მთავრობის სხდომა: თბილისში პოლიციელების ქალაქი აშენდება, იზრდება დახმარება სოცდაუცველებისთვის
თბილისში პოლიციელების ქალაქი აშენდება
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ თბილისში, “ჯიქიას [ახლანდელი პოლიტკოვსკაიას] ქუჩაზე” აშენდება 1 000-ბინიანი პოლიციის ქალაქი. ასევე, მთავრობის მეთაურის თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის დახმარება 100-დან 150-ლარამდე გაიზრდება.
“ჩემი დიდი სურვილია და ბატონი მინისტრის, ერთად გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი გმირი პოლიციელებისთვის ავაშენებთ 1000-ბინიან პოლიციის ქალაქს, ამ პროექტსაც დავიწყებთ ამ წელს, უკვე დაწყებული გვაქვს მოსამზადებელი სამუშაოები და ადგილიც შერჩეულია, ბატონი ვახტანგის [გომელაურის] იდეა იყო, რომ პროექტი განხორციელდეს ჯიქიას ქუჩაზე, სადაც იყო მანამდე პოლიციის სპეცდანიშნულების ბაზა. აღნიშნული ბაზას გადავიტანთ სხვა ადგილზე და ამ ადგილზე აშენდება ათასბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი, პოლიციის ქალაქი, ისეთი, როგორიც ავაშენეთ ჩვენი ჯარისკაცებისთვის, ჩემი მინისტრობის დროს. პირობები იქნება იგივე, რაც იყო ჯარისთვის ანუ 1 კვადრატულ მეტრზე დაახლოებით ას დოლარს გადაიხდიან, ეკვივალენტი ლარებში ჩვენი პოლიციელები, დანარჩენს ყველაფერს დაფარავს სახელმწიფო. ვფიქრობთ, ეს იქნება განგრძობითი პროექტი, ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი, ეს უნდა იყოს დამატებით მოტივაციის მიმცემი ჩვენი პოლიციელებისთვის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
სოციალურ დახმარებებზე საუბრისას ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა იმას, რომ “ამ მიმართულებით, 341 000 ლარი იქნება ჯამური ბიუჯეტი.”
“ასევე, ეს დახმარება გაგრძელდება მომავალ წელსაც და ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ ეს გაგრძელდეს ყოველ წელს. ეს ეხება 215 000-ზე მეტ ბავშვს”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას მთლიანი მოსახლეობის 13,7% იღებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყოველი მე-7 ადამიანი უკიდურესად გაჭირვებულია. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ასეთი ადამიანების რიცხვი 16%-ით გაიზარდა და ამჟამად საარსებო შემწეობის მიმღები ნახევარ მილიონზე მეტი – 510 343 ადამიანია.
პანდემიის დაწყების დღიდან ასევე გაიზარდა ბაზაში რეგისტრირებული ადამიანების რაოდენობაც. ანუ ის ადამიანები, ვინც სახელმწიფოს სოციალური დახმარების თხოვნით მიმართა.
მიმდინარე წლის 14 თებერვალს, პრემიერმა ღარიბაშვილმა პირველი მარტიდან სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამა და 200 ათასი ადამიანის დასაქმება დააანონსა. ღარიბაშვილის განმარტებით, ეს ორმაგ შედეგს მოიტანს – ერთი მხრივ, გაიზრდება სოციალური შემწეობის მიმღებ უმუშევართა შემოსავლები და ამავდროულად, ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის ან არსებულის გასაუმჯობესებლად შექმნის მნიშვნელოვან საზოგადოებრივ სიკეთეს.
მისივე განმარტებით, ამ პროგრამით ისარგებლებენ 18 წლიდან საპენსიო ასაკამდე სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირები, რომელთაც არ აქვთ მინიჭებული შშმ სტატუსი ან არ აქვთ ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები.