ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური რეაქცია: „შაჰრიარ მამედიაროვის სპონსორი აზერბაიჯანული სახელმწიფოა“ " />

აზერბაიჯანელი სპორტის დიდოსტატი სპონსორის არყოლას უჩივის და ამბობს, რომ ჭადრაკი მობეზრდა

ჭადრაკის ფედერაციის ოფიციალური რეაქცია: „შაჰრიარ მამედიაროვის სპონსორი აზერბაიჯანული სახელმწიფოა“

ფოტო: AZERISPORT.COM

ცნობილი აზერბაიჯანელი დიდოსტატი შაჰრიარ მამედიაროვი Facebook-ის საკუთარ გვერდზე ჩივის, რომ ის ტურნირებში ხშირი მონაწილეობით და ამის მხოლოდ ფულის გამო კეთებით დაიღალა. მოჭადრაკემ ასევე დასძინა, რომ მას სპონსორი არ ჰყავს, და ყველა ამ ტურნირზე საკუთარი ხარჯით მიემგზავრება.

ამ პოსტის წერის მომენტში მამედიაროვი სენტ-ლუისში (აშშ) საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე იმყოფებოდა. გარდა ამისა, ის უჩიოდა საშინელ დაღლილობას, რომელიც მას ნორვეგიელ მოთამაშესთან, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ, მანგუს კარლსენთან ხუთსაათიანი „შერკინების“ შემდეგ დაეუფლა.

შაჰრიარ მამედიაროვი – საერთაშორისო დიდოსტატია, გუნდური ჩემპიონატის ევროპის სამგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი სწრაფ ჭადრაკში. მსოფლიო რეიტინგში მესამე მოჭადრაკეა. ის ერთადერთი მოჭდრაკეა ისტორიაში, რომელიც 20 წლის ასაკში ახალგაზრდებს შორის ორჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

„ძალიან სამწუხაროა ამის აღიარება, მაგრამ ჭადრაკი მომბეზრდა! დავიღალე! ხვალ კი ისევ უნდა ვითამაშო. ზოგჯერ იმაზეც ვფიქრობ, რამდენი სპორტსმენია აზერბაიჯანში ჩემზე ძლიერი, რომ ჩემთვის ერთი სპონსორი არ გამოიძებნა? აზერბაიჯანისადმი ჩემი სიყვარული უსაზღვროა, მაგრამ ჩემი ძალები – არა. ერთხელაც ის შაჰრიარ მამედიაროვი აღარ ვიქნები, და აღარც ამ საუბარს ექნება აზრი“.

ასე ასრულებს შაჰრიარ მამედიაროვი თავის პოსტს. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩანაწერი დახურული, და მხოლოდ მეგობრებისთვის განკუთვნილი იყო, ის მაინც ძალიან სწრაფად მოხვდა პრესაში და სკანდალი გამოიწვია.

სოციალური ქსელების მომხმარებელთა რეაქცია ძირითადად იმ სამთავრობო მოხელეების მიმართ გაბრაზება იყო, რომლებიც სპორტის განვითარებაზე არიან პასუხისმგებლები:

„რა სამარცხვინოა! ყველანაირი მდარე მომღერლის ჩამოსაყვანად ფული იძებნება, მსოფლიოში სახელგანთქმული მოჭადრაკისთვის კი -არა.“

„სამარცხვინოა ასეთი ქვეყნის მოქალაქეობა.“

„თუკი მას და მის ოსტატობას სამშობლოში ვერ აფასებენ, იქნებ ეს დაფასება სხვაგან ნახოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ ქვეყნიდან წავიდეს. ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. არც პირველი იქნება და არც უკანასკნელი“.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ – შაჰრიარ მამედიაროვისა და მისი სახით აზერბაიჯანში ჭადრაკის მხარდასაჭერად საზოგადოებრივი ფონდის შექმნისკენ მოუწოდა.

მალე ამას ოფიციალური რეაქცია მოჰყვა. აზერბაიჯანის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ფაიგ გასანოვმა განაცხადა, რომ მამედიაროვის სპონსორი – აზერბაიჯანული სახელმწიფოა, რომელიც ოფიციალურ საერთაშორისო ტურნირებსა და ჩემპიონატებზე მისი გამგზავრების ყველა ხარჯს ფარავს. თუკი საუბარი კომერციულ ტურნირებს ეხება, ასეთ შემთხვევებში ფული მისმა მენეჯერმა უნდა მოიპოვოს.

ვიდრე აზერბაიჯანში მამედიაროვს უთანაგრძნობდნენ, და ამ სიტუაციას განიხილავდნენ, აშშ-ში ტურნირი დასრულდა. შაჰრიარ მამედიაროვი მეოთხე ადგილზე გავიდა, მასზე წინ არიან – კარლსენი, ფაბიანო კარუანი და ლევონ აროიანი.


ასევე წაიკითხეთ