„ეს მიტინგი სომხეთის ხელისუფლების დაკვეთით არის მოწყობილი“, - მიაჩნია სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთ ლიდერს " />

“არა კორუფციას!” – აზერბაიჯანში კორუფციის საწინააღმდეგო მიტინგი ჩატარდა

„ეს მიტინგი სომხეთის ხელისუფლების დაკვეთით არის მოწყობილი“, - მიაჩნია სახელისუფლებო პარტიის ერთ-ერთ ლიდერს

აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ოპოზიციური ეროვნული საბჭოს (დძეს) მორიგი, ამ წელს რიგით მეორე მიტინგი 23 სექტემბერს ბაქოს განაპირას მდებარე სტადიონზე გაიმართა. მიტინგის დრო და ადგილი ქალაქის ხელისუფლებასთან იყო შეთანხმებული. ამჯერად მიტინგი ტარდებოდა ლოზუნგით „დააბრუნეთ ხალხის მოპარული ფული!“, „არა ძრცვას!“ – შეგახსენებთ, რომ დემოკრატიულ ძალთა ეროვნული საბჭოს წინა მიტინგი 8 აპრილს ჩატარდა ლოზუნგით – „არა ოჯახურ მმართველობას!“

მომიტინგეები ფულის გათეთრებისა და მმართველი აზერბაიჯანული ელიტის მიერ ევროპელი პოლიტიკოსების მოსყიდვის შესახებ ინფორმაციის გამოძიებას ითხოვდნენ. იგულისხმება თითქმის სამი მილიარდი დოლარი, რომელიც ბოლო წლებში ქვეყნიდან სხვადასხვა უკანონო მიზეზით გავიდა და საზღვარგარეთ აზერბაიჯანის ხელისუფლების ინტერესების ლობირებას მოხმარდა.

ეს ფაქტები საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების ცენტრის (OCCRP) მიერ გამოვლინდა.

აზერბაიჯანული ფულის გათეთრების შესახებ ჟურნალისტურ გამოძიებას დაწვრილებით გაეცანით JAMnewsის სტატიაში

მიტინგის მონაწილეებს ხელში ეკავათ პოლიტპატიმრების პორტრეტები და პლაკატები ლოზუნგებით: „სად წავიდა ჩვენი სამი მილიარდი?”, „დასაჯე ქურდი და არა პატიოსანი ადამიანი!“, “ფული ოფშორებში წავიდა, ხალხი კი გასაჭირში დარჩა“.

ოპოზიციური წყაროები ამბობენ, რომ მიტინგში დაახლოებით სამი ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. პროსამთავრობო წყაროები კი ირწმუნებიან, რომ მათი რაოდენობა დასახელებულ რიცხვზე სამჯერ ნაკლები იყო. მონაწილეთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები ჯერ არ არსებობს.

ეს კორუმპირებული რეჟიმი, რომელიც ათწლეულობით ლახავს ჩვენს უფლებებს, ახლა დანაშაულზეა დაჭერილი. ახლა წარმოდგენილია ამ კორუფციის დამადასტურებელი საბუთები“, – თქვა თავის სიტყვაში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიის ლიდერმა ალი კერიმლიმ.

დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოდან პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ჯამილ ჰასანლიმ თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ „აზერბაიჯანში კორუფციას სათავეში პირადად პრეზიდენტი ილჰამ ალიევი უდგას“.

ეს ხელისუფლება მიტაცებას მიჩვეულია. მან ხალხს მოსტაცა თავისუფალი არჩევანის უფლება, მოსტაცა საერთო სიმდიდრე და საბოლოოდ მან თბილისიდან ჟურნალისტი აფგან მუხტარლი მოიტაცა“, – დასძინა ჰასანლიმ.

მიტინგამდე ერთი დღით ადრე სხვადასხვა მიზეზით დააკავეს და 15 დღეღამით პატიმრობა მიუსაჯეს ოპოზიციის ექვს აქტივისტს, მათ შორის – მიტინგის სავარაუდო წამყვანს ილჰამ ჰუსეინს.

აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ყველა ეს ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ მათ სომხური ლობი, მეცენატი და ბიზნესმენი ჯორჯ სოროსი ავრცელებს.

მმართველი პარტიის „იენი აზერბაიჯანის“ აღმასრულებელი მდივნის მოადგილემ, მილი მეჯლისის წევრმა, სიავუშ ნოვრუზოვმა ხელისუფლების მიმართ არსებულ ყველა ბრალდებას ცილისწამება უწოდა.

ჯობს, კერიმლიმ უკეთესი ანგარიში წარმოადგინოს, თუ თავად საიდან აქვს ფული. 20 წელია, არსად მუშაობს, მაგრამ დაცვაც ჰყავს, ძვირფასი მანქანითაც დადის, მისი შვილები კი აშშში ცხოვრობენ და ყველაზე ძვირიან უნივერსიტეტებში სწავლობენ. ეს სხვებსაც ეხებათ. ამბობენ, რომ ჩვენთან ჟურნალისტების უფლებები ირღვევა? კიდევ რომელი ქვეყანა იცით, სადაც სახელმწიფო ჟურნალისტებს ბინებს უფასოდ ურიგებს? ან რომელ ქვეყანაში აფინანსებს სახელმწიფო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას?“- ციტირებს ნოვრუზოვის სიტყვებს სააგენტო „ტრენდი“.

ოპზიციონერებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქციებს გააგრძელებენ. შემდეგი მიტინგი 7 ოქტომბერს არის დანიშნული.

 

 აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭო 2013 წელს, მომამავალი საპრეზიდენტო არჩევნების წინ შეიქმნა. ეროვნული საბჭოს პირველი წარმომადგენელი ცნობილი კინოდრამატურგი რუსტამ იბრაგიმბეკოვი იყო. თუმცა, რუსეთის მოქალაქეობის გამო, მას არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენება არ შეეძლო და ამ ორგანიზაციიდან კანდიდატი ისტორიკოსი ჯამილ ჰასანლი გახდა. ოფიციალური მონაცემებით, 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰასანლიმ ხმათა 5,5% მოიპოვა.

 


ასევე წაიკითხეთ