თბილისის საქალაქო სასამართლოში ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი მკვლელობის საქმის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. საქმე მკვლელობას ეხება, რომელიც ოქტომბერში მოხდა. საქმეში, შესაძლოა, კანიბალიზმიც იკვეთებოდეს.
19 წლის ქალიშვილმა, შეყვარებულთან და მეგობართან ერთად, ოქტომბერში 76 წლის ქალი მოკლა. გამოძიების ვერსიით, ქალბატონი თავისსავე ბინაში ელექტროშოკერით გათიშეს, შემდეგ გაგუდეს და დანა დაარტყეს. მისი ცხედარი ჩანთით დაქირავებულ ბინაში გადაიტანეს, დაანაწევრეს, შემდეგ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს. სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა აღიარა გარდაცვლილის ორგანოების დაგემოვნება, და აღნიშნა, რომ მოკლული “ლენინისტურ-კომუნისტური პიროვნებაა”. ბრალდებულმა, რომელიც მოკლულის ქალიშვილის მეგობარი ბიჭია, ისიც განაცხადა, რომ გოგონაზე ფსიქოლოგიურ ტერორს ახორციელებდა და 13 ათასი დოლარი გამოსძალა.
თავად მოკლულის 19 წლის ქალიშვილი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ბრალდებულია, დანაშაულს აღიარებს და ამბობს, რომ მას მშობლები სასტიკად ექცეოდნენ.
რაც შეეხება მესამე არასრულწლოვან დამნაშავეს, მისი საქმე სასამართლო კოლეგიამ დახურულ ფორმატში განიხილა. სამივე პატიმარი წინასწარ პატიმრობაში რჩება.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სულ ხუთი ახალგაზრდაა დაპატიმრებული. აქედან სამს, მათ შორის მოკლულის ქალიშვილს, ბრალი – დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, დანარჩენს ორს კი დანაშაულის დაფარვაში ედებათ.