"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე": "აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის უკანასკნელი დამოუკიდებელი სააგენტოს ჩახშობას ცდილობს" " />

აზერბაიჯანის შემოსავლების სამინისტრომ საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” რედაქციაში ჩხრეკა მოაწყო

"რეპორტიორები საზღვრებს გარეშე": "აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის უკანასკნელი დამოუკიდებელი სააგენტოს ჩახშობას ცდილობს"

16 აგვისტოს დილით ადრე აზერბაიჯანის შემოსავლების სამინისტროს საგდასახადო დანაშაულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” ოფისში ჩხრეკა დაიწყეს.

“საგადსახადოს თანამშრომლები ამოწმებდნენ როგორც ფინანსურ დოკუმენტებს, ისე თანამშრომლების პირად ნივთებს. თანაც მათ შემოწმებისა და ამოღების პროცესის გადაღების ნება არ დაგვრთეს. მათ არც ჩხრეკისა და ამოღების შესახებ სანქციების საბუთის ასლი გადმოუციათ, უბრალოდ, ის გასაცნობად წარმოადგინეს”, – ნათქვამია საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” განცხადებაში.

ფეისბუკზე “ტურანის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, შემოწმებას 10 ადამიანი ატარებდა, თავად საგადასახადოს თანამშრომლების მიერ მოყვანილი ორი მოწმის ჩათვლით.

შემოწმების ბოლოს საგადსახადოს წარმომადგენლებმა სამნახევარი წლის მთელი დოკუმენტაცია წაიღეს, 2014 წლიდან 2017-ის პირველ ნახევრამდე.

“ტურანის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება 7 აგვისტოს დაიწყო. საგადსახადოს წარმომადგენლები სააგენტოს 2014-2016 წლებში 37 ათასი მანათის ოდენობის (დაახლოებით 22 ათასი დოლარის) გადასახადის გადაუხდელობაში ადანაშაულებენ.

სააგენტო კატეგორიულად უარყოფს ამ მტკიცებას, და ეს სისხლის სამართლის საქმე უკანონოდ და შეკვთილად მიაჩნია. “ტურანმა” ამ საქმის ინიციატორ წინასწარი გამოძიებისა და შემოსავლების სამინისტროს ლოკალური შემოსავლების დეპარტამენტებს სასამართლოში უჩივლა.

ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებული საგადასახდო შემოწმება დამოუკიდებელ საინფორმაციო სააგენტოზე ზეწოლისთვის დაგეგმილი კამპანიის ნაწილია.

“ნორმალურ ქვეყნებში საინფორმაციო სააგენტოები სახელმწიფო და სამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ამოწმებენ. საინტერესო ფაქტებსა და დარვევებს პოულობენ, და საზოგადოების ყურადღებას მათკენ მიაპყრობენ. ჩვენთან კი, როგორც წესი, ყველაფერი პირიქითაა, და ამ საკითხში ჩვენ ცივილიზებული სამყაროსგან განვსხვავდებით. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს საქმიანობას ამოწმებს. არადა, სახემწიფო პირველ რიგში თვითონ უნდა იყოს დაინტერესებული დამოუკიდებელი და ობიექტური ინფორმაციის წყაროების არსებობაში”, – მიაჩნია მოძრაობა “რესპუბლიკური ალტერნატივის” აღმასრულებელ დირექტორს ნატიკ ჯაფარლის.

პრესის დაცვის საერთასშრისო ორგანიზაციამ “რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” მკაცრად დაგმო აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ საგადსახადო ორგანოების საინფორმაციო სააგენტო “ტურანზე” ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება.

“ეს სხვა არაფერია, თუ არა აზერბაიჯანის უკანასკნელი დამოუკიდებელი სააგენტოს ჩახშობა. ეს საქმე იქეთკენაა მიმართული, რომ სააგენტოს ეკონომიკური მდგომარეობა შეარყიოს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ დაასრულოს ამ უკანასკნელი დამოუკიდებელი მასობრივი საინფორმაციო საშუალების დევნის სისტემური პრაქტიკა, და შეწყვიტოს “ტურანის” წინააღმდეგ გამოძიება”, – ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” ინდექსის თანახმად, სიტყვის თავისუფლების დონის მხრივ, აზერბაიჯანი 180 ქვეყნიდან 162-ე ადგილს იკავებს.

წაიკითხეთ ასევე სიახლე JAMnews-ზე 

აზერბაიჯანში დამოუკიდებელი საინფორმაციო სააგენტო “ტურანის” წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა


ასევე წაიკითხეთ