2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.2 მილიარდი დოლარი მიიღო
ტურიზმის ადმინისტრაციის განცხადებით 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ასევე, 2019 წლის მონაცემებთან შედარებით, 2021 წელს აღდგენილია ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 38%.
მათივე განმარტებით, 2021 წელს საქართველოში 1 881 271 საერთაშორისო მოგზაური შემოვიდა. აღდგენის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 20 პროცენტია, 2020 წელთან შედარებით კი მოგზაურთა რაოდენობა 7.7 პროცენტით გაიზარდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, 2019 წელთან შედარებით აღდგენილია ტურისტულ ვიზიტების 31 პროცენტი, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1 პროცენტს შეადგენს.
2021 წელს საერთაშორისო ვიზიტორების უმეტესი რაოდენობა ქვეყანაში საჰაერო გზით შემოვიდა – 51 პროცენტი.
● “1999 წელი იყო, პირველად რომ ჩამოვედი” – რას ფიქრობენ საქართველოზე უცხოელები, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ
● პანდემიის მეორე ზაფხული. საქართველოში ტურისტები ბრუნდებიან?
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
კორონავირუსის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭომ (WTTC) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორი 483 ათას სამუშაო ადგილს ქმნიდა – ეს რიცხვი მოიცავდა არა მხოლოდ კვების და განთავსების ობიექტებში მომუშავე პირებს, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნაში ჩართულ ადამიანებსაც. ამავე წელს, ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზე იყო.
2018 წელს, ტურიზმში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი საქართველოს მთლიან დასაქმებაში 7.8% იყო და საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება უშუალოდ ტურიზმს, ეს სფერო პირდაპირი გზით 140 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.
მაშინ კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს მაჩვენებლები მომავალ წლებში საშუალოდ 2 პროცენტით გაიზრდებოდა, თუმცა პანდემიამ რეალობა შეცვალა და ობიექტების დახურვა თუ თანამშრომელთა ოდენობების შემცირება ყველა ამ მაჩვენებელზეც აისახა.