სომხეთში ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა: ფაშინიანმა კაბინეტის ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა
სომხეთის ახალი მთავრობის შემადგენლობა დამტკიცდა
სომხეთში ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ოფიციალურად შეინარჩუნა და მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის უმეტესობა უცვლელი დარჩა, ხოლო ცვლილებები ძირითადად პრემიერის ადმინისტრაციასა და მაღალტექნოლოგიური მრეწველობის სამინისტროს შეეხო.
სომხეთის კონსტიტუციის შესაბამისად, მე-9 მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებასთან ერთად ახალი მთავრობა ჩამოყალიბდა. მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“, ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი, რომლის პოლიტიკურმა ძალამ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა, პრემიერ-მინისტრად ხელახლა დაინიშნა. შესაბამის ბრძანებულებას ხელი პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა მოაწერა.
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, ვიცე-პრემიერების პოსტებზე მჰერ გრიგორიანი და ტიგრან ხაჩატრიანი ხელახლა დაინიშნენ. მინისტრთა კაბინეტშიც ცვლილებები მინიმალური აღმოჩნდა, თითქმის ყველა მინისტრმა საკუთარი პორტფელი შეინარჩუნა.
- პუტინი ფაშინიანისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს: ერევანსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ახალი ნიშნები ჩნდება
- რა გავლენა ექნება სომხეთის არჩევნების შედეგებს სამხრეთ კავკასიის რეგიონზე
- ნიკოლ ფაშინიანი: რუსეთს ან ექსკლუზიური ურთიერთობები სურს, ან არაფერი
ცვლილებები ადმინისტრაციაში
ფაშინიანის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პრემიერ-მინისტრის ყოფილი მთავარი მრჩეველი და სომხეთის ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში, ლილიტ მაკუნცი დაინიშნა. მისი წინამორბედი, არაიკ ჰარუთიუნიანი პარლამენტში გადავიდა და 2 აგვისტოდან მმართველი ფრაქციის დეპუტატის მანდატი ჩაიბარა.
პარალელურად, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მთავრობის კანდიდატთა პროგრამაში მონაწილე, მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებიდან ნაწილი უახლოეს პერიოდში მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე დაინიშნება.
„მალე იხილავთ ამ გადაწყვეტილებების დე იურე აღსრულებას,“ — განაცხადა ფაშინიანმა.
მინისტრთა კაბინეტი თითქმის უცვლელი დარჩა
პრემიერ-მინისტრის წარდგინებით თანამდებობები შეინარჩუნეს:
- თავდაცვის მინისტრი — სურენ პაპიკიანი;
- შინაგან საქმეთა მინისტრი — არპინე სარგსიანი;
- საგარეო საქმეთა მინისტრი — არარატ მირზოიანი;
- ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი — დავით ხუდატიანი;
- გარემოს დაცვის მინისტრი — ჰამბარძუმ მატევოსიანი;
- ჯანდაცვის მინისტრი — ანაჰიტ ავანესიანი;
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი — ჟანა ანდრეასიანი;
- იუსტიციის მინისტრი — სერბუჰი გალიანი;
- შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი — არსენ ტოროსიანი;
- ეკონომიკის მინისტრი — გევორგ პაპოიანი;
- ფინანსთა მინისტრი — ვაჰე ჰოვჰანსიანი.
ერთადერთი მინისტრი, რომელიც თანამდებობაზე აღარ დარჩა, მაღალტექნოლოგიური მრეწველობის ყოფილი მინისტრი მხითარ ჰაირაპეტიანი იყო. ფაშინიანის თქმით, ჰაირაპეტიანმა თავად გადაწყვიტა პოსტის დატოვება.
მის ნაცვლად მინისტრად დავით ტადევოსიანი დაინიშნა. პრემიერ-მინისტრმა იგი სამინისტროს თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა. შეხვედრას ყოფილი მინისტრიც ესწრებოდა და განაცხადა, რომ ახალ გუნდს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს დაეხმარება.
„მზად ვარ, ჩემი მოკრძალებული ცოდნა და გამოცდილება გაგიზიაროთ იმდენად, რამდენადაც ამას საჭიროდ ჩათვლით,“ — აღნიშნა ჰაირაპეტიანმა.
ახალი მინისტრი MIT-ის კურსდამთავრებულია
დავით ტადევოსიანმა განათლება სომხეთის ეროვნულ პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღო, ხოლო 2012–2014 წლებში სწავლობდა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT), სადაც ინჟინერიისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი მოიპოვა.
მინისტრად დანიშვნამდე ის „საერთაშორისო რადიო ქსელის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2024–2025 წლებში ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას „აფეიანის ინიციატივები სომხეთისთვის“, რომელიც ამერიკელმა ბიზნესმენმა, მეცნიერმა და ფილანტროპმა ნუბარ აფეიანმა დააფუძნა. მანამდე ტადევოსიანი საქმიანობდა „ვალექს ჯგუფში“, სამთო, მეტალურგიული და ქიმიური ტექნოლოგიების ინსტიტუტში, ასევე კომპანია SberSpinoff-ში.
ათასზე მეტი განაცხადი მთავრობის ნიჭიერთა პროგრამაში
ფაშინიანმა ასევე შეაჯამა ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს სომხეთის სახელმწიფო სამსახურში მუშაობისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, პროგრამამ მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია და მთავრობამ 1 141 განაცხადი მიიღო.
„წინასწარი შერჩევის შემდეგ მეორე ეტაპზე 459 კანდიდატი გადავიდა, რაც აპლიკანტების საერთო რაოდენობის დაახლოებით 40 პროცენტია. კანდიდატების საშუალო ასაკი 34 წელია,“ — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანის თქმით, გასაუბრებებისა და პროფესიული შეფასების საფუძველზე შეიქმნება მთავრობის ნიჭიერთა ფონდი, რომლის წევრებსაც წლის განმავლობაში სახელმწიფო სამსახურში დასაქმებას ან ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სხვა ფორმებს შესთავაზებენ.