სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქმიანობას უმრავლესობა იწონებს - სოციოლოგიური გამოკითხვა
სომხეთში, გამოკითხულთა 85% პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის საქმიანობას იწონებს – ამის შესახებ, საუბარია კომპანია MPG-ის (Marketing Professional Group) მიერ ჩატარებულ სოციოლოგიურ გამოკითხვაში. ეს, სომხეთში ერთადერთი სოციოლოგიური ორგანიზაციაა და ქვეყანაში ოფიციალურად წარმოადგენს GALLUP International-ს.
რეიტინგში ლიდერობას, პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი 2018 წლის „ხავერდოვანი რევოლუციის“ შემდეგ აგრძელებს.
ქვეყანაში პოლიტიკური მოთამაშეების რეიტინგები სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით და ექსპერტის მოსაზრება:
● მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღლუმზე ფაშინიანი არ ჩავა. უარი თქვეს სხვა ლიდერებმაც
● 1-ლი ივლისიდან პუტინი მარადიულად დარჩება რუსეთის ხელისუფლებაში
კვლევის შედეგები
„ოპოზიციის საქმიანობას იწონებს გამოკითხულთა 22.7%, ეროვნული კრების საქმიანობას – 54.7%, მთავრობის საქმიანობას – 67.9%, პრეზიდენტის საქმიანობას – 79.3%, პრემიერ-მინისტრის საქმიანობას – 85%“, – განაცხადა კომპანია MPG-ის დირექტორმა არამ ნავასარდიანმა 3 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისი თქმით, 10-დან 27 ივნისის ჩათვლით, სატელეფონო გამოკითხვა ჩატარდა. სულ 1 002 ადამიანი გამოიკითხა და კვლევის შესაძლო ცდომილება 3%-ს შეადგენს.
ამავე კომპანიამ, MPG-მ ასეთივე კვლევა 2019 წლის დეკემბერშიც ჩაატარა. მაშინ, სომხეთში ყველაზე პოპულარული ფიგურა – ისევ და ისევ ნიკოლ ფაშინიანი იყო (83.2%) და პრეზიდენტი არმენ სარგსიანი (83%).
ექსპერტის მოსაზრება
პოლიტოლოგი გრანტ მიკაელიანი მიიჩნევს, რომ ახლა რთულია მიხვედრა, როგორია სინამდვილეში საზოგადოებრივი აზრი, მხოლოდ მიღებული შედეგების მიახლოებითი სიზუსტის იმედად თუ იქნებიან:
„კომპანიის მუშაობასთან დაკავშირებით კითხვები არ არსებობს. სხვა საკითხია, რამდენად შეიძლება ვენდოთ დღევანდელ სოციოლოგიურ ველს. როგორც ყველა ქვეყანაში, ადამიანებს ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, თუკი მიაჩნიათ, რომ ეს აზრი განსხვავდება უმრავლესობის პოზიციისგან. ამ ეტაპზე ჩვენ გვესმის საკმაოდ მკაცრი მოწოდებები, მათ შორის – უმაღლესი დონიდან და ეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ გამოთქვამენ ადამიანები საკუთარ აზრს“.
გასული თვის განმავლობაში, სომხეთში, რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რომელიც მოსახლეობის ნაწილს არ მოეწონა. კერძოდ, საუბარია უძრავი ქონების გადასახადის გაზრდასა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა ივნისის ბოლოს მიიღო.
ამას გარდა, ქვეყანაში გავრცელებას აგრძელებს კორონავირუსის ინფექცია და მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ხელისუფლებას არაეფექტურობაში ადანაშაულებს.
ამ ფონზე, პრემიერის მაღალი რეიტინგი პოლიტოლოგმა იმით ახსნა, რომ „ხელისუფლება საზოგადოებასთან ინტენსიურ კომუნიკაციას აგრძელებს“:
„ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ოპოზიცია დიდ მედიასაშუალებებს აკონტროლებს. მაგრამ თუ ვისაუბრებთ მედია კონტენტზე, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს, იგი ძირითადად შედგება სხვადასხვა Youtube-არხებისგან, პრემიერ-მინისტრის პირდაპირი ჩართვებიდან და იმ არხებისგან, რომელიც ლოიალურად არის ხელისუფლებისადმი განწყობილი. საზოგადოების დიდი ნაწილი ალტერნატიული მოსაზრებებით არც ინტერესდება“.
რაც შეეხება ოპოზიციის რეიტინგს, 22.7% მიკაელიანს საკმაოდ დაბალ მაჩვენებლად მიაჩნია:
„ის, რომ ოპოზიციას გამოკითხულთა ძალიან დაბალი პროცენტი უჭერს მხარს, მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ახლა ძალიან სუსტი პარტიული სისტემა გვაქვს. ის ან კიდევ უფრო დასუსტდა ან როგორც მინიმუმ, არ ძლიერდება“.