სომხეთის პრემიერ-მინისტრი და მთელი მისი ოჯახი კორონავირუსით დაინფიცირდა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და მასთან ერთად მთელი მისი ოჯახი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად მთავრობის მეთაურმა, Facebook-ის საკუთარ გვერდზე, პირდაპირი ეთერისას განაცხადა.
„გუშინ, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის ინფექციაზე ჩემი ტესტის პასუხი დადებითია. არანაირი სიმპტომი არ მქონდა, მაგრამ რადგან საზღვარგარეთ უნდა წავსულიყავი, ტესტის გაკეთება გადავწყვიტე. ჩემი ოჯახის ყველა წევრის ტესტის პასუხიც დადებითია. როგორც ჩანს, ისინი ჩემგან დაინფიცირდნენ“, – განაცხადა პრემიერმა.
ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ მის შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
„რეზიდენციიდან ვიმუშავებ. აქ ყველა პირობა მაქვს, კავშირის ყველა საშუალება. რამდენი შესაძლებლობაც მექნება – ვიმუშავებ“.
სხვათა შორის, სომხეთში გადაწყვიტეს, კორონავირუსით ინფიცირებული უსიმპტომო პაციენტები საავადმყოფოებში, იზოლაციაში აღარ ჰყავდეთ. მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას, სახლის პირობებში, საქალაქო პოლიკლინიკების, სოფლის ამბულატორიებისა და ჯანდაცვის ცენტრების ექიმები დააკვირდებიან.
ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით და, შესაბამისად, მძიმე ავადმყოფთა რიცხვის მატებით.