შამილ ბასაევი და აფხაზი რეზიდენტის დაკავება რუსეთში
რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) დააკავა აფხაზეთის მცხოვრები, რომელსაც რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეობა აქვს. მისი დაკავების მიზეზად დასახელდა ჩეჩენი საველე მეთაურის, შამილ ბასაევის ქება, რომელიც რუსეთში ტერორისტად არის აღიარებული.
ოფიციალურ წყაროებში დაკავებულის სახელი არ სახელდება, თუმცა სოციალური ქსელების ცნობით, საუბარია Telegram-არხ «Аԥсны Аҳәынҭқарра»-ს ადმინისტრატორ ტიმურ აგრბაზე.
“აფხაზეთში ყოფნისას, ის თავის არხზე აქვეყნებდა პოსტებს, რომლებიც, რუსეთის მედიის ცნობით, მიზნად ისახავდა ტერორისტული საქმიანობის საჯარო გამართლებასა და პროპაგანდას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მეთაურების გმირად წარმოჩენით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე 1991-2006 წლებში,“ – იუწყებიან რუსული მედიასაშუალებები.
ტიმურ აგრბა ცხოვრობს რუსეთის ქალაქ სოჭში, სადაც ის დააკავეს. მის მიმართ რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2 მუხლით აღძრულია საქმე, რომელიც “ტერორისტული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებას, ტერორიზმის გამართლებას ან პროპაგანდას“ ითვალისწინებს.
აღნიშნული მუხლი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, მაქსიმუმ, შვიდ წლამდე განსაზღვრავს.
არსებული ინფორმაციით, დაკავება მარტის შუა რიცხვებში მოხდა, თუმცა ამის შესახებ რუსეთის ძალოვანებმა მხოლოდ ახლა განაცხადეს.
შამილ ბასაევის (რომელიც 2006 წელს მოკლეს) ფიგურა წლების განმავლობაში დაპირისპირების მიზეზია აფხაზეთსა და რუსეთს შორის.
რუსეთში ბასაევის მიმართ დადებითი განწყობა, რომელიც ორი მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად ითვლება, სისხლის სამართლის დანაშაულად არის მიჩნეული.
თუმცა აფხაზეთში ბასაევი ეროვნულ გმირად მიიჩნევა, რადგან 1992-93 წლების აფხაზური ომის დროს აფხაზთა მხარეს იბრძოდა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო