ქალებმა შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნეს - სეზონურს, მაგრამ სარფიანს" />

საახალწლო ბიზნესი

ქალებმა შემოსავლის ახალ წყაროს მიაგნეს - სეზონურს, მაგრამ სარფიანს

ბევრი სომეხი ქალისათვის ახალი წელი სადღესასწაულო სუფრის კერძების მზადების აქტიურ პერიოდს წარმოადგენს. თუმცა, ზოგიერთი დიასახლისი ამ საქმიანობით ფულსაც შოულობს. ისინი კლიენტებისგან ბლინების, ბოლო დროს ძალიან პოპულარული “იშლი კიუფტებისა” და კიევური კოტლეტების შეკვეთებს იღებენ. ზოგიერთი ჩირზე სპეციალიზდება, სხვები კი სახლში დამზადებულ ბასტურმასა და სუჯუკს ყიდიან.

43 წლის ჰასმიკ მკრტიჩიანი ხუმრობს, რომ დეკემბერში მისი სეზონური სამუშაოს ცხელი და შემოსავლიანი ნაწილი იწყება ხოლმე [მამაკაცების სეზონური სამუშაოს საპირწონედ. სამუშაოდ კაცები საზღვარგარეთ მიემგზავრებიან და სახლში მხოლოდ დეკემბერში ბრუნდებიან].

IMG_3829

ჰასმიკის სამზარეულოში სრული ქაოსი სუფევს, მაგრამ იგი გამოცდილი ოსტატია და ზუსტად ახსოვს, სად რა დევს. მის მოქნილ ხელებში კიევური კოტლეტი თითქოს ერთ წამში “იბადება”. ის სწრაფად და ღიმილით  მუშაობს. ამბობს, რომ, დატვირთულობის მიუხედავად, სიამოვნებით ამზადებს კერძებს და კოტლეტსა და კიუფტას დადებითი ენერგიით “აგემებს”.

IMG_3822

“რა თქმა უნდა ვიღლები, მაგრამ რას იზამ! ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ წელიწადში ერთხელ გვეძლევა. შეკვეთების ნაწილს სახლში ვამზადებ, ნაწილს კი დამკვეთებთან – გაჩნია, როგორ სურს თავად მყიდველს”. დეკემბერში სულ 2000 კიუფტი მოვამზადე. ბოლოს ხელები აღარ მემორჩილებოდა. რთულია ღამეების თენება, თითოეული ადამიანის გულის მოსაგებად მუშაობა და კლიენტების შენარჩუნება.

ერთი პორციაში დაახლოებით 100-130 იშლი კიუფტა შედის. იმ შემთხვევებში, როდესაც ჰასმიკი სახლში ამზადებს კიუფტას, თითოში 250 დრამს (დაახლოებით ნახევარ დოლარს) იღებს, იმიტომ რომ პროდუქტებს თავად ყიდულობს, მაგრამ თუკი დამკვეთის სახლში უწევს მუშაობა, მას სამჯერ ნაკლებს უხდიან.

“თან მხოლოდ სუნელები და მარცვლეული მიმაქვს ხოლმე. სწორედ მათზეა დამოკიდებული კერძის ხარისხი. როდესაც ხალხს “250 დრამი” ესმის, ჰგონია, რომ ეს მაღალი ფასია, მაგრამ სინამდვილეში იგივე გამოდის. დღეში 20 ათას დრამს ($41) ვშოულობ. როგორც წესი, ერთ, ან ერთ-ნახევარ პორციას მიკვეთავენ ხოლმე”, – ამბობს სამი შვილის დედა და კიევური კოტელეტების მომზადებას იწყებს. ჰასმიკი თითო კოტლეტს 200 დრამად (დაახლოებით 40 ცენტი) ყიდის.

ამავე ბიზნესითაა დაკავებული 45 წლის მარო სარგსიანი, რომელიც სირიელი რეპატრიანტების შთამომავალია. მისი ოჯახი 1947 წელს დასახლდა სომხეთში. მარო ყველაფერს იმ ტრადიციების მიხედვით ამზადებს, რომელიც აღმოსავლური სამზარეულოსთვისაა დამახასიათებელი.

 “სომხეთში იშლი კიუფტა სირიელმა სომხებმა შემოიტანეს. მომზადების საიდუმლო დედამ და ბებიამ გადმომცეს. ადრე ამ საჭმელს ძირითადად სირიელი სომხები ამზადებდნენ, მაგრამ ბოლო პერიოდში კიუფტას ადგილობრივებიც აკეთებენ ხოლმე. დღეს ეს კერძი ძალიან პოპულარულია და თითქმის ყველა ოჯახის საახალწლო სუფრას ამშვენებს”, – ამბობს ის.

მარო კერძის მომზადებას იწყებს. წინასწარ დამბალ მარცვალში ფარშს ამატებს და მოქნილი, ძლიერი ხელებით ურევს. ჯამში გამეფებული ქაოსი თანდათანობით სრულ იდილიად გარდაიქმნება. მარო მუშაობს – ჯერ მარჯვნიდან მარცხნივ ურევს, შემდეგ კი – მარცხნიდან მარჯვნივ. იგრძნობა, რომ დიდი ძალისხმევის ფასად შრომობს, მაგრამ სახიდან ღიმილი არ სცილდება.

“სხვათა შორის, სირიაში საქმის ამ ნაწილს მამაკაცები ასრულებდნენ, რადგანაც ამ მასის მორევა დიდ ძალას მოითხოვს. ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული, თუ როგორი გემო ექნება კერძს. მარცვლეული ბოლომდე უნდა შეერიოს ხორცს და, ფაქტობრივად, ფარშის ნაწილი უნდა გახდეს”, – ამბობს მარო.

ახალი წლის წინა დღეებში ზაფხულის მზის ქვეშ “გარუჯული” სომხური ხილიც კარგად იყიდება.  ჰასმიკ მკრტიჩიანი ამბობს, რომ მისი ჩირი წელს მისმა ნათესავ-მეგობრებმაც შეიძინეს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ. იგი ორი სახის ჩირს ყიდდა – სიროფით მომზადებულსა და უბრალოდ მზეზე გამომშრალს.

“ჩვენ თვითონ აღარაფერი დაგვრჩა, მთლიანად გაიყიდა. მძიმე, მაგრამ შემოსავლიანი საქმეა. სიროფის გარეშე დამზადებული ატმის, გარგრის, ან ვაშლის ჩირს 3000 დრამად (დაახლოებით $6) ვყიდდი. ასეთ ჩირზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. წელს კიდევ უფრო მეტს გავაკეთებ. 1 კილოგრამი გარგრის, ატმის, ქლიავის, მსხლისა და ვაშლის სიროფიანი ჩირი კი 5000 დრამი (დაახლოებით $10) ღირდა”, – ამბობს ჰასმიკი.

IMG_3832

ახალი წლის წინ მან 40 კილოგრამი სიროფიანი, და 20 კგ “სუფთა” ჩირი გაყიდა. ამას გარდა, იგი თავის კლიენტებს სახლის პირობებში მომზადებულ ბასტურმასა და სუჯუკსაც სთავაზობს. სომხეთში ეს საჭმელი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია.

“ერთ კილოგრამ ბასტურმას 9000 დრამად ($18) ვყიდდი, სუჯუკს კი 7000 დრამად ($14). ბევრი არ გამიყიდია. წელს პირველად მოვამზადე და დარწმუნებული ვარ, რომ გაისად მეტი შეკვეთა მექნება. ხალხმა უკვე იცის, რომ ბასტურმასა და სუჯუკსაც ვამზადებ”, – ამბობს ჰასმიკი და თავისი ხელით მომზადებული “განძით” გვიმასპინძლდება.

უმუშევრობა და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები ქალებს აიძულებს, როგორმე გამოიყენონ საკუთარი უნარები და ნიჭი ოჯახურ ბიუჯეტთან დაკავშირებული პრობლემების ოდნავ შესამსუბუქებლად. დაღლილობისა და მტანჯველი ფიზიკური შრომის მიუხედავად, ისინი დიდი მონდომებით მუშაობენ ხოლმე და ხშირად წარმატებასაც აღწევენ.

“ახალი წელი ჩემთვის ნამდვილად სიხარულის მომტანია. ხალხი უკვე მიცნობს და ჩემი კლიენტების სია ახალი ოჯახებით ივსება. წელიწადში ხუთი მუშტარი მემატება ხოლმე. კარგი იქნებოდა, ასეთი შეკვეთები მთელი წლის განმავლობაშიც მიმეღო, მაგრამ ხალხს ამდენი ფული არ აქვს და საკუთარ თავებს ასეთ ძვირიან სიამოვნების მიღების უფლებას მხოლოდ ახალ წელს აძლევენ”, –  ამბობს ჰასმიკ მკრტიჩიანი და აღნიშნავს, რომ თავისი ბიზნესით ძალიან ეხმარება მეუღლეს – ყოველ შემთხვევაში, საახალწლო ხარჯებთან გამკლავებაში მაინც.


ასევე წაიკითხეთ