა- ჩემმა უფროსმა ძმამ – სოფლის მკვიდრთაგან პირველმა მოაწყო ცელოფნის სათბური. მთელი სოფელი გაფაციცებით აკვირდებოდა სიახლეს – ყველას აინტერესებდა, მოისხამდა თუ არა ნაყოფს ახალ სათბურში დარგული ბაღჩეული. მოისხა. და ამის შემდეგ ყველა თანასოფლელმა თავისი ქვის სათბური დაანგრია»

ორმოცი წლის წინ დიდი პოპულარობით სარგებლობდა პომიდვრის ჯიში, რომელსაც „ნიუგბარი“ ეწოდება. ამ ტიპის პომიდორი ძალიან სწრაფად მწიფდება. „ამის შემდეგ ყველამ “გარატაგის” დარგვა დაიწყო. მსხვილი, გარეგნულად უშნო, მაგრამ ძალიან წვნიანი ნაყოფი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც სათბურები გაჩნდა, ორივე ზემოაღნიშნულმა ჯიშმა პოპულარობა დაკარგა, იმიტომ რომ ასეთი პომიდორი სათბურში ვერ იზრდება და მისი დარგვა არახელსაყრელია. ამჟამად მეტწილად „დრენტოს“ ვრგავ ხოლმე.

„დრენტოს“ სახელით ცნობილი პომიდვრის მთავარ უპირატესობას მისი მოსავლიანობა და თბომედეგობა წარმოადგენს. მაგარი, გამძლე ჯიშია. ამ ტიპის პომიდორი მოსკოვშიც შეიძლება, გაიგზავნოს».

«ერთია, როცა პომიდორს თებერვალში რგავ (ამ შემთხვევაში მცენარე მსხვილ ნაყოფს ისხამს) და სულ სხვა შედეგს იღებ იმ შემთხვევაში, თუკი ივნისში დარგავ. ზაფხულში დარგული პომიდორი უშნო ნაყოფს ისხამს და, ამასთან, დიდ მოსავალს ვერ იღებ. იმიტომ რომ ამ ნაყოფებს „გაზაფხულის სუნთქვა“ არ უგრძვნიათ».

სადიხის თქმით, პომიდორს ზომიერი ტემპერატურა უყვარს და ამიტომ ზაფხული მკვდარ სეზონს წარმოადგენს. ფერმერებს და ბაღჩეულის ხშირად მორწყვა და დიდი რაოდენობის სასუქის გამოყენება უწევთ – იმიტომ რომ სიცხეში პომიდორს გაზრდის „სურვილი არ აქვს“. სათბურების ცელოფნებს კირს უსვამენ და ამ გზით მცენარის ნერგებს ზედმეტი სითბოსა და სინათლისგან იცავენ.

«ამ სათბურში დაახლოებით ათასი ნერგია, რომლებიც მთლიანობაში დაახლოებით ორ ტონა პომიდორს მოგვცემს».

სადიხი პომიდორს გადამყიდველზე ყიდის. აზერბაიჯანელი ფერმერების უმრავლესობის მსგავსად, არც მას სურს დამოუკიდებლად ვაჭრობა. «სასწორის შეძენა მომიწევს, ამას გარდა, ბაზარშიც უნდა ვიყიდო ადგილი. ამ ყველაფერს დიდი დრო სჭირდება. გადამყიდველთან თანამშრომლობის შემთხვევაში კი ბევრად უფრო მარტივად ხდება ყველაფერი. თანაც პომიდვრის წყალობით მეც მექნება სამუშაო, გადამყიდველსაც, ბაზარში მდგარ გამყიდველსაც და მანქანის მძღოლსაც».

შეკითხვაზე, ყოფნის თუ არა ამონაგები თანხა საწარმოო ხარჯების დასაფარად, სადიხი სიამაყით პასუხობს, რომ ჯერ არასდროს უზარალია. «ერთხელ მეზობელმა ძალიან ბევრი სასუქი დაამატა მიწას და ამიტომ ნაყოფი ნერგებზევე დაულპა».

«ზოგჯერ წითელ, წვნიან ნაყოფს ხედავ, მაგრამ თუ გაჭრი, აღმოაჩენ, რომ საჭმელად უვარგისი თეთრი გული აქვს. მიწაში ნემატოდების სახელით ცნობილი პარაზიტები ბუდობენ, რომლებიც პომიდვრის ფესვს აზიანებენ, რის შემდეგაც მცენარის მიწისქვეშა ნაწილში „კარტოფილუკები“ – პატარა, ბოლქვისებური გამონაზარდები ჩნდება. ეს დაავადება, რომლის გამოც მცენარის ფესვი საკვების მიღების უნარს კარგავს, ნამდვილ „კიბოს“ წარმოადგენს პომიდვრისთვის».

როგორ გავარჩიოთ ბაზარში დაავადებული ნაყოფი ჯანსაღი პომიდვრისაგან? სადიხის თქმით, თუ ნაყოფს არ გაჭრი, ვერაფრით მიხვდები, როგორ პომიდორთან გაქვს საქმე.

«ისევე როგორც ადამიანს, პომიდორსაც არ შეუძლია ცხოვრება წამლების გარეშე. ეს თეთრი ლაქები, რომლებიც ნაყოფებზე მოჩანს, პომიდვრის წამლის კვალია. ეს საშუალება გამოიყენება იმისათვის, რათა ნაყოფი მეღამიამ [მავნებელი მწერი – რედ.შენ.] არ შეჭამოს.

ხოლო თუკი პომიდვრის წვნიანი ნაწილი მწვანეა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ნაყოფი არ მომწიფებულა. ბევრი მიიჩნევს, რომ სითხემ წამლების გამო შეიცვალა ფერი, მაგრამ ასეთი მოსაზრება სიმართლეს არ შეესაბამება».

ამავე თემაზე

9 ფოტოსურათით აღწერილი აკრძალული სანახაობა: მამლების ჩხუბი აზერბაიჯანში

9 ფოტოსურათით აღწერილი აკრძალული სანახაობა: მამლების ჩხუბი აზერბაიჯანში

აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.

აზერბაიჯანელი მომთაბარე მწყემსები: 25 ფოტო იმ ხალხის შესახებ, რომელთათვისაც საუკუნეების მანძილზე არაფერი იცვლება.

ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან

ათი პეიზაჟი არატურისტული ბაქოდან

ენერგეტიკული აპოკალიფსი აზერბაიჯანში - ფოტოები, ისტორიები და კომენტარები

ენერგეტიკული აპოკალიფსი აზერბაიჯანში - ფოტოები, ისტორიები და კომენტარები

ერთი წუთი იმისთვის, რათა დაგარწმუნოთ, რომ კერამიკა ხელოვნებაა

ერთი წუთი იმისთვის, რათა დაგარწმუნოთ, რომ კერამიკა ხელოვნებაა

ოსური მთის სოფელი, რომელიც 700 წლისაა. ფოტოისტორია

ოსური მთის სოფელი, რომელიც 700 წლისაა. ფოტოისტორია

რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“

რას წარმოადგენს და როგორ მზადდება აზერბაიჯანული თავსაფარი „ქიალაღაი“

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან

ხიდან მოწყვეტილი კარტოფილი, მანდარინი და სხვა ხილი: 25 ფოტო აზერბაიჯანის სამხრეთ ნაწილში მდებარე რეგიონიდან


ასევე წაიკითხეთ