რისთვის არ იყვნენ მზად პრორუსი ყირიმელები: “იაროვაიას კანონის” შედეგები

პატიმრობა პროუკრაინული განცხადებებისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩანაწერები, შესაძლოა, ყირიმელების წინააღმდეგ სისხლის ...

original_thumb

პატიმრობა პროუკრაინული განცხადებებისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო

სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ჩანაწერები, შესაძლოა, ყირიმელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი გახდეს, ელექტრონული მიმოწერასა და სატელეფონო SMS-ებზე კი სპეცსამსახურებს თავისუფალი წვდომა ექნებათ. ეს ყველაფერი მალე რეალობად იქცევა ყირიმისთვის, სადაც უკვე ორი წელია, რუსული კანონმდებლობა მოქმედებს.
2016 წლის 20 ივლისს ძალაში შედის ე.წ. “ანტიტერორისტული პაკეტი”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმამ 24 ივნისს მიიღო. ინიციატივას მხარი პარლამენტის 277-მა დეპუტატმა დაუჭირა.

7 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შესაბამის კანონპროექტს მოაწერა ხელი.

მიღებული კანონპროექტით რუს ძალოვანებს ყველა სატელეფონო საუბარსა და ელექტრონულ მიმოწერაზე ექნებათ წვდომა. კავშირგაბმულობის ოპერატორებს დაევალათ, რომ მომხმარებლების ყველა შეტყობინება შეინახონ და თან, სახელმწიფო ორგანოები დაშიფრული მიმოწერის კოდის მოხსნის საშუალებებით უზრუნველყონ.

 WhatsApp-ისა დაTelegram-ის მსგავსი “მესენჯერები” 1 მილიონი რუბლით დაჯარიმდებიან იმ შემთხვევაში, თუკი “ეფესბეს” შეტყობინების დეკოდირების გასაღებს დაუმალავენ.

ამას გარდა, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილია მუხლი დაბეზღებისაგან თავის შეკავების შესახებ. “დანაშაულის ფაქტის არგაცხადებისათვის” პირს ერთ წლამდე პატიმრობა ელის. ასევე, ტერორიზმთან დაკავშირებულ საქმეებზე პასუხისგებაში 14 წლის მოზარდებიც შეიძლება მიეცნენ. კიდევ ერთი მუხლი შეეხება “საერთაშორისო ტერორიზმს”, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობის, მათ შორის სამუდამო, პატიმრობასაც ითვალისწინებს.

რუსეთში სისხლის სამართლის კოდექსის ახალ ცვლილებები უკვე შეაფასეს, როგორც “უპრეცედენტოდ მკაცრი”. ანექსირებული ყირიმის იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსული კანონებით ცხოვრობენ, ეს, შესაძლოა, ახალი რეპრესიების მიზეზი გახდეს; მეტიც, ძალოვანების მოქმედებებით ხშირად პრორუსულად განწყობილი მოსახლეობაც კი გაოცებულა. წელს ყირიმში რამდენიმე მიტინგი დაარბიეს და დემონსტრანტების ნაწილი კანონის უხეში დარღვევით დააპატიმრეს.

“პირადი აზრის გამოხატვის ნებისმიერ შემთხვევას რუსეთის ხელისუფლება საკუთარი არსებობისთვის სახიფათო ქმედებად აღიქვამს და, აქედან გამომდინარე, რუსულ კანონმდებლობაში სულ უფრო მკაცრი, “ექსტრემისტული” და “ტერორისტული” ცვლილებები შეაქვს, – ამბობს “ყირიმელ უფლებადამცველთა ჯგუფის” წევრი, ვისარიონ ასეევი, – უკრაინის შემადგენლობაში ყოფნისას ყირიმელები მიტინგების თავისუფლებასა და საკუთარი აზრის გამოხატვას შეეჩვივნენ. ასეთი სასჯელები ხშირად პრორუსულად განწყობილ ყირიმელებსაც აოცებთ. ოკუპაციის მხარდამჭერ კაზაკებსაც კი არბევენ, როდესაც მიტინგზე გადიან. ისინი ამას ვერ ხვდებიან.”.

ყირიმული გამოცდილება

ყირიმელებმა ნახევარკუნძულზე დამკვიდრებული ახალი რეალობის რამდენიმე მაგალითი ერთდროულად იხილეს. 2016 წლის 6 მაისს ძალოვანებმა ყირიმელი კაზაკების მიერ მოწყობილი მიტინგი დაარბიეს. სიმფეროპოლში კაზაკები კადეტთა კორპუსის დახურვის საწინააღმდეგო დემონსტრაციის მოწყობას გეგმავდნენ, მაგრამ არ გამოუვიდათ. ადგილობრივ ხელისუფლებასთან შეუთანხმებელი მიტინგის გამო, ძალოვანებმა ამ დემონსტრაციის მონაწილეები დააკავეს.

1

მოგვიანებით ალუშტაში რუსულმა პოლიციამ სანაპიროზე დამონტაჟებული ატრაქციონების წინააღმდეგ მოწყობილი აქცია დაარბია. აღნიშნული კონსტრუქციები დემონსტრაციის მონაწილეებს ზღვისკენ გასასვლელს უხერგავს.

აქციაში, რომელიც შაბათს, 4 ივნისის დილას დაიწყო, დაახლოებით 50 ადამიანი მინაწილეობდა. ადგილზე მისულმა ძალოვანებმა მიტინგის ორგანიზატორები დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. დაკავებულ ორგანიზატორებს შორის ალუშტას საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პაველ სტეპანჩენკოც იყო, რომელიც პოლიციის განყოფილებიდან შვიდი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. პოლიციის შენობიდან გამოსვლისას სტეპანჩენკოს დაფლეთილი ტანსაცმელი ეცვა, და ზურგი ჰქონდა დალურჯებული.

2

Симферополь. Полиция разогнала митинг против закрытия кадетского корпуса и задержала крымских казаков

ანექსიის მოწინააღმდეგე ყირიმელების დევნა

 ყირიმში რუსული კანონმდებლობით ასამართლებენ იმ ყირიმელ თათრებს, რომლებიც “26 თებერვლის საქმესთან” არიან კავშირში. 2014 წელს სწორედ ამ დღეს გამოვიდნენ ყირიმელი თათრები ყირიმის პარლამენტის წინ და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭირეს მხარი.

 ყირიმის ანექსიის შემდეგ ახტემ ჩიიგოზი, ალი ასანოვი და მუსტაფა დეგერმენჯი პროუკრაინულ მიტინგზე მასობრივი შეხლა-შემოხლის ორგანიზებაში დაადანაშაულეს. სასამართლოში ამ საქმის მოსმენა დღემდე გრძელდება. უკვე წელიწადზე მეტია, რაც დაკავებულები საგამოძიებო იზოლატორში იმყოფებიან.

მოგვიანებით, რუსეთის ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ე.წ. “ჰიზბ უთ თაჰრირის” საქმესთან დაკავშირებით ნახევარკუნძულზე ყირიმელი მუსლიმების მასობრივი დაპატიმრებები დაიწყო.

“ჰიზბ უთ თაჰრირი” ისლამური გაერთიანებაა, რომელიც რუსეთში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული. ნახევარკუნძულზე ყირიმელი მუსლიმების წინააღმდეგ  ძალოვანები მასობრივად აღძრავენ სისხლის სამართლის საქმეებს იმ მიზეზით, რომ ისინი, თითქოსდა, “ჰიზბ უთ-თაჰრირის” მომხრეები არიან და აღნიშნული ორგანიზაციის წევრების შეკრებების ორგანიზებაში იღებენ მონაწილეობას.

თუმცა, რუსული გამოძიება საკმარისი დამამტკიცებელი ბაზის შეგროვებას ვერ ახერხებს. უფლებადამცველები კი აღნიშნავენ, რომ ყირიმელ მუსლიმებს სამზარეულოებში გამართული საუბრებისა და სამოქალაქო პოზიციის გამო აპატიმრებენ.

“ახლა, “იაროვოის ცვლილებების” შეტანის შემდეგ, სავარაუდოდ, გაიზრდება დაპატიმრებების რიცხვი, რადგან რუსეთის ყირიმში შეჭრა, ისევე როგორც ყირიმელი მუსლიმების უკანონო დაპატიმრებები და მათი სახლების ჩხრეკა, ყირიმელი თათრებისათვის მთავარ განსახილველ თემად  რჩება,” – ამბობს “ყირიმელი უფლებადამცველების ჯგუფის” კოორდინატორი, აბდურეშიტ ჯეპაროვი.

“ყირიმში 400 ათასი ყირიმელი თათარი ცხოვრობს, და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება მიიჩნიონ დამნაშავედ, რადგან ამ თემაზე, ფაქტობრივად, ყველა ყირიმელი თათარი ლაპარაკობს; ლაპარაკობს და ცვლილებებს ელოდება. ცვლილებები კი ჩვენთვის იმის შეცვლის მცდელობას გულისხმობს, რაც ახლა გვაქვს.

რეჟიმი და იურისდიქცია ხელს არ გვაძლევს. ეს კი უკვე რაღაცას ნიშნავს. ცუდია, რადგან ყველაფერი არც მანამდე ყოფილა კარგად. ისე მოეწყო, რომ მოსახლეობის ნაწილი რუსეთს ემხრობა. ამიტომ, ისინი სიამოვნებით “ითანამშრომლებენ” შესაბამის სტრუქტურებთან – ადამიანებს დააბეზღებენ და სამართალდამცველებს ანგარიშებს წარუდგენენ ხოლმე,” — ამბობს ჯეპაროვი.

უკრაინელი აქტივისტებისათვის, თითქოსდა ექსტრემიზმის პროფილაქტიკის მიზნით, სოციალური ქსელებიდან ამოღებული “სქრინშოტები” “იაროვოის ცვლილებებამდეც” გამხდარა გაფრთხილების მიცემის მიზეზი.

ასე მოხდა უკრაინელი მწერლის, ტარას შევჩენკოს დაბადების დღის წინა დღეს. “უკრაინის კულტურის ცენტრის” აქტივისტის, ლეონიდ კუზმინის თქმით, ა.წ. მარტში სიმფეროპოლის ხელისუფლებამ კობზარის დაბადების დღესთან დაკავშირებული მიტინგის ჩატარება აკრძალა.

მოგვიანებით “უკრაინის კულტურის ცენტრის” აქტივებს რუსეთის მიერ კონტროლირებადი პროკურატურიდან მოუვიდათ გაფრთხილება, რომელშც აღნიშნული იყო, რომ 2016 წლის 9 მარტს, სიმფეროპოლში, ტარას შევჩენკოს ძეგლის სიახლოვეს ნებისმიერი შინაარსის მიტინგის ჩატარება აკრძალული იყო. გაფრთხილების მიზეზად ფეისბუკის შეტყობინება იქცა.

“რეგულარულად ამოწმებენ “ფეისბუკში”გამოქვეყნებულ ინფორმაციას. პროკურატორის თანამშრომელმა ჩემი პუბლიკაციის ბმული გამიზიარა, სადაც საზოგადოებას შევჩენკოს იუბილესთან დაკავშირებით სიმფეროპოლში გასამართ აქციაზე მოსვლისკენ მოვუწოდებდი,” – იხსენებს კუზმინი.

რუსული გამოცდილება

რუსეთში უკვე იციან, თუ რას ნიშნავს ორწლიანი პატიმრობა ინტერნეტში გამოთქმული მოსაზრების გამო.

2016 წლის ექვს მაისს ტვერელ ბლოგერს, ანდრეი ბუბეევს 2 წლითა და სამი თვით პატიმრობა მიესაჯა, რომელსაც იგი კოლონია-დასახლებაში მოიხდის. დაპატიმრების მიზეზი კი ის გახდა, რომ მან “ВКонтакте”-ში, საკუთარ გვერდზე ბორის სტომახინის სტატია გააზიარა, რომელსაც “ყირიმი უკრაინაა!” ეწოდება. მანვე გამოაქვეყნა სურათი, რომელზეც  კბილის პასტის ტუბიდან ამ ტუბის შიგთავსის გამოდევნაა აღბეჭდილი, ამ გამოსახულების ქვემოთ კი წარწერაა: “გამოდევნე შენგან რუსეთი.”

4

რუსეთში ადამიანებს არამხოლოდ პროუკრაინული გამონათქვამებისა და ყირიმის ანექსიის საწინააღმდეგო განცხადებების გამო  აპატიმრებენ. რუსეთში და მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხელისუფლების კრიტიკაც ექსტრემიზმად შეიძლება შეაფასონ.

მაგალითად ტომსკელ ვიდეობლოგერსა და საზოგადო აქტივისტს, ანდრეი ტიუმენცევს საერთო რეჟიმის კოლონიაში ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. საქმის აღძვრის საბაბად ტიუმენცევის მიერ “იუთუბსა” და ქსელ “ვკონტაკტეში”, საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებული ორი ვიდეორგოლი იქცა. ერთის სახელწოდებაა “ეროვნული მრისხანების დღე ტომსკში ჩინოვნიკებისა და “მარშრუტჩიკების” თვითნებობის წინააღმდეგ”, მეორეს ჰქვია “დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების მცხოვრებთ –  წაეთრიეთ ტომსკიდან!”

ბრალდებული ანდრეი ბუბეევის ცოლის, ანასტასიას თქმით, რუსეთში საზოგადოება “იაროვოის ცვლილებებს” (რომლებიც ექსტრემიზმსა და ტერორიზმში მხილებული პირების მიმართ კანონის გამკაცრებას ემსახურება) აქტიურად განიხილავს.

“გასულ წელს ე.წ. პოლიტიკური მუხლების მიხედვით აღძრული საქმეების რაოდენობამ განსაკუთრებულ მასშტაბებს მიაღწია. ჩემი აზრით, ამჟამად მიზნად აქვთ დასახული, რომ მოსახლეობის ნებისმიერი პოლიტიკური აქტივობა ჩაახშონ ინტერნეტში, მათ შორის – სოციალურ ქსელებშიც.

ახალი კანონები, რიგითი მოქალაქეების განსასჯელად გამართული დემონსტრაციული სასამართლო პროცესები… ეს ქმედებები უბრალოდ დაშინებას ემსახურება. ადამიანებს თვითგამოხატვის ნებისმიერი მცდელობის შიშს უნერგავენ. რუსეთის ფედერაციაში დღეს ადამიანებს მშვიდობიან საპროტესტო აქციაში მონაწილეობისთვის, არასტანდარტული ხელოვნებისთვისა და მიმოწერისთვის აპატიმრებენ, რადგან ამ ყველაფერში პოლიტიკურ ქვეტექსტს ხედავენ.

ახალი საკანონმდებლო ცვლილებები უბრალოდ გაზრდის სამართალდამცველების სამოქმედო არეალს და გაამრტივებს გამომძიებლების სამუშაოს. თუმცა, ამავე დროს ძალიან გაართულებს თითოეული მოქალაქის პირად ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შეეხებათ ყირიმელებსაც, რომლებიც ახლა რუსეთის კანონებით ცხოვრობენ. ამ ქვეყანაში ნებისმიერი ინიციატივისთვის შეიძლება დაისაჯო,” – მიაჩნია ანასტასია ბუბეევას.

პირველად გამოქვეყნდა: 11.07.2016

წყარო


ასევე წაიკითხეთ