დავით ზალკალიანი: რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება
რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გორში, „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ორმა ქვეყანამ ჩვენი აქტიური ჩართულობით უკან წაიღო აღიარება, ეს პროცესი არ გაჩერდება. ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ, რომ რუსეთი დარჩეს მარტო, მაგრამ რუსეთმა აუცილებლად უკან უნდა წაიღოს აღიარება. ურთიერთობის მოწესრიგების სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა იმ წითელ ხაზზე გადის, რაც დაკავშირებულია დეოკუპაციასთან”.
● ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ჩაიშალა. თბილისი რუსეთს ადანაშაულებს, რუსეთი – პანდემიას
● აშშ-ის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას არჩევნები რუსეთის კიბერშეტევისგან
● რუსეთი ბელარუსს იყიდის? ექსპერტთა მოსაზრებები
ზალკალიანის თქმით, არაღიარების პოლიტიკას, რომელიც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, ხელშესახები შედეგები მოაქვს.
“მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე”.
მისი თქმით, 2024 წელს საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე გააკეთებს განაცხადს.
„ჩვენ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ, ჩვენი განცხადებები გამყარებულია საქმით. წინა ხელისუფლების პერიოდში ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მაღალი მოლოდინები იქმნებოდა. სამწუხაროდ, შედეგები მიღწეული არ იყო, რაც საზოგადოების იმედგაცრუებას იწვევდა“, – განაცხადა ზალკალიანმა.