აშშ-ის ელჩი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას არჩევნები რუსეთის კიბერშეტევისგან
საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოში აშშ-ს ელჩი ხელისუფლებას კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაციის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. კელი დეგნანმა ამის შესახებ თბილისში, 25 სექტემბერს მიმდინარე კიბერუსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.
„ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წინასაარჩევნოდ, რათა თითოეული ამომრჩეველი დარწმუნებული იყოს, როცა საარჩევნო უბანზე წავა და ხმას მისცემს, მისი ინფორმაცია დაცული იყოს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
“შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაყოვნების გარეშე მოახდინოს ეროვნული კიბერუსაფრთხოების სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის რატიფიკაცია. ასევე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, უნდა განისაზღვროს როლები და მოვალეობები კიბერსივრცეში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ აღმოიფხვრას პრობლემები, რათა კიბერუსაფრთხოება გაძლიერდეს. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი საფრთხეები იარსებებს”,- აღნიშნა ელჩმა.
•რა უნდა ვიცოდეთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე. გზამკვლევი
•ოლიგარქის სოფელი. როგორ ცხოვრობენ ჭორვილაში დღეს? რეპორტაჟი
ეს პირველი შემთხვევა არ არის, რომლითაც აშშ-ის ელჩი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევაზე აფრთხილებს.
მანამდე კელი დეგნანმა იგივე შინაარსის განცხადება ივლისში გააკეთა.
“საქართველოში არჩევნები რუსეთის აშკარა სამიზნეა” – ეს განცხადება შეერთებული შტატების ელჩმა ივლისში ონლაინ კონფერენციის დროს გააკეთა.
როგორც 25 სექტემბერს თბილისში გამართულ კიბერუსაფრთხოების ფორუმზე ჟურნალისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განუცხადა, საქართველო აქტიურად მუშაობს პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
„გვინდა არ იყოს ისე ადვილი ჯაშუშების შემოღწევა და ამა თუ იმ სახელმწიფო უწყებებიდან ინფორმაციის წაღება“, – აღნიშნა გომელაურმა.
___________________________
გასულ წლებში საქართველოს სახელმწიფო უწყებებზე რამდენიმე კიბერ-შეტევა განხორციელდა. ბოლო მათგანი 1 სექტემბერს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემასთან ასოცირებულ რესურსებზე, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაზე განხორციელდა. ოფიციალური მონაცემებით, შეტევა „მეზობელი სახელმწიფოს“ ტერიტორიიდან მოხდა.
2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში ორი ათასამდე სამთავრობო, არასამთავრობო და მედია-საიტი გაითიშა. ამ ყველაზე მასშტაბური ჰაკერული შეტევის უკანაც რუსეთი იდგა, რაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის სპეციალისტების ჩართულობით ჩატარებულმა გამოძიებამ ცხადყო.
საქართველო ასევე ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც რუსეთის მხრიდან მასობრივი კიბერშეტევის სამიზნე გახდა. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის მწვავე ფაზის პარალელურად.