საქართველოში უვადო მოსამართლემ შვებულება აიღო, აშშ-ში წავიდა და იქ დარჩა
გაზიარება
გაზიარება
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინფორმაციით, უვადო მოსამართლე მაია სვიანაძემ შვებულება აიღო, ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილთან წავიდა და თანამდებობიდან გათავისუფლება იქიდან მოითხოვა.
ჯანეზაშვილი ფეისბუკზე წერს, რომ სვიანაძემ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აშშ-დან გამოუგზავნა:
“ერთ-ერთმა მოქმედმა მოსამართლემ (მაია სვიანაძემ) შვებულება აიღო, შვილთან წავიდა აშშ-ში და დარჩა.
იქიდან გამოუგზავნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს განცხადება და მოითხოვა მოსამართლის თანამდებობიდან გათავისუფლება.
ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიუღია და ფორმაც სრულიად შესაფერისი ამ სისტემაში”.
ინფორომაცია გადაამოწმა ტელეკომპანია “ფორმულამაც”. ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლის აშშ-ში დარჩენის ფაქტი დაუდასტურეს და უთხრეს, რომ მოსამართლე სვიანაძემ მათ წერილობით, პირადი განცხადების საფუძველზე მიმართა, დღეს კი საბჭომ მოსამართლის მოთხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.