კვადროციკლით გადაგივლით - სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ჟურნალისტებს
8 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო, სომხეთის პოლიციის ყოფილი უფროსის, ვლადიმირ გასპარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მან მუშაობაში ხელი შეუშალა რადიო თავისუფლების გადამღებ ჯგუფს, რომელიც რეპორტაჟს ამზადებდა სევანის ტბის პირას არსებულ უკანონო კერძო სახლებსა და ნაგებობებზე.
ვლადიმირ გასპარიანმა თავისი კვადროციკლი ჟურნალისტებისკენ მიმართა – მათ გადავლით, „დახვრეტით, „მოკვლით“ დაემუქრა და მოითხოვდა, არ გადაეღოთ მისი სასახლე.
სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მუხლით, „ჟურნალისტისთვის კანონიერ პროფესიულ საქმიანობაში ხელისშეშლა“, რომელსაც თან ახლავს მუქარა ან ძალადობა, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა სამიდან შვიდ წლამდე ვადით.
• აფეთქების შემდეგ ბეირუთი აჯანყდა
მედიაორგანიზაციების განცხადება
სომხეთის 10 ჟურნალისტური ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით გამოვიდა და სამართალდამცავი ორგანოებისგან მომხდარი ინციდენტის სრული სერიოზულობით გამოძიება და პოლიციის ყოფილი უფროსის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა.
განცხადებაზე ხელისმომწერი ორგანიზაციები იხსენებენ, რომ „ვლადიმირ გასპარიანი მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდშიც გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენლებისადმი მტრული დამოკიდებულებით და ზოგიერთ შემთხვევაში, სისასტიკითაც“.
კერძოდ, საუბარია 2015 წლის ზაფხულის საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მომხდარ მრავალრიცხოვან ინციდენტზე, რომელმაც „ელექტრო ერევნის“ სახელწოდება მიიღო და ასევე, 2016 წელს, დედაქალაქში, სარი ტახის რაიონში განვითარებულ მოვლენებზე. იქ, პოლიციელებმა ვლადიმირ გასპარიანის ბრძანებით, ფიზიკური ძალა გამოიყენეს 40-ზე მეტი ჟურნალისტისა და ოპერატორის წინააღმდეგ, წაართვეს და დაუმტვრიეს ფოტოაპარატები და ვიდეოკამერები.
„ეს ყველაფერი დაუსჯელი დარჩა და როგორც ჩანს, სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ დღეს, პოლიციის ყოფილი უფროსი კვლავ აგრძელებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიულ ქცევას“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამ თავდასხმის გამო“
მედიაკორპორაცია „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ პრეზიდენტმა, დეიზი სინდელარმა ამ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა:
„შეშფოთებულები ვართ ჩვენი სომხური სამსახურის ჟურნალისტებზე მომხდარი თავდასხმით, განსაკუთრებით პოლიციის ყოფილი უფროსის მხრიდან… ჟურნალისტები აშუქებდნენ თემას, რომელიც საზოგადოების მნიშვნელოვან ინტერესის საგანს წარმოადგენს, როდესაც ბატონმა გასპარიანმა ლამის გადაუარა მათ საკუთარი ავტომობილით, დაემუქრა მოკვლით და აიძულა წაეშალათ გადაღებული მასალა“.