"ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს"
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
30 მარტის 10:00 საათისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 98 შემთხვევაა დადასტურებული.
კარანტინის რეჟიმშია 4876 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264 პირი.
კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 18 გამოჯანმრთელდა. მათგან 2 ბავშვია.
მარნეულის მერიასთან ადგილობრივმა მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მარნეულის დაკეტვის შემდეგ რაიონში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობაა, ადგილობრივი ხელისუფლება კი სოციალურ დახმარებას უსამართლოდ ანაწილებს და მხოლოდ თავისიანებს ეხმარება. საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვის მიუხედავად, აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა.
“დახმარებას ვითხოვთ. ვირუსი კი არა, შიმშილი მოგვკლავს. კაპიკი ჯიბეში არ გვაქვს,”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. აქციის შესახებ ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
მარნეულის მერი, ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მოსახლეობაში გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს დახმარება ყველას უნდა მიეღო, სინამდვილეში კი მერია დახმარებას მხოლოდ სოციალურად დაუცველებს აძლევს.
“ეს დახმარება არის გარკვეული ჯგუფებისთვის. ჩვენს გვაქვს სიები, ” – განაცხადა მერმა.
მერიის წინ შეკრებილი მოქალაქეებს შორის არ იყო დაცული დისტანცია.
აქციაზე სამართალდამცავები მივიდნენ. ისინი მოსახლეობას დისტანციის და საკარანტინე რეჟიმის დაცვისკენ მოუწოდებდნენ
კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით საქართველოში 21 მარტს საგანგებო ვითარება გამოცხადდა, 23 მარტს კი კორონავირუსის შიდა გავრცელების გამო მარნეულსა და ბოლნისში კარფანტინი გამოცხადდა.
მოსახლეობას გარეთ გამოსვლა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია.
- რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა – რისი უფლება გვაქვს და რისი არა
- მარნეული და ბოლნისი დაიკეტა
- მარნეული ეპიდაფეთქების მოლოდინში. რა ხდება დახურულ ქალაქში
- აფხაზეთი კორონავირუსს მოუმზადებელი ხვდება
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში, ვიდეო
მარნეული ქვემო ქართლს ეკუთვნის. მუნიციპალიტეტში 104 300 ადამიანი ცხოვრობს. მათი 83,8% ეთნიკური აზერბაიჯანელია, 8,6% – ქართველი, ხოლო 7% – სომეხი.