„ყაზარმული კარანტინი“: თურქეთიდან ევაკუირებული აზერბაიჯანის მოქალაქეები სიცივეზე, შიმშილსა და ცემაზეც კი ჩივიან
ას კაცზე მეტია განთავსებული სამხედრო ნაწილებში მოწყობილ კარანტინში
თურქეთიდან კორონავირუსის პანდემიის გამო ევაკუირებული სტუდენტები და აზერბაიჯანის სხვა მოქალაქეები კარანტინში ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აღმოჩნდნენ. ისინი ცხოვრების საშინელ პირობებზე, მუქარასა და ცემაზე ჩივიან.
ევაკუირებულთა დიდი ნაწილი სამხედრო ნაწილებში განათავსეს.
„არ არის საჭმელი და სასმელი, ონკანიდან წყალი არ მოდის. 159 ადამიანზე მხოლოდ 90 საწოლია. ღამით ძალიან ცივა, ზოგიერთი ჩვენგანი უკვე გაცივდა. სად არ დავრეკეთ, რომ აქედან წაგვიყვანონ, მაგრამ ამაოდ“, – ციტირებს ВВС კარანტინში მყოფი ერთ-ერთი მოქალაქის სიტყვებს.
27 მარტისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის 122 შემთხვევაა დაფიქსირებული. სამი ინფიცირებული გარდაიცვალა, თხუთმეტი – გამოჯანმრთელდა.
„კარს უკან ჯარისკაცები დგანან. მაგრამ ჩვენ ხომ დაპატიმრებულები არ ვართ. როდესაც გაპროტესტებას ვცდილობთ, ტელეფონებსა და პასპორტებს გვართმევენ და სარდაფშიც ჩავყავართ“, – გადმოსცემს Azadliq Radiosu კიდევ ერთი სტუდენტის სიტყვებს.
ევაკუირებულთა ნაწილი ფიზიოთერაპიულ სანატორიუმში აღმოჩნდა, მაგრამ როგორც ჰყვებიან, არც იქ არის უკეთესი პირობები.
ასევე, სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პროტესტის საპასუხოდ, სულ მცირე, ერთი სტუდენტს სასტიკად სცემეს.
ჯერჯერობით ამ თემაზე არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა. მაგრამ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც აზერბაიჯანში, კარანტინში მოთავსებული ადამიანები საშინელ პირობებსა და ანტისანიტარიაზე ჩივიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ჰიქმეთ გაჯიევმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, – „არავინ არ უნდა ჩათვალოს, რომ კარანტინში დასასვენებლად გადაიყვანეს და მისთვის უფასო ტურისტული შესაძლებლობა შეიქმნა“.
