სომხეთში რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას მოითხოვენ
ერევანში, რუსეთის საელჩოს წინ ერთმანეთის მიყოლებით ორი აქცია გაიმართა. პირველი აქციის მონაწილეები სომხეთში ოფიციალური მოსკოვის პოლიტიკას აპროტესტებდნენ და ქვეყნიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ითხოვდნენ. მეორე აქცია კი რუსეთის მხარდასაჭერად კომუნისტებმა ჩაატარეს.
რატომ მივიდნენ ადამიანები რუსეთის საელჩოსთან
რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვის მიზეზი სომხეთის მეორე ქალაქ – გიუმრიში მომხდარი ქალის მკვლელობა გახდა. წინასწარი მონაცემებით, დანაშაული ამ ქალაქში განლაგებული 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურემ ჩაიდინა.
• სომხეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ჯარისკაცი, ქალის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი
• როგორ ანადგურებდა რუსული ბაზა ადგილობრივ მოსახლეობას
• რუსული ბაზა სომხეთში – თავდაცვა თუ საფრთხე
მკვლელობის დეტალები
57 წლის ჯულიეტა გუკასიანი მძიმე დაზიანებებით გიუმრის საავადმყოფოში 3 დეკემბერს მოათავსეს. ის გიუმრის საბინაო-კომუნალურ განყოფილებაში მეეზოვედ მუშაობდა. მას თავს დილით, სამსახურისკენ მიმავალ გზაზე დაესხნენ და სასტიკად სცემეს. მიღებული დაზიანებების შედეგად ის გარდაიცვალა, თუმცა, მანამდე მოასწრო მოეყოლა, რომ თავს უკნიდან დაესხნენ.
პრაქტიკულად, ქალის გარდაცვალების შესახებ ცნობის გავრცელებისთანავე, სომხურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურემ მოკლა. რა ჰქვია დაკავებულ სამხედრო მოსამსახურეს და რა გახდა დანაშაულის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.
აქციის მონაწილეების მოთხოვნები
აქციის მონაწილეები რუსი სამხედროს სომხური მხარისთვის გადაცემას ითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი აღშფოთებულები იყვნენ „რუსი სამხედროების ქცევით, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“. ამასთან დაკავშირებით, ისინი სომხეთის ტერიტორიიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას მოითხოვდნენ.
თავის მოთხოვნას ისინი ასაბუთებდნენ არა მხოლოდ ბოლო მკვლელობით, ასევე, ავეტისიანების ოჯახის ტრაგედიით. 2015 წელს რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურემ ვალერი პერმიაკოვმა ამ ოჯახის 7 წევრი მოკლა, მათ შორის, ჩვილი ბავშვი.
თუმცა, ასევე ცნობილია არაერთი სხვა ისტორია იმის შესახებ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი რუსი სამხედროები როგორ აწყობდნენ დებოშს და ისროდნენ იარაღიდან, რასაც ათობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.
შეკრებილები ფიქრობენ, რომ სომხეთის ამჟამინდელი ხელისუფლებაც იმავე პოლიტიკას გააგრძელებს რუსეთთან, რასაც მისი წინამორბედები.
„ჩვენ სომხეთის ახალ პოლიტიკურ დღის წესრიგს ვაყალიბებთ და ეს არის ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტი. დიახ, ეს პოლიტიკური საკითხია. ეს სომხეთის მოქალაქეების სიცოცხლისა და უსაფრთხოების საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით, როდის, სად ან ვის შეხვდება რუსი ჯარისკაცი და რა ბოროტებას ჩაიდენს“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ნარინე მკრტჩიანმა.
რუსეთის ინტერესების მხარდაჭერა
პირველი აქციის დასრულებისთანავე, სომხეთში რუსეთის საელჩოს წინ კომუნისტები შეიკრიბნენ ლოზუნგებით – „არა ანტირუსულ პროვოკაციებს სომხეთში“ და „საუკუნოდ რუსეთთან“. მათ განაცხადეს, რომ 102-ე რუსული სამხედრო ბაზა აუცილებელია სომხეთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.