პანკისში რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ ქართველი ძალოვნების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ." />

პანკისის მაცხოვრებლები ობიექტურ გამოძიებას მოითხოვენ

პანკისში რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა საპროტესტო აქცია გამართა. მათ ქართველი ძალოვნების მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

პანკისის ხეობის მაცხოვრებლებმა საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს და შეშფოთება გამოხატეს უშიშროების სამსახურის მიერ 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, რომლის შედეგადაც დაკავებულია პანკისის ხუთი მაცხოვრებელი, – იუწყება civil.ge.

ერთ-ერთი დაკავებული, 19 წლის ტამერლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციის დროს თავში დაიჭრა და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური იუწყება, რომ სამართალდამცავებმა მაჩალიკაშვილს მაშინ ესროლეს, როდესაც ეს უკანასკნელი ყუმბარის ამოქმედებას ცდილობდა; თუმცა, მაჩალიკაშვილის ნათესავების მტკიცებით, როდესაც სამართალდამცავები ტამერლანის ოთახში შეიჭრნენ, მას ეძინა.

პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭომ, რომელმაც სოფელ დუისში საგანგებო რიგგარეშე შეკრება გამართა, საბჭოსა და პანკისის ხეობაში არსებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების სახელით გამოაქვეყნა მოკლე განცხადება, რომელშიც ნათქვამია: „ჩვენ, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით პანკისის ხეობაში ბოლო ხანს განვითარებულ იმ მოვლენებს, რომლებიც ქართველი ძალოვნების მიერ აქ ჩატარებულ სპეცოპერაციას უკავშირდება“.

„შექმნილ სიტუაციაში ჩვენი აზრი ერთსულოვანია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში წესრიგის დამყარება ხელისუფლების პრეროგატივაა, და ამ თვალსაზრისით, ჩატარებული ღონისძიებების წინააღმდეგ არავინ გამოდის, მაგრამ ჩვენი უკმაყოფილება განპირობებულია იმ ფორმებითა და მეთოდებით, რომელთა გამოყენების შედეგად ერთი ახალგაზრდა ადამიანი, ტამერლან მაჩალიკაშვილი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და მისი გადარჩენა სათუოა“, – ნათქვამია უხუცესთა საბჭოს განცხადებაში.

მოგვიანებით რამდენიმე ასეულმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა პანკისში საპროტესტო აქცია გამართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მურად გოდერძიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მაჩალიკაშვილის მიმართ უშიშროების ძალთა ქმედებებმა „პანკისის ხეობაში დიდი რისხვა გამოიწვია“. მან ასევე პროტესტი გამოხატა იმის წინააღმდეგ, რომ ზოგიერთი ექსპერტი პანკისს ტერორიზმთან და დანაშაულთან აიგივებს.

გოდერძიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ „საქმე ობიეტურად იქნება გამოძიებული და აუცილებლად დაისჯება ის დამნაშავე, ვინც კონკრეტულად ამ ახალგაზრდა ადამიანს ესროლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამომავლოდ განვიხილავთ, თუ კანონის ფარგლებში რისი გაკეთება შეგვიძლია“.

•  სამართალდამცველების ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებული ადამიანები თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ ჩატაევთან და მის თანამოაზრეებთან კავშირში იმყოფებოდნენ. სწორედ ისინი დაეხმარნენ ტერორისტებს საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში, თბილისში ბინის მოძებნას და დაქირავებაში. ისინი იარაღითაც მათ მოამარაგეს.

• შეგახსენებთ, რომ 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია სამი ადამიანი, ერთი კი დაპატიმრებულია. მოგვიანებით სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმოამდგენლებმა დაადასტურეს, რომ დაღუპულთაგან ერთ-ერთი ახმედ ჩატაევია. მას ბარალად სტამბულის აეროპორტში ტერაქტის მოწყობა ედებოდა.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ