"სრული იგნორი არჩევნების მეორე ტურს" - ოპოზიცია აქციებს აღარ გამართავს
ოპოზიციის გადაწყვეტილება 21 ნოემბერს დაგეგმილ მეორე ტურთან დაკავშირებით, პროცესის სრული იგნორირებაა.
ამის შესახებ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა დღეს, „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდგომ განაცხადეს.
როგორც “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, საერთო ოპოზიციური ფორმატის გადაწყვეტილებაა, არჩევნების მეორე ტურის იგნორირება, თუმცა ცალკეულ პარტიებს შეიძლება ჰქონდეთ რაღაც აქტივობები.
„საბოლოო ჯამში ჩამოვყალიბდით, რომ ხვალ, 21 ნოემბერს ერთადერთი სწორი ფორმა იმ სიყალბის მიმართ, რასაც ივანიშვილის რეჟიმი არჩევნების მეორე ტურს არქმევს, იყოს სრული იგნორი. რაც ხვალ მოხდება ფიქციაა. არ გვინდა ამომრჩეველთან რაიმე ტიპის კოლიზეაში შევიდეთ”.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ზაალ უდუმაშვილი კი აცხადებს, რომ დიდი მასშტაბური აქციები, როგორიც ოპოზიციამ რამდენიმე დღის წინ გამართა, არ იგეგმება.
„საერთო ოპოზიციურ ფორმატში ყველა აქცია შეჩერებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ინდივიდუალურად რომელიმე ოპოზიციურმა პარტიამ აქცია არ გამართოს, ამის შესახებ ჩვენ ინფორმირებული არ ვართ” – თქვა ზაალ უდუმაშვილმა.
● “ნაციონალური მოძრაობა” საკუთარ ამომრჩეველს მოუწოდებს, არ მივიდნენ მეორე ტურზე
მიუხედევად იმისა, რომ მეორე ტურებში ოპოზიცია არ მონაწილეობს და ხელისუფლება მარტოა დარჩენილი, სხვადასხვა ტელევიზიებში ყოველდღიურად მაინც ტრიალებს ვიდეორგოლი, რომელიც მოსახლეობას არჩევნების მეორე ტურებში “ქართული ოცნების” მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.