სტრასბურგმა ბათუმში კარვის გაშლის საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა დაადგინა
გაზიარება
გაზიარება
სტრასბურგმა საქართველოზე დარღვევა დაადგინა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან კარვის გაშლის გამო მოქალაქე ზურაბ ქარჩავას დაკავებით საქართველომ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება დაარღვია.
საქმის შესახებ ინფორმაციას “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს ქარჩავას სასარგებლოდ 1 000 ევროს გადახდა დააკისრა არამატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით.
გადაწყვეტილება შეეხება 2022 წლის შემთხვევას, როდესაც ქარჩავა პროტესტის ნიშნად, ბავშვებისთვის სკოლებში უფასო კვების მოთხოვნით, მემედ აბაშიძის ძეგლთან, საკონსტიტუციო სასამართლოს სიახლოვეს კარავში დარჩენას ცდილობდა.
ზურაბ ქარჩავას საქმე
ქარჩავა 2022 წელს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. მაშინ სახელმწიფო ამტკიცებდა, რომ კარავი სასამართლოს მუშაობას შეუშლიდა ხელს, ასევე არსებობდა მემედ აბაშიძის ძეგლის დაზიანების საფრთხე. დამატებით არგუმენტად სახელდებოდა ახალი წლის პერიოდი და პიროტექნიკის გამოყენების შესაძლო რისკი.
გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ აჩვენეს, რატომ იყო აუცილებელი ასეთი ჩარევა ქარჩავას უფლებებში, მაშინ როცა მას კარავი ობიექტთან 20 მეტრზე ახლოს არ გაუშლია. ასევე არ იკვეთებოდა, რომ მას ძეგლის დაზიანების განზრახვა ჰქონდა, ან რომ იმ ადგილზე პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული კონკრეტული ღონისძიება იგეგმებოდა.
სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა გამოხატვის თავისუფლების ნაწილში და მე-11 მუხლის, შეკრების თავისუფლების კონტექსტში. გადაწყვეტილებაში ხაზგასმულია, რომ ქარჩავას ერთდღიან ადმინისტრაციულ დაკავებას ჰქონდა “მსუსხავი ეფექტი“ მის მიერ გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების გამოყენებაზე.