აფხაზეთში შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი პალატა, თუმცა მასში ოპოზიციის არც ერთი წარმომადგენელი არ არის – ოპოზიციურმა კანდიდატებმა კვალიფიკაციის ეტაპი ვერ გაიარეს.
მოქმედი წესის მიხედვით, პალატის წევრთა ერთი მესამედი პრეზიდენტის მიერ ინიშნება. მეორე მესამედს ადგილობრივი ხელისუფლება – ქალაქებისა და რაიონების ასამბლეები ასახელებენ. ამის შემდეგ უკვე შერჩეული წევრები თავად ირჩევენ დარჩენილ მესამედს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების სიიდან, შეღავათიანი კენჭისყრის გზით.
ოპოზიციური გამოცემა „რესპუბლიკა“ წერს, რომ ფორმალურად “ახალი“ პალატა 90%-ზე მეტით იგივე შემადგენლობით არის დაკომპლექტებული, რაც ადრე. გამოცემის შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ წევრებმა ფაქტობრივად საკუთარი თავი ხელახლა აირჩიეს.
ამავე წყაროს ცნობით, ოპოზიციის წარმომადგენლების არყოფნაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც თავად პალატის წევრებს, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებასა და ე.წ. პრეზიდენტს.
“თუ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ასეთ ინსტიტუტებში წარმოდგენილი არ არის, ჩნდება კითხვა – რა დანიშნულება აქვთ საერთოდ?“ – წერს გამოცემა. მათი შეფასებით, პოლიტიკური კრიზისები სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც მრავალფეროვანი აზრების პლატფორმის ნაცვლად, მსგავსი ორგანოები დახურულ კლუბებად იქცევა, სადაც წევრები ერთმანეთს აძლევენ ხმას.
გამოცემა ვარაუდობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა კვლავ გაიზრდება, როგორც ეს 2024 წლის ნოემბერში მოხდა და მაშინდელი პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომა გამოიწვია, საზოგადოებრივი პალატის წევრები ვერ შეძლებენ შუამავლის როლის შესრულებას.
“თქვენ თავად ქმნით კრიზისების საფუძველს და შემდეგ, უმანკო სახეებით, მშვიდობისა და სტაბილურობისკენ მოუწოდებთ“, — ასკვნის “რესპუბლიკა“.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო