"რას ჰქვია რაღა დროს ესაა?" - თბილისში 19 წლის ახალგაზრდა ცემით მოკლეს "შავ სამყაროსთან" დაუმორჩილებლობის გამო
გაზიარება
გაზიარება
შავი სამყარო
თბილისში ე.წ. უბნის მაყურებლებმა 19 ბიჭს სცემეს “ქურდული მოტივით”, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაკავებულია 3 ადამიანი. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, თბილისში, ცემის შედეგად კლინიკაში გარდაცვლილი ახალგაზრდის საქმეზე დაკავებულ 3 პირს ბრალი დაუმძიმდება.
აღნიშნული შემთხვევის შესახებ მოქალაქე ანა კომლაძე მანამდე სოციალურ ქსელში წერდა. შემთხვევა ერთი კვირის წინ მოხდა.
“უმძიმესი დღე დაგვიდგა. უმძიმესი კვირა გავიარეთ. ჩემი შვილების მეგობარი მოგვიკლეს ქუჩაში ავაზაკებმა. ცემით მოკლეს!!!
ჩვენ უბნის მაყურებლები ვართო უთხრეს ნაძირალებმა. ჩვენს ბიჭს უთქვამს რაღა დროს უბნის მაყურებლებიაო და ცემით მოკლეს.
ერთი კვირა ებრძოდა სიკვდილს. ერთი კვირის თავზე დაგვეღუპა ჩვენი ბიჭი ღმერთოოო… როგორ გავუძლოო როგორ.” – წერს ანა კომლაძე.
რას ამბობს შსს
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 15 ივნისს თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბრალდებულებმა 19 წლის შ.ი.-ს ხელებით და ფეხებით თავისა და სხეულის არეში მრავალჯერადი დარტყმები მიაყენეს. დაზარალებული უგონო მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად, 21 ივნისს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული 15 ივნისს დააკავეს. თავდაპირველად დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად) წარედგინათ და პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. სამივე დაკავებულს წარდგენილი ბრალდება გადაუკვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჯგუფურად, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.“
შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. ნაცემია შაკო ისაევის ძმაც.
შაკო ისაევი
გარდაცვლილის მამამ “რადიო თავისფლებას” უთხრა:
“საავიაციოზე სწავლობდა. ლექციები და პრაქტიკები ჰქონდა და რომ ამთავრებდა ხოლმე, ხვდებოდნენ კლასელები ერთმანეთს. მაგ დროს შეხვედრიათ ვიღაცები, მათ შორის, ვიღაც ასაკით დიდი კაციც და შელაპარაკება მოსვლიათ.
მერე მითხრეს, 15 კაცი სცემდაო. ქალებიც ყოფილან იქ. ძირს დაგდებულს ურტყამდნენ თავში წიხლებს გამეტებით… ექიმები გაოცებულები იყვნენ, მისი დაზიანებები რომ ნახეს, ასე როგორ გაიმეტესო. იმედი გვქონდა, რომ გადარჩებოდა.“
როგორც ზურა ისაევმა თვითმხილველებისგან იცის, ერთ-ერთს მისი შვილისთვის პირდაპირ უთქვამს, „მე აქაურობის “მაყურებელი” ვარ, ვარკეთილი ხელში მიჭირავს, რასაც მინდა იმას გაგიკეთებო“ და დაურტყამს.