ფაიგ ამირლის, გაზეთ "აზალდიგის"(თავისუფლება") დირექტორს სამი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა " />

აზერბაიჯანში ოპოზიციური პრესის მორიგი წარმომადგენელი გაასამართლეს

ფაიგ ამირლის, გაზეთ "აზალდიგის"(თავისუფლება") დირექტორს სამი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

24 ივლისს ბაქოს სობაილსკის რაიონულმა სასამართლომ ოპოზიციური გაზეთის “აზალდიგის”(თავისუფლება) ფინანსურ დირექტორს ფაიგ ამირლის (ამიროვი) სამი წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გარდა ამისა, ამირლი ვალდებულია 39 ათასი მანათის (დაახლოებით 23 ათასი აშშ დოლარის) ოდენობის ჯარიმა გადაიხადოს.

სასამართლოს წინა სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა ამირლისთვის 4,5 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება მოითხოვა.

ამირლი 2018 წლის 20 აგვისტოს რელიგიათაშორისი და ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ბრალდებით დააკავეს. პოლიციის შეტყობინებაში ნათქვამი იყო, რომ ამირლი კავშირში იყო სახელგატეხილი თურქი პოლიტიკოსის ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან, რომელსაც თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობა ედებოდა ბრალად. მტკიცებულების სახით წარმოადგინეს მის ბინაში ჩხრეკისას ნაპოვნი გიულენის წიგნი. თავად ამირლი გიულენის მოძრაობასთან კავშირს უარყოფს.

ამ წლის 17 აპრილს მას ახალი ბრალდებები წაუყენეს – გადასახადებისთვის თავის არიდება და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, ხოლო წინა მუხლები მოუხსნეს.

ამირლის ადვოკატმა აგილ ლაიჯევმა კატეგორიულად უარყო წაყენებული ბრალდებები.

“ფაიგ ამირლისთვის წაყენებული ბრალდებები არათუ დაუსაბუთებელია, არამედ სიზმარი ან ჰიპოთეტური ვარაუდიც კი არ არის. ამ ბრალდებებს საერთოდ არავითარი კავშირი არ აქვს ამირლისთან”, – თქვა ლაიჯევმა.

მისი თქმით, მტკიცებულებები ფალსიფიცირებულია.

ამირლი უფლებადამცველების მიერ პოლიტიკურ პატიმრად არის ცნობილი. საერთაშორისო ორგანიზაციებმა “Human Rights Watch” და “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ამირლის დაპატიმრება დაგმეს.


ასევე წაიკითხეთ